CNN-ის ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ილონ მასკის SpaceX-მა პენტაგონს გაუგზავნა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს Starlink-ის სერვისის დაფინანსებას.
წერილში მასკი პენტაგონს სთხოვს, თავის თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების დაფინანსება, რომელიც SpaceX-ის მტკიცებით, წლის დარჩენილ პერიოდში 120 მილიონ დოლარზე მეტი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კი - შეიძლება 400 მილიონ დოლარამდე დაჯდება.
"ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინას დამატებითი სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები ვაჩუქოთ, ან დავაფინანსოთ არსებული ტერმინალები განუსაზღვრელი ვადით“, - წერს SpaceX-ის სამთავრობო გაყიდვების დირექტორი წერილში.
CNN-ის ინფორმაციით, SpaceX-ის პენტაგონში გაგზავნილ დოკუმენტებს შორის არის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც მასკს Starlink-ის 8000 ტერმინალის დამატებით მიწოდების შესახებ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ გაუგზავნა. კონსულტანტის მიერ პენტაგონისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია, რომ კომპანია რთულ მდგომარეობაშია და არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ გენერალი ზალუჟნის თხოვნა დამატებითი ტერმინალის ან სერვისის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
CNN-ი წერს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უკრაინას Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები გადაეცა, ის უკრაინის სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყარო გახდა. ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინას დღემდე Starlink-ის დაახლოებით 20 000 ტერმინალი გადაეცა.
მასკმა დღეს "ტვიტერში“ დაწერა, რომ როდესაც პენტაგონს უკრაინაში Starlink-ის დაფინანსება სთხოვა, ის მიჰყვა უკრაინელი დიპლომატის რჩევას, რომელმაც მასკის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. უკრაინის სამშვიდობო გეგმას უპასუხა სიტყვებით : “F*** off.”
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი, მასკის სამშვიდობო გეგმას შემდეგი პოსტით გამოეხმაურა : "ელონ მასკ, F*** off - ეს არის ჩემი ყველაზე დიპლომატიური პასუხი“.