დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ლიდერმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ვიდრე ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდნენ, არსებობდა საომარი რეჟიმი. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის გაფორმება უკვე რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, - განაცხადა პუტინმა.
როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, პუტინის ეს გადაწყვეტილება არსებითად ბევრს ვერაფერს შეცვლის და დიდი ალბათობით, კრემლი ამით ცდილობს, ეს დამპყრობლური ომი ე.წ. სამამულო ომის ჭრილში გადაიტანოს.
"ამით, პრაქტიკულად, დიდი არაფერი შეიცვლება და ომი როგორც მიდიოდა, ისე წარიმართება. თუმცა აღსანიშნავია, რომ პუტინმა პირველად ახსენა სიტყვა - ომი. აქამდე ვიცით, რომ 24 თებერვლიდან - უკრაინაზე თავდასხმის დღიდან კრემლი აცხადებდა, რომ თითქოს ეს სამხედრო სპეცოპერაცია იყო. ამასთანავე, ცნობილია, რომ ასობით რუსეთის მოქალაქე იქნა დაკავებული, დაჯარიმებული იმისთვის, რომ მათ "ომი“ ახსენეს ქუჩაში, ბლოგებში, "ტიკტოკზე“ თუ სადაც იყო. ახლა ომს თვითონ პუტინიც ახსენებს და ლოგიკურია, რომ ეს არის სრულფასოვანი მასშტაბური ომი და არავითარი სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
ახლა, რეალურად, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები სწორედ უკრაინის ამ 4 ანექსირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქედან რუსეთს ოკუპირებული აქვს ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია, დონეცკის ნახევარზე მეტი, ზაპოროჟიეს ნაწილი და ხერსონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. როცა მათი ანექსია გამოაცხადეს, მაშინვე ნათელი იყო, რომ უკრაინა დროებით ოკუპირებული თავისი ტერიტორიებისთვის ბრძოლას გააგრძელებდა. ვნახოთ, ამით რა შეიცვლება. საომარი მდგომარეობის გამოცხადებით, მსოფლიო არა, მაგრამ რუსეთი ამბობს, რომ ომი უკვე "მის ტერიტორიაზეა“. კრემლის ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთს ებრძვიან და ის ცდილობს ეს დაპყრობითი ომი სამამულო ომად გაასაღოს. პუტინს უნდა, სამამულო ომის ჭრილში აჩვენოს, რომ რუსეთს ეომებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ თვითონ კი არაა დამპყრობელი, არამედ - იცავს. მთელმა მსოფლიომ და ყველამ იცის, რომ ეს ფეიკია და პუტინმა, რაც საქართველოში გააკეთა, იმას იმეორებს უფრო ფართო მასშტაბებში. საბედნიეროდ, კრემლს ჯერ არ მოუხდენია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირება, თუმცა გამორიცხული არაფერია. მან იგივე გააკეთა უკრაინაში, რაც მანამდე საქართველოში - ადგილობრივი ქართველები გამოყარეს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და მერე ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები და ა.შ.
ამის "გაპრავება“ არ მოხდება, ამას მსოფლიო აღარ მიიღებს, ადრე თუ ამაზე დასავლეთი თვალს ხუჭავდა ან ნაკლებ ყურადღებას აქცევდა იმას, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, დღეს ეს აღარ გამოუვა.
რუსეთი ახლა ეცდება ანექსირებულ ტერიტორიებზე ჩაასახლოს რუსეთიდან სამხედროები, ოჯახებით, ან სხვა კატეგორია, რათა ამით მოახდინოს ამ ოლქების არა მარტო ფორმალური, არამედ პრაქტიკული მიტაცება. მეფის რუსეთის ცნობილი ტაქტიკაა, სადაც შედიოდა, იქ თავის ხალხს ასახლებდა. ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კალინინგრადში (კენინგსბერგის ყოფილ ოლქში), ასე ხდებოდა ყირიმში მეფის რუსეთის დროს, ამის მცდელობები იყო იმჟამინდელი საქართველოს ტერიტორიაზე და ა.შ.
იხილეთ ასევე: