ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისმა ადვოკატმა, მამუკა ბლიაძემ მოინახულა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფურცხვანიძე აღნიშნულ საქმეში თავის ბრალეულობას ვერ ხედავს და გაოგნებულია, რადგან „მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნოდა“.
"შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ლაშა ფურცხვანიძეს, იგი დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი. ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმომცემია, მას გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა მამუკა ბლიაძემ.
ამასთან, „გრინსერვის +“-ის თანამშრომლი დევი კახოიძე და საქმის მწარმოებელი ბექა მირღვლიანი ადვოკატმა ლევან კაჭარავამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"მოვინახულე დევი კოხოიძე და ბექა მურღვლიანი, ორივე მათგანი თავს არ ცნობენ დამნაშავედ, არ მიიჩნევენ, რომ ჩაიდინეს რაიმე სახის დანაშაული. მზადყოფნას აცხადებენ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ ხელთ არსებული ინფორმაცია“, - აღნიშნა ლევან კაჭარავამ.