თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ვაკის პარკში მომხდარ დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბავშვების ამოსაყვანად შადრევანში მამაკაცი შევიდა. მან ორი ბავშვი ამოიყვანა, თუმცა მესამე ვერ ამოჰყავდა, რადგანაც დენი ურტყამდა.
"ამ კაცმა ერთი ამოიყვანა, მეორე ამოიყვანა და ის მესამე ბავშვი იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამე არისო, ბევრნი იყვნენ ერთად. ეს მესამე ვერ ამოიყვანა ამ კაცმა.
რამდენჯერაც შევიდა წყალში, დენი არტყამდა, ვერაფრით ვერ გამოიყვანა ეს ბავშვი, შადრევანი რომ გამორთეს, მერე გამოიყვანეს", -ამბობს თვითმხილველი.
როგორც ირკვევა შადრევანში ბავშვების საშველად "ეკოსერვის ჯგუფის" (აწარმოებს დედაქალაქის გამწვანების სამუშაოებს) თანამშრომელი შევიდა:
"ეკო სერვისის თანამშრომელმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა ბავშვები აუზიდან. თვითმხილველი ყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.
ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას, ასეთებზე დგას ქვეყანა. აქამდე ხმას ვერ ვიღებდი, მეგონა არცერთი უფროსი დაეხმარათ" - წერს მაცაცო კევლიშვილი.
როგორ გაირკვა მამაკაცი, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად საკუთარი სოცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა, "ეკო სერვისის" თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია. სოციალურ ქსელში მას უამრავი ადამიანი უხდის მადლობას თავგანწირვისთვის.
"არცერთი უფროსი დაეხმარა" - ეს რა ქართულია?! ქართულ ენაში არის ორმაგი უარყოფა: "არავინ არ დაეხმარა" და "არავინ დაეხმარა". არავინ თუ არ იყო, მაშ ვინ დაეხმარა? ქართულად თუ საუბრობთ, ქართული გრამატიკა გამოიყენეთ და არა ინგლისური.
სამოქალაქო გმირობის მაგალითი!