სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა ვაკის პარკის მთავარი მებაღის, დევი მეზურნიშვილის მიმართ გამოჩენილი ქველმოქმედების აქტი - გამოქვეყნდა მისი საბანკო ანგარიში, რომელზეც მოქალაქეები თანხებს სურვილისამებრ და მადლიერების ნიშნად რიცხავდნენ.
რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა "ლაივი", სადაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ წაეხალისებინათ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას გამოჩენილი გმირობა და მებაღე, რომელმაც ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა. ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში ზოგიერთი უტაქტოდაც გამოეხმაურა.
როგორც დევი მეზურნიშვილი AMBEBI.GE-ს ეუბნება, საქმის კურსში არ იყო და მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს წამოწყება.
"მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ არ იყო საჭირო... მთელი ცხოვრება თვითონ ქველმოქმედებას ვეწევი, რითაც შემიძლია და ალბათ ამ თანხასაც გაჭირვებულ ადამიანებს გადავცემ" - ამბობს დევი მეზურნიშვილი.
"არ ვიყავი საქმის კურსში, არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიკვირდა, ჩემს ანგარიშზე თანდათან თანხები რომ ირიცხებოდა. ვერ გავიგე, ანგარიში საიდან იცოდნენ, ვინ და როგორ გაავრცელა... მერე „ტვ პირველიდან“ დამიკავშირდნენ და მითხრეს, ეს ჩვენ გავაკეთეთ, ხალხის მხარდაჭერით, თქვენს მიმართ მადლიერება რომ გამოეხატათო. ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო. ნეტა, ის გოგონა გადარჩენილიყო, ამით უფრო ვიამაყებდი და ეს იქნებოდა ჩემთვის საჩუქარი-თქო. არა, არაფერია, არ იუხერხულოთ, ოჯახს მოახმარეთ, ჩვენი ინიციატივით მოხდა ასეო. დიდი მადლობა ყველას, მაგრამ არ იყო საჭირო...
თვითონ, მთელი ცხოვრება, საქველმოქმედო ფონდში იქეთ ვრიცხავდი, რაც შემეძლო. ამ თანხით კიდევ უამრავ გაჭირვებულს დავეხმარები. უღრმესი მადლობა ყველას, უბრალოდ, არ იყო საჭირო, ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია, არავინ ჩათვალოს, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, ან საქმის კურსში ვიყავი. წლების მანძილზე ქირით ვცხოვრობ ერთ პატარა მოჭყუნულ ოთახში და ხელფასის ნახევარს ქირაში ვიხდიდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ასე მოკრძალებულად ვცხოვრობ, არასდროს არავისთვის არაფერი შემიჩივლია და მითხოვია, რასაც ვშრომობდი, ცოტა იყო თუ - ბევრი, იმით ვკმაყოფილდებოდი. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ ყველას“.
ნახეთ ასევე:
Gmertma xeli mogimartot kovel gachirvebashi da tkveni ojaxic da mteli sakartveloc iamakebs tkveni adamianobit
სირცხვილია ხალხო ამდენი განკითხვა. ,,საიდან" ვინ ,,როგორ" ,,რატომ" რა უბედურებაა თქვენ რას იზამდით ამ დროს იქ რომ ყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ თქვენს ოჯახს თქვენს თავს არ მოაკლებდით, იფიქრებდით დენმა რომ დამარტყას ცოლ- შვილს ვინ მიმიხედავსო, ამ ხვთისმოსავმა ადამიანმა მოყვასისთვის თავი გასწირა, არ გესმით ეს რას ნიშნავს და ცოდვაში იგდებთ თავს.თუ შეგიძლია დრო იხელთა გააკეთე სიკეთე, დაუფასე ადამიანს თავგანწირვა, არა და გაჩუმდი. სირცხვილია უბრალოდ ეს უკვე დაყვეფტებული დახმარებაა. გრცხვენოდეთ ქართველებო, გრცხვენოდეთ!