ავტორი:

"ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი? ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როცა აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ" - სარჯველაძე ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე

"ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი? ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როცა აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ" - სარჯველაძე ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე

ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნას ითხოვდნენ. რადგან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის მოხვედრას.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ომში მყოფი სახელმწიფო შესაძლოა თავს უფლებას აძლევდეს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა, მას მოლოდინი არ აქვს, რომ რომელიმე „ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“.

"იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი და ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რადან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ ვიცი, შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის ამის დასაბუთება, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი? სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, რომელსაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  • ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტატე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ნახეთ ასევე: