საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერიასთან იმყოფებიან. ისინი ელოდებიან პასუხს, მისცემენ თუ არა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მათ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა და კითხვების დასმა სურთ.
როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ კითხვების რაოდენობა და დაუცველობის განცდა გაიზარდა.
"საკრებულოს წევრები მოვედით თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძისთვის კითხვების დასასმელად (როგორც ამას კანონი ითვალისწინებს). დაგვახვედრეს დაცვა და პოლიცია. ჯერ ველოდებით რას იტყვიან..." - წერს საბა ბუაძე.
ამ ეტაპზე უცნობია, შეუშვებენ თუ არა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიის შენობაში და მისცემენ თუ არა მათ მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებას.