ავტორი:

"არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო" - გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის

"არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო" - გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ბოდიში მოიხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. როგორც დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას მისივე განცხადების კომენტირებისას განმარტა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა რეკონსტრუქციის სტატუსის შესახებ და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

გიორგი ამილახვარის თქმით, განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ის ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

"ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო. უბრალოდ ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა, იყოს რაღაც ასეთი რისკები და თუ მეთვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ეს ამბავი ხდება უკვე გახსნილ შადრევანზე და აქ კომენტარი ზედმეტია. არა თუ მწუხარებას გამოვთქვამ, სრულად შეძრული ვარ ჩემი თავითაც, ისე განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ნიაღვარი და ახლაც მიმდინარეობს, სრულიად გაუგონარია, ეს უფრო მაშფოთებს, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტმაც იცის მე რა კონტექსტში მკითხა და რა კონტექსტში ვუპასუხე და სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ დადგა ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება და ამის შემდეგ ხდება ამ ყველაფრის იმ კონტექსტში ტირაჟირება, როგორც ხდება.

უდაოა, ბუნებრივია, ნებისმიერი პირი, ვინც პასუხისმგებელია ამ ნაწილში, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და კიდევ ერთხელ მინდა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოვუხადო ბოდიში, ვინაიდან მსგავსი არასდროს არაფერი მიგულისხმია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს. განვიცდი, თქვენც ბოდიშს გიხდით, კოლეგებო, საზოგადოებას და ჭირისუფლის ოჯახს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მანამდე, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ იქ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ.

"რას მეკითხები სერიოზულად, რომ ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ბუნებრივია შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არამხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვთ ვის? ამას სერიოზულად მეკითხებით? ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს. იქ, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს ბუნებრივია ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, დღეს უბედური შემთხვევა მოხდა ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთ, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.