8 ოქტომბერს, გამთენიისას, ყირიმის (ქერჩის) ხიდი აფეთქდა, რომელსაც არა მარტო სამხედრო-სტრატეგიული და ინფრასტრუქტურული დანიშნულება აქვს, არამედ რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის სიმბოლოცაა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფეთქება ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილის მარშრუტი დადგენილია. მისი თქმით, ქვეყნები, სადაც სატვირთო გადაადგილდებოდა, არის სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი და ასევე სატვირთოს მარშრუტში შედიოდა ჩრდილოეთ ოსეთი და კრასნოდარის მხარე.
"ტელეგრამ“ არხმა "ბაზამ“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატვირთო, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, რუსეთში ქართული ნომრის მქონე მანქანით შეიტანეს. ამ ინფორმაციაზე, ისევე როგორც ბასტრიკინის განცხადებაზე, ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც "ბაზა“ წერს, სატვირთო მანქანამ განბაჟება სომხეთის ტერიტორიაზე გაიარა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში მანქანის მარშრუტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
სავარაუდო მარშურუტს უფრო დეტალურად აღწერს კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ჟურნალისტი ალექსანდრე კოცი. Комсомольская правда აქვეყნებს მის სტატიას, სადაც ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ამ ოპერაციაში ორი სატვირთო ავტომობილი იყო ჩართული.
ჟურნალისტი წერს, რომ ტვირთი საქართველოში, ფოთის პორტში, ბულგარეთიდან საზღვაო გზით შეიტანეს.
ფოთიდან სომხეთში ჩაიტანეს, სადაც განაბაჟეს, შემდეგ ტვირთი ისევ საქართველოში დააბრუნეს და ზემო ლარსის გამშვები პუნქტით რუსეთის ტერიტორიაზე შეიტანეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთოს მძღოლი 51 წლის მაჰირ იუსუბოვი იყო. რუსული მედიის ცნობით, მან სავარაუდოდ, ინტერნეტით მიიღო შეკვეთა ტვირთის გადატანაზე. რუსეთის ფედერაციის წყაროები ამბობენ, რომ მძღოლს ბრმად იყენებდნენ, ანუ, სავარაუდოდ, მან არ იცოდა დაგეგმილი აფეთქების შესახებ.
წყარო: ekhokavkaza.com