ავტორი:

"ამ ქვეყანას მემკვიდრეობად მოსდევს სიღარიბე, სიღარიბე და სიღარიბე" - ლევან დავითაშვილი

"ამ ქვეყანას მემკვიდრეობად მოსდევს სიღარიბე, სიღარიბე და სიღარიბე" - ლევან დავითაშვილი

ამ ქვეყანას მემკვიდრეობად მოსდევს სიღარიბე, სიღარიბე და სიღარიბე, რაც მოდის ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური განვითარება, მაღალი ეკონომიკური ზრდა უპასუხებს ამას, ასევე სწორი და სამართლიანი სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებშიც კი, როდესაც რეგიონის მასშტაბით ეკონომიკები ვერ იზრდება და ქვეყნები უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, საქართველო ახერხებს ელემენტარული საჭიროებების მოგვარებას და განვითარებაზე ზრუნვას.

"მე რომ ახლა ვიმეორო, რომ ვიცით, გვესმის, რამდენად უჭირს მოსახლეობას, ვიცით რეალობა - რისი მამტკიცებელია? ამ ქვეყნის შვილები ვართ. ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს - ახლობლებთან, ნათესავებთან, სოფლებში, ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, პირადადაც. არაფრის ილუზია არ გვაქვს. გვესმის, რამდენი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა, როგორ გვიჭირს და რა რთულია პერიოდია ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ეს ინფლაცია მდიდარი, განვითარებული ქვეყნებისთვისაც გამოწვევაა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენი შეხედულებით, კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მოსახლეობა ძალიან რთულ ვითარებაშია, გამომდინარე პანდემიიდან და პოსტპანდემიური კიდევ უფრო რთული ვითარებიდან. იმ პირობებში, როდესაც წამყვანი ეკონომიკები შედის რეცესიაში, როდესაც რეგიონის ეკონომიკები ვერ იზრდება და უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველო ახერხებს ელემენტარული საჭიროებების მოგვარებას, განვითარებაზე ზრუნვას და განვითარების გაგრძელებას, ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკური ზრდის ალტერნატივა თუ რამე არსებობს, გაგვიზიარეთ, რათა დავძლიოთ გამოწვევები და ვუპასუხოთ სიღარიბეს. მაგრამ ეს არ ხდება ერთ დღეში. 10%-იანი ზრდა იმიტომაა კარგი, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ კეთილდღეობას, ვიდრე მივაღწევდით ეკონომიკური ზრდის 1 ან 2%-იანი ზრდის პირობებში ან ეკონომიკის რეცესიის პირობებში, როდესაც ეკონომიკა შემცირდებოდა, სამუშაო ადგილები დაიკარგებოდა, ქვეყანა ომში ჩაერთვებოდა ან კიდევ სხვა უფრო დიდი უბედურების წინაშე დადგებოდა. ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი მოვახერხეთ. გვჭირდება და გვინდა მეტი. ამ ქვეყანას მემკვიდრეობად მოსდევს სიღარიბე, სიღარიბე და სიღარიბე, რაც მოდის ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური განვითარება, მაღალი ეკონომიკური ზრდა უპასუხებს ამას, ასევე სწორი და სამართლიანი სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ნაწილია. არ შევალ იმ საკითხში, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა დაბალანსებული გადანაწილება - ხელს ვუწყობთ ეკონომიკას, ბიზნესს და დღეს ამაზე უფრო მეტს იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სამინისტროს ძირითადი მანდატია ეს და ამიტომ არ ვსაუბრობთ სოციალურ პოლიტიკაზე -მიზნობრივ სუბსიდირებაზე, უფასო ჯანდაცვაზე, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვიყოთ სოლიდარულები საზოგადოებაში. ზრდის და განვითარების დინამიკა გავაზიაროთ და დავიცვათ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენების ინტერესები. არ ვსაუბრობთ პოპულისტური ენით, ეს არ არის პოპულიზმი. ჩემი გამოსვლა იყო ობიექტური რეალობის ჩვენების მცდელობა. ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვაზე, ნებისმიერ დროს გაგცეთ ამომწურავი პასუხი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.