ავტორი:

"ამერიკაში წლების წინ გაშვილებული მამაკაცი დედას შევახვედრეთ" - ჩვილების მოპარვისა და გაშვილების დაუჯერებელი ისტორიები

"ამერიკაში წლების წინ გაშვილებული მამაკაცი დედას შევახვედრეთ" - ჩვილების მოპარვისა და გაშვილების დაუჯერებელი ისტორიები
  • ფოტოკოლაჟი: ჭიათურიდან მოპარული შვილისა და დედის შეხვედრა 40 წლის შემდეგ და თამუნა მუსერიძე

ძნელია დაიჯერო, რომ ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა: ახალშობილებს სამშობიარო სახლებიდან იპარავდნენ და აშვილებდნენ, მათი დედები კი ვერ ხვდებოდნენ, რამხელა ტყუილის მსხვერპლად იქცნენ! ამ დანაშაულზე საუბარი პირველად ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ დაიწყო... მან გადაწყვიტა გაშვილებულების მოძებნა და ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირება. სწორედ ამ მიზნით დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეძებ" და როგორც ამბობს, უკვე 500-მდე ოჯახს აჩუქა დაკარგული შვილის პოვნის მოულოდნელი სიხარული.

- ეს ჩემთვის მხოლოდ საქმე არ არის - ჩემი ცხოვრების ნაწილია, რადგან მე თვითონაც ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს. საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც ამ სიტუაციაში მყოფ ადამიანს დააკვალიანებს და აუხსნის, სად მივიდეს და რა საბუთი გამოითხოვოს. ასეთი უწყება რომც არსებობდეს, გაშვილებული ბავშვების საბუთების უმეტესობა გაყალბებულია. ჩვენი ორგანიზაცია იმისთვის შევქმენით, რომ დაკარგულ ადამიანებს დავხმარებოდით. ეს იყო ჩემი ერთადერთი მიზანი, რასაც სრულიად მოულოდნელი შედეგი მოჰყვა: ასეულობით ადამიანი გვირეკავდა და თანადგომას გვთხოვდა. ასე, თანდათანობით, გაიხსნა დანაშაულებრივი სქემა და ისეთი საქმეები ამოტივტივდა, რომელთაც "საუკუნის დანაშაული" უწოდეს. როდესაც ქალი იმშობიარებდა, მეორე-მესამე დღეს ეუბნებოდნენ, რომ პატარა გარდაიცვალა, ცხედარს არ ატანდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჩვილს სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ. არადა საქართველოში არასდროს, არც ერთ სამშობიაროს არ ჰქონია ბავშვთა სასაფლაო და არც ხელშეკრულება სარიტუალო ფირმებთან. დოკუმენტებში არსად ჩანს ქალის მშობიარობა და ბავშვის დაბადება, არ ჩანს ახალშობილის გარდაცვალების ზუსტი თარიღი. სამშობიარო სახლები ერთმანეთთან იყვნენ შეკრული და მოპარული ჩვილები ერთი ქალაქიდან და რეგიონიდან მეორეში გადაჰყავდათ. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ოჯახებისთვის კვალი აერიათ. ამგვარი ფაქტები ხდებოდა 1950-60-იან წლებში და გაგრძელდა 1990-იანი წლებიდან 2005-2006 წლებამდე, სანამ საქმეში სამართალდამცველი ორგანოები ჩაერეოდნენ. ერთ "შვილმკვდარ" დედას ლაგოდეხის სამშობიაროდან სასახლე გამოატანეს, ოჯახს ეგონა, გარდაცვლილი ჩვილი დაკრძალა. გავიდა ხანი, საფლავი გახსნეს და ბავშვის კუბო ცარიელი დახვდათ!

მახსენდება დაღესტნელი ტყვე ქალის ამბავი, რომელიც 10 წლის განმავლობაში გამომწყვდეული ჰყავდათ. მას სხვადასხვა მამაკაცი აუპატიურებდა, ბავშვებს აჩენინებდნენ და მერე ჩვილებს ყიდდნენ. გამოძიებაში თითქმის ყველა უწყება იყო ჩართული და დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. ამდენი დამცირებისა და ძალადობის შედეგად საბრალო ქალი დაინვალიდდა. ჩემთვის სასიხარულო იყო, როცა მისი ერთი შვილი ვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ცდილობს დედასთან სიახლოვეს. ასეც ხდება.

- ბევრი დაკარგული შვილი შეახვედრეთ დედებს?

- ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ორგანიზაცია და ვებგვერდი არსებობს, ერთმანეთს ათასამდე ადამიანი შევახვედრეთ. 500-მდე ოჯახი გავაერთიანეთ. უმეტესობა სამშობიაროში მკვდრად აღრიცხული ჩვილები არიან, რომლებიც მოგვიანებით ცოცხლები და ჯანმრთელები აღმოჩნდნენ.

ერთი გოგონას ამბავი მახსენდება, რომელიც ქუთაისში დაიბადა და იქიდან სიღნაღის სამშობიაროში გადაიყვანეს. დედას უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და სიღნაღის სამშობიაროდან სამეგრელოში გააშვილეს! გოგონა ვიპოვეთ და გენეტიკური ანალიზის შედეგად მისი ბიოლოგიური დედაც მოვძებნეთ და დედა-შვილი ერთმანეთს შევახვედრეთ.

ერთი ვითომ გარდაცვლილი პატარა კი ჭიათურის სამშობიაროდან თბილისში წამოიყვანეს და აქ გააშვილეს. ამ საქმეში თბილისის მეხუთე სამშობიაროს ერთი თანამშრომელიც იყო ჩართული, ბავშვი სწორედ მისი სახლიდან წაიყვანეს. იგივე ბედი ეწია გორის სამშობიაროში დაბადებულ გოგონას: ოჯახს უთხრეს, რომ ჩვილი დაიღუპა, თბილისში წამოიყვანეს და გააშვილეს. მათი დედაშვილობა გენეტიკურმა ანალიზმაც დაადასტურა.

- ვინც ამ დაუჯერებელ საქმეში იყო ჩართული, ყველა დუმდა?

- ახლაც არ აღიარებენ, რომ წლების წინ დანაშაული ჩაიდინეს, - ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვები "უკეთეს" ოჯახებში მოახვედრეს, ოღონდ არ იფიქროთ, რომ შვილებს მარტო დაბალი ფენის წარმომადგენლებს ჰპარავდნენ - ამ სქემის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გამხდარიყო! უფრო მეტიც, თანამშრომლები ერთმანეთსაც ჰპარავდნენ უმწეო ჩვილებს. ერთ სანიტარს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, ჩემს დეიდაშვილს მოჰპარეს ბავშვი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, რადგან ამ სქემაში მეც ვიყავი ჩართულიო. 1981 წელს თბილისის პირველი სამშობიაროდან მოპარული ბავშვი ვიპოვეთ: გაირკვა, რომ მისი დედა ნათლიამ ამშობიარა და მანვე გააშვილა.

- ბავშვები უცხოეთშიც გაჰყავდათ?

- რასაკვირველია... ერთი შემთხვევა ჩვენმა ორგანიზაციამაც გამოავლინა: ამერიკაში წლების წინ გაშვილებული მამაკაცი დედას შევახვედრეთ. 2006 წელს მთელი ჯგუფი დაიჭირეს - ბავშვებს ამერიკაში აშვილებდნენ. ერთმა მათგანმა ერთ წელიწადში 4 ბავშვი გააშვილა, საბუთებში ოთხივე ბავშვზე ეწერა, რომ ისინი მისი შვილები იყვნენ. სინამდვილეში, ის არც ერთი ბავშვის დედა არ ყოფილა. გაშვილებული ადამიანები ახლაც გვიკავშირდებიან. მეკითხებით, რატომ არ შეიძლება ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები დაისაჯონო? - ამის მიზეზი ხშირად ფაქტების სიმწირე და საქმეების ხანდაზმულობაა. ხშირად დედები, რომლებმაც ეს ბავშვები გააჩინეს, მშობიარეთა სიაში არ იძებნებიან. ყველა სამშობიაროს აქვს ე. წ. "სიმართლის წიგნი", რომელშიც ბევრი სიცრუეა. ჩვენ ხელთ გვაქვს ძალიან ბევრი დადასტურებული ფაქტი, როდესაც დედებმა "სიმართლის წიგნი" გამოითხოვეს და იქ ან ნაადრევი მშობიარობა ეწერა, ან აბორტი, ან სხვა, ყალბი მონაცემები. ასე რომ, "სიმართლის წიგნი" ყოველთვის სანდო არ არის!

- თუ აპირებთ ამ ურთულესი საქმის გაგრძელებას?

- აუცილებლად! ჩემს გადაცემასაც გავაგრძელებ, როგორც კი დაფინანსება გამოგვიჩნდება, მით უმეტეს, რომ მეც ვცდილობ ბიოლოგიური დედის პოვნას. კარგად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდი ტკივილია, ამიტომაც ვცდილობ სხვებს მაინც დავეხმარო.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე