პარტნიორები:
    ავტორი:

    "ნიკოლოზს პროცესებზე დასწრების გამო ორი ტურნირის გამოტოვება მოუწევს... ჯერჯერობით შვილს ვერ ნახულობს" - რას ჰყვება ჩოგბურთელის ადვოკატი?

    "ნიკოლოზს პროცესებზე დასწრების გამო ორი ტურნირის გამოტოვება მოუწევს... ჯერჯერობით შვილს ვერ ნახულობს" - რას ჰყვება ჩოგბურთელის ადვოკატი?

    ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 5 ოქტომბერს პირველად გამოჩნდა. მან ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ ვრცელ კომენტარს მხოლოდ მოსამართლის ვერდიქტის შემდეგ გააკეთებს.

    ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგ საქალაქო სასამართლოს შენობაში ნელი დოროყაშვილიც შევიდა. პროცესზე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთის პირისპირ დღეს პირველად აღმოჩნდნენ, თუმცა სხდომის მსვლელობის დროს მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. ცნობილი ჩოგბურთელი სხდომაზე დედასთან ერთად მივიდა.

    ნატალია ნაჭყებია დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეც იყო და შეკითხვებს 2 საათზე მეტხანს პასუხობდა. ყოფილმა დედამთილმა, სასამართლოზე, ყოფილ რძალთან სოციალურ ქსელში მიმოწერის ამონაწერებიც მიიტანა. პროცესის დასრულების შემდეგ, სხდომათა დარბაზი პირველმა ნელი დოროყაშვილმა დატოვა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცილისწამებისთვის ყოფილი დედამთილის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.

    დაცვის მხარე ამბობს, რომ ნატალია ნაჭყებიას ჩვენებამ, ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე ყველანაირი ზეწოლა გამორიცხა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

    ცნობილი ჩოგბურთელის და მისი ყოფილი მეუღლის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა. როგორც ირკვევა, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისში მარტო ჩამოვიდა და პროცესის დასრულებამდე თბილისში დარჩება.

    ამასობაში მას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული ტურნირის (24-30 ოქტომბერი) გამოტოვება მოუწევს, რომელშიც საქართველოს პირველ ჩოგანს უნდა ეასპარეზა.

    ირმა ჭკადუა, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი:

    "ნიკოლოზი საქართველოში პროცესის დასრულებამდე, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დარჩება. ის მისი სურვილით ჩამოვიდა, ტურნირი ჰქონდა, მაგრამ გამოტოვა. ახლა იწყებს მტკიცებულებების წარდგენას, ონლაინ რეჟიმში სმენადობის პრობლემაც არის და მას ერჩივნა, დარბაზში ყოფილიყო. მტკიცებულებები წარდგენილი გვაქვს და ახლა მათი გამოკვლევა მიმდინარეობს.

    ბასილაშვილის სიმართლეში დარწმუნებული ვართ და სამართლიანობის იმედი გვაქვს. ვინც იმ დღეს პროცესზე იყო და მას თვალს ადევნებდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ მტკიცებულებები მყარია. ქალბატონი ნატალია კითხვებს პასუხობდა ქალბატონი ნელის მიერ გაგზავნილი სმს შეტყობინებებით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხები მის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებშია.

    ნიკოლოზი შვილს პროცესის დასრულებამდე ვერ ნახავს, არ აქვს ამის უფლება, ეს საკითხი აღმკვეთთან ერთად გადაწყდა. ამასობაში ნიკოლოზს ორი ტურნირის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ საქმე მოითხოვს ამას. ნიკა მშვიდადაა და დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ორი სიმართლე არ არსებობს".

    ნახეთ ასევე: