ავტორი:

"ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციური ერთობის საკითხსაც" - ბექა ლილუაშვილი

"ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციური ერთობის საკითხსაც" - ბექა ლილუაშვილი

ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციური ერთობის საკითხსაც - ყველა ინიციატივაზე, რაც არ შეესაბამება 12 რეკომენდაციას, ყველამ ერთ ხმაში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პარტნიორების და მოსახლეობის მოტყუების მცდელობა და "'ოცნებას" არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, ერთობისთვის პირველი ნაბიჯი არის სწორედ აქ,- ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას ევროპული ოპოზიციური ერთობის თაობაზე.

მისი თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, პარტია "საქართველოსთან" რაიმე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"'მე ზოგადად, არ მიყვარს ხოლმე ოპოზიციური პარტიების კრიტიკაში შესვლა. როცა ჩვენ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები, ვგულისხმობ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ბრიუსელიდან ევროკავშირის გაფართოების ახალ ეტაპთან დაკავშირებით, ყოველგვარი განსხვავებების დრო წასულია. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ურჩი ბავშვის როლის თამაში, თუმცა, მას სამწუხაროდ, არანაირი პოლიტიკური სივრცე არ აქვს ამისთვის დარჩენილი. ოპოზიციას რაც შეეხება, ოპოზიციის ნაწილმა დიდი ხანია შინაარსობრივად არათანმიმდევრულად თქვა უარი ამ ერთობაზე. ახლა, როცა ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა ამის საჭიროება, ამას მოჰყვა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, სამწუხაროა, რომ მათ სჭირდებათ გარე მითითებები იმისთვის, რომ თანმიმდევრულად მიჰყვნენ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ბუნებრივია განვიხილავთ ამ ინიციატივის საკითხსაც, მაგრამ ყველას ოპოზიციურ ფლანგზე აქვს საკუთარი დღის წესრიგი და მას მიუყვება. ახლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების იძულება და ყველა იმ ინიციატივაზე, რაც რეალურად არ შეესაბამება 12 რეკომენდაციას და დარეგისტრირდა პარლამენტში, აბსოლუტურად ერთ ხმაში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ქვეყნის პარტნიორების და ჩვენი მოსახლეობის უბრალოდ მოტყუების მცდელობა და მათ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადგან დავკარგავთ ჩვენი ათეულობით წლების იდეას ევროპულ ოჯახთან დაკავშირებით, დაგვაკარგვინებს ამას ხელისუფლება", - განაცხადა ლილუაშვილმა.

"'სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე "'დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ ჩამოყალიბებას აანონსებს. როგორც ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "'360 გრადუსი“ განაცხადა, ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ის პოლიტიკური პროცესიდან გაირიყება. მისი თქმით, მათ ამ საკითხზე უკვე აქვთ შეხვედრები პარტიებთან და "სტრატეგია აღმაშენებელს" არავისთან გაერთიანების კომპლექსი არ აქვს.