ტრაგედია დატრიალდა ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.
ჟურნალისტი ნანა აკობიძე მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით ვაკის პარკში მისი სიძე მუშაობს, რომელიც უშუალოდ შეესწრო საზარელ ფაქტს:
"იცით, ხო - ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში. ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო.“ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა - ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს - შემზარავად მშვიდი ხმით.15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს - ჩემზე უკეთესად.
ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით "სუნთქავს, სუნთქავს" - ჯიუტად იძახდაო...
და ჰო - ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად....საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ - მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა?ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად" - წერს აკობაძე.
ნახეთ ასევე: