ავტორი:

ბრიტანელ ბიზნესმენს, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას დახმარებისთვის, ბრალი წაუყენეს

ბრიტანელ ბიზნესმენს, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას დახმარებისთვის, ბრალი წაუყენეს

ბრიტანელი ბიზნესმენი, გრეჰემ ბონემ-კარტერი სამშაბათს დააკავეს. მას ბრალად ედება რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ქონების დაფინანსება. დერიპასკა, რუსეთში, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ოლიგარქია. მას აშშ-მა სანქციები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, 2018 წელს დაუწესა. ბონემ-კარტერს დერიპასკას კუთვნილი ხელოვნების ნიმუშების საზღვარგარეთ უკანონო გატანაც ედება ბრალად. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ახლა ბიზნესმენის ექსტრადიციას ითხოვს.

ბონემ-კარტერი ლონდონშია დაფუძნებული და მსახიობ ჰელენა ბონემ-კარტერის გარე ბიძაშვილია. ის ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე წარსდგა, რომელმაც აშშ-ის მიერ ექსტრადიციის მოთხოვნის შემდეგ, წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

გარდა იმისა, რომ ოლიგარქმა დერიპასკამ 2018 წელს მიიღო სანქცია, ის იმ 7 ოლიგარქიდან ერთ-ერთიც იყო, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად დაასანქცირა.

რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა

მარტშივე, ბონემ კარტერს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, საბანკო ანგარიშები 6 თვით გაუყინეს, რადგან მის ანგარიშზე დერიპასკასთან დაკავშირებული ფულიც იყო. ბიზნესმენს ჯამში სამი ბრალდება აქვს წაყენებული და თითოეული მათგანი თავისუფლების 20 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. ბონემ-კარტერს, დერიპასკას სასარგებლოდ, მისი უძრავი ქონების დასაფინანსებლად, 900 000 ფუნტის ღირებულების უკანონო ტრანზაქციების წარმოებაში ედება ბრალი.

ვარაუდობენ, რომ დერიპასკამ ბიზნესმენს კომპანიის შექმნა დაავალა, რათა მისი ქონება ემართა, მათ შორის, ორი ნიუ-იორკშია, ერთი კი ვაშინგტონში. დერიპასკას ქონება 2 მილიარდ ფუნტაზე მეტად არის შეფასებული.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა