ავტორი:

"ძალიან რთულია, რომ ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან... ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“ - დემნა გვასალიას გულახდილი ინტერვიუ სიყვარულსა და შიშზე

"ძალიან რთულია, რომ ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან... ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“ -  დემნა გვასალიას გულახდილი ინტერვიუ სიყვარულსა და შიშზე

Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ NYT Style Magazine-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საუბრობდა საკუთარ შემოქმედებაზე, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, მისი ოჯახის სოხუმიდან გაქცევასა და იმაზეც, თუ რატომ ვერ დაბრუნდება საქართველოში...

2022 წლის წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, პარიზთან ახლოს Balenciaga-ს კოლექციის მორიგი ჩვენება გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება თავდაპირველად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პროტესტად იყო ჩაფიქრებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, დემნამ შოუში ის მდგომარეობა აღწერა, რომელშიც უკრაინის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. ის ფაქტი, რომ მოდელებმა პოდიუმზე ნამდვილი ქარიშხალი გაიარეს, ამ მოვლენების ერთგვარ მეტაფორად იქცა. გვასალიამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მომხდარმა კონფლიქტმა მას წარსულის ტრავმა გაახსენა. 1993 წელს იგივე მოხდა მის მშობლიურ ქვეყანაში და ის "სამუდამოდ ლტოლვილად იქცა“.

"ეს არის ის, რაც შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ შენ არავის სჭირდები", - ამბობს დემნა, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში აღარ იყენებს გვარს გვასალიას, რათა გამოყოს თავისი პირადი "მე" პროფესიისგან.

დედასთან ერთად

1992 წელს, როდესაც საქართველოში კონფლიქტი დაიწყო, დემნა 11 წლის იყო. ჯარების მის მშობლიურ ქალაქ სოხუმში შესვლის შემდეგ, მშობლებთან, უმცროს ძმასთან და რამდენიმე ნათესავთან ერთად, თბილისში გაქცევამ მოუწია. ჯერ მანქანით წავიდნენ თბილისისკენ, შემდეგ კი გზა ფეხით გააგრძელეს. ამ რთულ "მოგზაურობას“ სამი კვირა დასჭირდა.

ძმასთან ერთად

41 წლის დემნა იხსენებს, რომ ომამდე იყო "კეთილი ბიჭი“, რომელიც ოჯახისთვის მუსიკალურ შოუებს აწყობდა, ხატავდა. ამბობს, თუ როგორ გაიგო ერთ ღამეს მამამისის ნათქვამი, რომ თუ მათ მძევლად აიყვანდნენ, ერჩია თავი მოეკლა და შვილები დაეხოცა, ვიდრე მათი წამების უფლება მიეცა. ამის შემდეგ მამის შიში გაუჩნდა, თუმცა იცოდა, რომ ის ამას არასოდეს გააკეთებდა.

მისმა ოჯახმა თბილისში უსაფრთხოდ ჩასვლა მოახერხა და ამ დროის ყველაზე ნათელი მოგონება, დემნას თქმით, საწოლში ძილი იყო. დემნა საქართველოს მონატრებით იხსენებს - იქ დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან ღიად გეია, ახლობლები კი ჰომოფობები ჰყავს.

მისი ორიენტაცია არის ის, რაზე ლაპარაკიც დემნას არ შეუძლია ისე, რომ ხმაში სევდა არ შეეპაროს. მეზობლის მეგობართან შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა, როდესაც მათთან ოჯახის წევრი შევიდა და დემნას ბიჭის კიდევ ნახვა აუკრძალა. პირველმა მამაკაცმა, რომელიც შეუყვარდა, მას სექსკლუბები და საკრუიზო ადგილები გააცნო. "მასწავლა როგორ მყვარებოდა, მაგრამ ის არა, როგორ მყვარებოდა საკუთარი თავი. ყველაზე რთული ის არის, რომ ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან, რომ თუ დავბრუნდები.... ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“, - ამბობს დემნა.

დემნამ ასევე გაიხსენა პირველი ურთიერთობა მამაკაცთან, რომელმაც, მისი სიტყვებით, "ასწავლა როგორ უნდა უყვარდეს, მაგრამ არ ასწავლა საკუთარი თავის სიყვარული“. პირველი მამაკაცი მას 25 წლის ასაკში შეუყვარდა, თუმცა მშობლებს ორიენტაციის შესახებ 32 წლის ასაკში გაუმხილა.

"ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი მკაცრი ბიჭი, რომელსაც შეეძლო გადარჩენა იქ, სადაც ვცხოვრობდი", - თქვა დიზაინერმა.

მისი პირადი ცხოვრება საბოლოოდ დალაგდა, როდესაც 2016 წელს მომავალი მეუღლე ინტერნეტით გაიცნო. კომპოზიტორი და მუსიკოსი ლოიკ გომესსი და დემნა 2017 წელს დაქორწინდნენ. ახლა ის ციურიხის მახლობლად ცხოვრობს 30 წლის ქმართან ერთად. მათთან ცხოვრობს დემნას დედაც.

ლოიკ გომესთან ერთად

მიუხედავად წარმატებული კარიერისა, გვასალია ამბობს, რომ ხშირად აკრიტიკებენ. ერთმა ჟურნალისტმა მის საქმიანობას Vetements-ში "გატეხილი თაობის სამოსი" უწოდა, მეორემ კი თქვა, რომ მან გაყიდა Balenciaga-ს "დახეული და ჭუჭყიანი" სპორტული ფეხსაცმელი 1850 დოლარად, ფეხსაცმელი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანის ყოველთვიური ქირა". მის ნამუშევარზე ასეთმა რეაქციამ დიზაინერი ძალიან გააკვირვა.

დემნას არ უყვარს ფუფუნება.

მიუხედავად დიდებისა და წარმატებული კარიერისა, დემნა აგრძელებს კომპლექსებსთან და შინაგან პრობლემებთან ბრძოლას და ამაზე ფსიქოლოგთან საუბრობს. ის აღიარებს, რომ "სარკეში ყურების დიდი პრობლემა აქვს“, რის გამოც სახეზე შავ ნიღაბს იფარებს...