"დილიდან ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, ირანული "შაჰიდებით", დამიზნებით ესვრიან ადამიანებს, ენერგოსისტემებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს... ტერორიზმი სხვა რამეა კიდევ? დღევანდელ დაბომბვას მსხვერპლიც გამოჰყვა, მაშველებმა დაბომბილი შენობის ნანგრევებში ქალის ცხედარი ნახეს, არავინ იცის, რა ხდება სარდაფებში, კიდევ რამდენიმეს ეძებენ" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში უკრაინელი, 34 წლის ნარგიზი, რომლის თქმითაც, დილის 9 საათიდან კიევში განგაშის სიგნალი ჩაირთო და თავშესაფრებიდან სულ რამდენიმე ხნის წინ ამოვიდნენ, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად, თუმცა, ხელისუფლება მოუწოდებს, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით კიევში 4 აფეთქება მოხდა. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების "ცენტრის" სარდლობის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევზე ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეტევა სამხრეთიდან მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა სარაკეტო-საზენიტო ქვედანაყოფებმა და ავიაციამ 9 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ კი, სულ ცოტა, 2 "კამიკაძე-დრონი" ჩამოაგდო.
"ამას წინათ, ვიღაც რუსი წერდა, - ჩვენ უფრო გვეტყობა, რომ საომარ პირობებში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით, ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ვიდრე უკრაინელებს, გადახედეთ ვიდეოებს, რა შემართებით არიან, აშენებენ, ერთობიან, ცხოვრობენ, წინა ღამეს დაბომბილი, მეორე დღეს გაკეთებული და აღდგენილია, ჩვენთან კი, მიმდინარე კი არა, მომდევნო წლის ბიუჯეტიც უკვე განაწილებული აქვთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებსო...
მე ეს ერთი პოსტი შემხვდა, მაგრამ ალბათ სხვებიც აპროტესტებდნენ და რუსეთის ხელისუფლებას ხომ კარგად აქვს აპრობირებული ყურადღების გადატანის მეთოდი, თან იციან, რომ არმია უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველაზე ადვილი გზა იპოვეს - მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში. ომის დროს კი არა, მანამდეც - რუსეთი ვერ იტანდა განვითარებულ სახელმწიფოებს, ისევე, როგორც რუსების უმეტესობა ვერ იტანს პროგრესს", - ამბობს ჩვენთან საუბარში კიევის მკვიდრი.
მისი თქმით, სამსახურში წასვლას აპირებდა, რა დროსაც საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო და სარდაფში მოუწია ჩასვლა. მეუღლე სამედიცინო პერსონალია და ცვლაში იყო, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რაც თავშესაფარში ყოფნისას ყველაზე მძიმე მომენტია...
"ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ემოციის გამოხატვის მეშინოდა, რადგან ვიცოდი, უმეტესობა ჩემს დღეში იქნებოდა, ზოგს მეუღლის ამბების გაგება უნდოდა, ზოგს შვილის, დედ-მამის, ოჯახის სხვა წევრების... მხოლოდ ვლოცულობდი, ჩემთვის გულში, ოღონდ ცოცხალი დამხვდეს-მეთქი. დამხვდა... შენობებს ეშველება, სხვა დანარჩენსაც, მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეა აუნაზღაურებელი. ეს იცის მტერმა, ამიტომ გვებრძვის ასეთი სასტიკი მეთოდებით, მაგრამ ვუძლებთ. პანიკა არ გვაქვს. ვიღაცები მიდიან, მაგრამ ბევრი ბრუნდება. ურჩხულთან ბრძოლა ასეა, ცეცხლს ისვრის, რომ ყველაფერი გადაწვას, თუნდაც თავის გარშემო, ოღონდ პროგრესი არ იყოს...
რადგან ფრონტის ხაზზე ვერაფერს აკეთებენ, დრონები დაგვიშინეს, ირანის დახმარებით. ტერორისტი ხომ ყოველთვის ტერორისტს უმართავს ხელს. იმედია, ამ ომის დასრულებას მოძალადე რეჟიმების ლიდერებიც გადაჰყვებიან", - ამბობს უკრაინელი.
ნახეთ ასევე: