ავტორი:

"ფოტოები ლაზარემ თავად დადო... ვუთხარი, იცოდე, ამას შეიძლება ცუდი კომენტარები მოჰყვეს-თქო" - რას ამბობს კალაძისა და ლაზარეს შეხვედრის ინიციატორი, კოტე ზარნაძე?

"ფოტოები ლაზარემ თავად დადო... ვუთხარი, იცოდე, ამას შეიძლება ცუდი კომენტარები მოჰყვეს-თქო" - რას ამბობს კალაძისა და ლაზარეს შეხვედრის ინიციატორი, კოტე ზარნაძე?

დღეს გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი ბავშვი, ლაზარე ლობჟანიძე და თბილისის მერი არიან გადაღებული. კადრები თავად მოზარდმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ფოტოებიდან გაირკვა, რომ მასთან მერი საჩუქრით მივიდა - კალაძემ ლაზარე ლობჟანიძეს ბურთი და ნაკრების მაისური აჩუქა.

გავრცელებული ფოტოების შემდეგ თბილისის მერი მწვავედ გააკრიტიკეს. როგორც გაირკვა ლაზარეს და კალაძის შეხვედრის ორგანიზატორი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იყო. ის ლაზარე ლობჟანიძის მამის მეგობარია.

კონსტანტინე ზარნაძე:

- კახის აქამდეც ჰქონდა ლაზარესთან ურთიერთობა (ძველი ფოტოებიც არსებობს), ერთმანეთისთვის უცხონი არ იყვნენ. მათი შეხვედრის ინიციატივა კი მე მეკუთვნის. კახიმ მითხრა, უხერხული ხომ არ არის მისვლაო, მაგრამ რადგან ბავშვს უნდოდა ძალიან მასთან შეხვედრა, კახის ვუთხარი, ლაზარეს ძალიან გაახარებ-თქო.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიხაროს, ვიდრე ის, ვინ რა კომენტარს დაწერს. კახიმ მკითხა, რა ავუტანოო, ვუთხარი, ვკითხავ, რა გაუხარდება და გეტყვი-თქო. ბავშვმა მითხრა, ყველაზე მეტად მაისური და ბურთი გამიხარდებაო (კახიმ ადრეც აჩუქა მისი ხელმოწერით ბურთი), ეს იყო და ეს. ფოტოებს რაც შეეხება, თვითონ ბავშვმა დადო მის "ფეისბუკ" გვერდზე.

ვუთხარი, ლაზარე, იცოდე, რომ ამას შეიძლება ცუდი კომენტარები მოჰყვეს და ამისთვის მზად თუ ხარ-თქო. მიპასუხა, მინდა დადება და არ მაინტერესებს, ვინ რას დაწერსო, თვითონ გადაწყვიტა ასე. ლაზარეს მამა გიორგი იგივე ჩემი ძმაა, ჩვენ არა მარტო ვმეგობრობთ, ლამის ერთად ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები ერთად იზრდებიან. გიორგი ლობჟანიძე ჩემი ბიუროს თანამშრომელიცაა.

ლაზარე კი, ჩათვალეთ, იგივე ჩემი შვილია. ბავშვმა რადგან მთხოვა, თხოვნა შევუსრულე. კახი როცა ჩემთან მოდიოდა, ლაზარე სულ ერთობლივი ფოტოს გადაღებას სთხოვდა. ვიცოდი, ძალიან გაუხარდებოდა და საერთოდ არ მაინტერესებდა, ამ ფაქტს ვინ რა ინტერპრეტაციას მისცემდა. ამხელა სტრესის შემდეგ, მთავარია, ბავშვმა გაიხარა. ვიცოდი, ეს ფაქტი კახისთვის არც ისეთი მომგებიანი იქნებოდა (პიარული თვალსაზრისით), ერთი ამბავი ატყდებოდა, და რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება, მით უკეთესია.

მისი მხრიდან ვინმემ თავის გასაპრავებლად რომ აღიქვას ასეთი შეხვედრები, ეს ლოგიკურია. კახი სულ ამბობდა, მთავარია, გადარჩენილი ბავშვები იყვნენ კარგადო. სამი ღამე არ მეძინა, საავადმყოფოში ვიყავი და კახი მუდმივად მირეკავდა, სულ იმას მეხვეწებოდა, ბავშვს არ მოშორდე და თუ რამე დასჭირდა, ეგრევე დამირეკეო, მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია. სალაპარაკოც არაა, რა დღეშია და როგორ ნერვიულობს ადამიანი... თუ დასჭირდებოდა, ბავშვის უცხოეთში წაყვანაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არ დასჭირდა. მეუბნებოდა, ბავშვს თუ რამე დასჭირდა, არაფერზე დაიხიო უკან, იცოდე, რომ ყველაფერზე თანახმა ვარო. შეხვედრას რაც შეეხება, ეს ბავშვის სურვილი იყო, გუშინ უნდა მოსულიყო კახი, მაგრამ ვერ მოახერხა და შეხვედრა დღეს შედგა.

ნახეთ ასევე: