ვაკის პარკის აღდგენის პროექტი ხაფხულში დასრულდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პარკის რეაბილიტირებული ნაწილის ფოტოებს. როგორც იგი აღნიშნავს, აღდგენითი სამუშაოების პირველ და მეორე ეტაპზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები. მოხდა მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.
"ვაკის პარკის აღდგენის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. გვინდა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად მოწესრიგდეს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილატიაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა." - წერს დედაქალაქის მერი "ფეისბუქში".
კახა კალაძის მოადგილის თქმით, პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით, ზაფხულში დასრულდება.
"ვაკის პარკის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტი შარშანწინ დავიწყეთ. შარშან დასრულდა პარკის ძირითადი სამუშაოები და დაიწყო ცენტრალური კასკადის, შადრევნის რეაბილიტაცია. ჯამში, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე ავიდა. კომპონენტი, რომელიც ახლა დასრულდა, 1.5 მილიონი ლარი დაჯდა. შენარჩუნდა პირვანდელი სახე, რადგან მოგეხსენებათ, ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხდა გარკვეული სივრცეების ადაპტირება და დღევანდელ საჭიროებებზე მორგება. რაც შეეხება შადრევანს, სრულიად ამორტიზებული იყო, ფაქტობრივად, არ არსებობდა საინჟინრო სისტემა, თავიდან მოეწყო ის ახალი ტექნოლოგიებითა და განათების სისტემებით. უკვე დარჩა მხოლოდ კიბეების, ცენტრალური კასკადის ნაწილი. დაახლოებით მარტის თვეში დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე ზაფხულში ვაკის პარკი მიიღებს იმ სახეს, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა და დასრულდება მისი რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით“,- განაცხადა ბასილაიამ.