ავტორი:

ოკუპანტების სარაკეტო დარტყმები, უკრაინელთა გადაჯგუფება ხერსონში და იერიშები ბელგოროდის რაიონში, რუსულ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

ოკუპანტების სარაკეტო დარტყმები, უკრაინელთა გადაჯგუფება ხერსონში და იერიშები ბელგოროდის რაიონში, რუსულ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

კვირას, დილიდან მოყოლებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაში იყო გამოცხადებული. მხოლოდ ერთ დღეში სუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანა 30-მდე დასახლებულ პუნქტზე. უკრაინის საჰაერო ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 60-მდე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 30 ირანული დრონი ჩამოაგდო.

ამის საპასუხოდ უკრაინის არმიამ რუსეთის, სულ ცოტა, 24 პოზიციაზე მიიტანა შეტევა.

კიევში დღეს დილითაც აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა.

"ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!" - მოუწოდა კლიჩკომ მოქალაქეებს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს "კამიკაძე- დრონებით“ დაესხნენ.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით, სარაკეტო იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ადამიანები დაშავდნენ.

"რომენსკის რაიონი. სარაკეტო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არიან დაშავებულები. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - წერს ჟივიცკი "ტელეგრამზე“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, თუმცა ერთი რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გათენებამდე, "აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი - კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი - ნიკოპოლის რაიონის თავზე“, - წერს რეზნიჩენკო.

მისივე ცნობით, რუსები მთელი ღამის განმავლობაში ესხმოდნენ ოლქს თავს. მათ ნიკოპოლის რაიონი "გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი - ისინი სწორედ იქ არიან დაქირავებულთა შორის. ესენი არიან მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ფრონტზე არა მარტო ფულით, არამედ ამნისტიის დაპირებითაც რჩებიან”, - აღნიშნა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

"ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ კიდევ მოკლავენ. მსოფლიოში ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი, უნდა გამოცხადდეს თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ? არა მგონია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა უკრაინელების იერიშები რუსეთში, ბელგოროდის რაიონში მდებარე რუსულ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე. დაიბომბა აეროპორტის მიმდებარედ განთავსებული სამხედრო ნაწილი, ისევე, როგორც საკომუნიკაციო ცენტრი. მუშაობდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც. სავარაუდოდ, უკრაინელები რუსულ რადარებს ბომბავდნენ.

"უკრაინელები გადაჯგუფებას ახდენენ ხერსონში. ამასობაში მათ ავიაციას რუსულ ფრონტალურ პოზიციებზე მიაქვს იერიშები. რუსების სამხედრო პოტენციალი დიდია, მაგრამ იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით ცდილობენ ცოცხალი ძალის თავმოყრას და იქიდან შეტევის წამოწყებას, ამით მათი საბოლოო შესაძლებლობა ძალიან ქვეითდება. ამასთანავე, ინფორმაცია კოლაბორაციონისტების დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთით გაყვანის შესახებ კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს რუსულ სამხედრო მორალს. სავარაუდოა, რომ უკრაინელებიც ჩქარობენ ხერსონში მოქმედებას. გარდა იმისა, რომ ტალახი გადაადგილებას გაართულებს, უკრაინელებისათვის მდინარე დნეპრამდე მისვლა ნიშნავს გამოთავისუფლებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სხვა მიმართულებით გადასროლის შესაძლებლობასაც. თუმცა, რუსებს ისედაც ყოველდღიურად უჭირთ ხერსონში. მათი არმიისა და ქალაქის მომარაგება რთული ამოცანაა, მით უფრო ცუდი ამინდების და ტემპერატურის ვარდნის ფონზე.როგორც გუშინ კიდევ ერთხელ აღვნიშნე, უკრაინელები მაქსიმალურად, თითქმის სრულად ფარავენ თავიანთ სამხედრო ინფორმაციას ხერსონის რაიონში, ასე რომ, სანამ ხელშესახები და ცხადი მოვლენები არ იქნება, მანამ დაზუსტებით საუბარი თუ რეალურად სად რა ხდება - თითქმის შეუძლებელია", - წერს საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი გიორგი კობერიძე უკრაინაში მიმდინარე პროცესების ყოველდღიურ მიმოხილვაში.