ავტორი:

"ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს" - რას წერს ნათელაშვილი?

"ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს" - რას წერს ნათელაშვილი?

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ გამამართლებენ განაჩენს ეხმაურება:

"ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა მთლად სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ არ მგონია რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს. იმედია ვცდები. კარგი ამ გახმაურებულ დავას საერთოდ რომ დავანებოთ თავი, უკვე მგონი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლით.

ამას სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მახინჯი ისტორიული ტრადიციებიც აქვს, როდესაც ქმარი ითვლებოდა ბატონად და პატრონად, ხოლო ცოლის დაჩაგვრა თუ ვაჟკაცობად არა, გამართლებულად მაინც იყო აღქმული.

სახელმწიფო შენდება მხოლოდ იქ, ცივილიზაცია ჰყვავის მხოლოდ იქ, სადაც ქალ-კაცთა ურთიერთობიდან გამორიცხულია ძალადობა" - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.