ავტორი:

"ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ნამდვილად არ მაინტერესებს" - ლაშა ფურცხვანიძე

"ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ნამდვილად არ მაინტერესებს" - ლაშა ფურცხვანიძე

"გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის განცხადებით, ვაკის პარკში განთავსებულ შადრევანში ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო როგორც დაინსტალირების დროს, ისე შემდეგაც.

როგორც ფურცხვანიძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე „ერთიანი გამანაწილებელი სისტემა იყო“.

კითხვაზე, რას უკავშირდება მომხდარი, ფურცხვანიძე ასე პასუხობს: „ვერ გეტყვით“. მისივე თქმით, გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, კიდევ დაიბარებენ.

„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ ვიდეო: