ავტორი:

ფოტოსა და ვიდეოზე დაფუძნებული სექსუალური ძალადობა, "შურისმაძიებელი პორნოგრაფია" და მისი მსხვერპლი ადამიანები - რას ჰყვება კიბერმოძალადეებზე მონადირე ქალი?

ფოტოსა და ვიდეოზე დაფუძნებული სექსუალური ძალადობა, "შურისმაძიებელი პორნოგრაფია" და მისი მსხვერპლი ადამიანები -  რას ჰყვება კიბერმოძალადეებზე მონადირე ქალი?

25 წლის მია ლანდსემი დღის განმავლობაში ინტერნეტუსაფრთხოების ექსპერტად მუშაობს, ღამით კი თავისივე ბინიდან ეძებს და არეპორტებს ისეთ ჯგუფებს და საიტებს, სადაც გოგონების დაუკითხავად ხდება მათი ინტიმური ფოტოების განთავსება.

"ვცდილობ, ყველაზე ცუდებზე გავამახვილო ყურადღება. დღეში რამდენიმე ასეთი ჯგუფის გაუქმებას ვახერხებ, მაგრამ მალევე, 20 კიდევ ასეთი ჩნდება სოციალურ ქსელებში".

ციფრულ გამოსახულებაზე დაფუძნებული სექსუალური ძალადობა მზარდი გლობალური პრობლემაა და მისი რამდენიმე სახეობა არსებობს: მათ შორისაა "შურისმაძიებელი პორნოგრაფია", Upskirting და სხვა. კვლევის მიხედვით, ინტიმური ფოტოების გამავრცელებელი ადამიანების დიდი ნაწილი, სკოლის მოსწავლეებისგან შედგება. ექსეტერის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევის თანახმად, ოთხი მსხვერპლიდან თითქმის 3 - ქალია. ლანდსემის სიტყვებით, ასეთი ადამიანების დაჭერა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.

18 წლის ასაკში, მია ლანდსემი ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ბარში იმყოფებოდა, როცა შენიშნა ბიჭების ჯგუფი, რომლებიც მას უყურებდნენ და იცინოდნენ. როცა მან ჰკითხა, რა იყო სასაცილო, უპასუხეს, - შენ ის პორნო ვარსკვლავი არ ხარო? გოგონა ვერ მიხვდა რას გულისხმობდნენ, ვიდრე ფოტო არ აჩვენეს. მასში ლანდსემი და მისი ყოფილი შეყვარებული ბიჭი იყვნენ სექსის დროს გადაღებული. ის მაშინ 16 წლის იყო.

"მახსოვს, ბარის საპირფარეშოში გავიქეცი და ვტიროდი", - ყვება ლანდსემი.

მია ლანდსემი მის ბინაში

ადამიანი, რომელმაც ლანდსემის ფოტო გაავრცელა, იმჟამად მისი საუკეთესო მეგობარი იყო. გოგონები ნაჩხუბრები იყვნენ და როგორც ჩანს, მეგობარზე შურის საძიებლად გამოაქვეყნა ფოტო.

"შურის საძიებელი პორნოს" ერთ-ერთი სახეობაა, ე.წ. Upskirting, რომელიც გოგონების კაბის ქვეშ ჩუმად, მათ დაუკითხავად ფოტოს გადაღებას გულისხმობს.

"ეს ბევრისთვის უკვე ჰობი გახდა. ამას ხშირად სხვა მამაკაცებისგან კომპლიმენტების მისაღებად აკეთებენ. მამაკაცები ასეთი სარისკო ფოტოების გადაღებისთვის ერთმანეთს აქებენ. ქალი თითქმის არამატერიალური გახდა. ის მხოლოდ ვალუტაა მათთვის", - ამბობს სოციოლოგი რუთ ლუისი. გაერთიანებული სამეფოს Revenge porn Helpline-ის მენეჯერმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს, ინტიმური ფოტოების დაუკითხავად გავრცელების შემთხვევები რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა.

telegram-ის ერთ-ერთ ნორვეგიულ ჯგუფში, რომელსაც დაახლოებით 900 წევრი ჰყავს, ინტიმურ ფოტოებს ერთმანეთს უზიარებენ, ბევრი წერს ფოტოებზე გამოსახული ქალების სახელსა და გვარებს, საიდან არიან ისინი ან რომელ სკოლაში დადიან. "თუ ვინმეს ფოტოების გაცვლა სურს, მომწეროს", - წერს ერთ-ერთი მათგანი. ჯგუფის წვერების ნაწილი თვითონაც სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა.

კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა 14 წლის ბელგიელ გოგონას, მაელ კიაროლინის შეემთხვა. გოგონას, ინტერნეტში მისი და მისი ყოფილი შეყვარებულის ვიდეო გაუვრცელეს. ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და მაელის სკოლის ონლაინჯგუფებშიც გავრცელდა. გოგონას დედას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა.

"საშინლად იყო, მას სკოლაში წასვლა აღარ სურდა და მუცლის ტკივილები აწუხებდა", - ყვება მაელის დედა, ზარა კიაროლინი. ერთ დროს მხიარული გოგონა, ტელეფონს მალავდა და მუდმივ სტრესში იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, 2020 წლის იანვარში, მან თავი მოიკლა.

"მაელმა სიკვდილი გადაწყვიტა, რადგან ვერ ხედავდა გამოსავალს, არ იცოდა ვისთან ესაუბრა ამ თემაზე", - ამბობს ზარა კიაროლინი.

მაელ კიაროლინი

მისი გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მაელის დედა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კიბერბულინგის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად მუშაობს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ დამნაშავეს რცხვენოდეს და არა მსხვერპლს", - ამბობს ის.

სურათზე დაფუძნებული სექსუალური ძალადობის დევნა, მათი სწრაფი გავრცელების გამო, რთულია. კრიპოსის შტაბ ბინაში, პოლიციელებს, რომელიც ბავშვთა სექსუალურ ძალადობაში სპეციალიზებულ ნორვეგიის ეროვნულ ერთეულს წარმოადგენენ, ყოველწლიურად ათასობით ინტიმური სურათი ხვდებათ. მია ლანდსემის მსგავსად, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ხშირად აფრთხილებს პოლიცია, რომ მათმა ქმედებებმა, შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეუშალოს. თუმცა ლინდა ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, უმოქმედოდ ყოფნა არ შეუძლია:

"უმოქმედობა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვიღაცას კლავენ, მე კი უბრალოდ გვერდიდან ვუყურებ".

მია ლანდსემმა თქვა, რომ ის მსხვერპლს დახმარების სანაცვლოდ თანხას არასდროს სთხოვს, იქნება ეს 12 წლის ბავშვი, თუ ცნობილი ადამიანი:

"არავის უნდა უწევდეს ამაში ფულის გადახდა", - ამბობს ლანდსემი. საღამოს უმეტეს ნაწილს ის სასოწარკვეთილი ადამიანების წერილებზე პასუხის გასაცემად ატარებს.

მიას ყალბი ანგარიშებიც აქვს, რომლებითაც ჯგუფებში წევრიანდება, რათა მტკიცებულებები შეაგროვოს და შემდეგ პოლიციას გადასცეს. ლანდსემის დეტექტიურმა უნარებმა ნორვეგიის ციფრულ მასალაზე დაფუძნებული დანაშაულისადმი მიდგომა შეცვალა:

2021 წლის ზაფხულში, ნორვეგიამ ინტიმური ფოტოების გავრცელება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახადა. სასჯელი ორ წლამდე იზრდება, თუ ძალადობა "სისტემატიური ან ორგანიზებულია".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა