რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ცეცხლში გახვეული მრავალსართულიანი შენობა. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ცდილობდნენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ.
საინფორმაციო სააგენტო "რიას“ ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. "რიას“ ინფორმაციით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. სააგენტო "ტასის“ ცნობით კი, კატასტროფა ძრავის გამო მოხდა.
კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო :ინტერფაქსი“ ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ხუთი სართული ცეცხლში იყო გახვეული, ზედა სართულები კი ჩამოინგრა, დაზიანდა დაახლოებით 45 ბინა.