უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მალევე სოციალურ ქსელში ინტენსიურად ვრცელდება კადრები, აუდიომასალა და ფოტოები, სადაც რუსი სამხედროები არმიაში არსებულ პრობლემებსა და არაორგანიზებულობაზე ჰყვებიან. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ასეთი შინაარსის ვიდეოებმა იმატა.
რუსეთში მიღებული ახალი კანონის თანახმად, სოციალურ ქსელებში რუსული არმიის დაკნინების შემცველი ვიდეოების გავრცელებაზე, ასევე, “რუსული არმიის შესახებ ფეიკ ინფორმაციის გავრცელებისთვის” რუსეთის სახელმწიფო დუმამ, 4 მარტს ერთხმად, 401 დეპუტატის თანხმობით, მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მსგავსი ვიდეოს ავტორებს 15- წლიანი თავისუფლებით აღკვეთით სჯის.
თუმცა, რუსეთის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მობილიზაციის ფარგლებში კომისარიატებში და შემდეგ, არმიაში სრული ქაოსი ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალწვეულებს ომში ყველანაირი სამხედრო მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე უშვებენ და ეუბნებიან, რომ თავად უნდა მოიპოვონ ყველაფერი.
"არაადამიანური პირობები გვაქვს. სრული განუკითხაობაა. არ ვიცი, რას გვაჭმევდნენ. იარაღი, რომელიც გადმოგვცეს, ჩვენზე რეგისტრირებულიც კი არ არის. როდესაც გავაპროტესტეთ, გვითხრეს, რომ ამის წინა ნაკადი პირდაპირ ციხიდან გაუშვეს, მხოლოდ ავტომატებით და ეს არავის გაუპროტესტებია, იმიტომ, რომ ახლა ქვეყანას უჭირს და თავისი მოქალაქეების თანადგომა სჭირდებაო. ანუ რას გვეუბნებიან, პატიმარს, რომლისთვისაც ციხის კედლებს მიღმა ნებისმიერი სახის თავისუფლება მისაღებია, უფრო მაღალი სულისკვეთება აქვთ, ვიდრე ჩვენ? და ამიტომ, ასე თვალდახუჭული წავიდეთ სიკვდილზე?!" - წერს ალექსა კინგი სოციალურ ქსელში.
ამასთან, 5 ოქტომბერს, რუსული ტელეგრამის არხებზე და სოციალურ ქსელებში გაჩნდა რუსტამ ადაგამოვის ვიდეო, სადაც სამხედრო ფორმიანი ადამიანები, მათივე თქმით, ბელგოროდის რკინიგზის სადგურიდან ერთვებიან და ამბობენ, რომ მობილიზებულებს არაადამიანური პირობები აქვთ. არ აქვთ არანაირი მატერიალური დახმარება, საკვებს კი თავად ყიდულობენ, სახლიდან წამოღებული ფულით.
"ეს მაშინ, როდესაც არც კი ვიცით, რაიმე სახის ანაზღაურება გვექნება თუ არა. ზოგიერთს მაღალი ტემპერატურა, ანთება და სხვადასხვა სახის ჩივილები აქვთ, რადგან ბელგოროდში მიყვანის პირველივე დღიდან ქუჩაში მოუწიათ ყოფნა და გაცივდნენ. მათ კი, სიცხის დამწევი მედიკამენტებიც კი არ აქვთ, მაგრამ ეს არავის აწუხებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით სამედიცინო ნაწილი არ დაინტერესებულა...
გადმოგვცეს 70-80 წლით დათარიღებული იარაღი. ზოგს საბრძოლო მასალა და ჩაფხუტებიც კი არ აქვს. ერთი სიტყვით, პირდაპირ სიკვდილზე გაგვიშვეს" - ამბობს ადაგამოვი, რომელსაც პროტესტში გარშემომყოფებიც უერთდებიან.
პარალელურად, "იუთუბ" არხზე ვრცელდება არაერთი ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები ამბობენ, რომ მხოლოდ ავტომატი აქვთ. ისინი დონბასის მიმართულებით გადაისროლეს, მაგრამ საკვებიც კი არ აქვთ.
"არ გვაქვს საკვები წყალი, საბრძოლო იარაღი, ბინოკლი საერთოდ ფუფუნებაა, ჩვენს გარშემო რა ხდება, არაფერი ვიცით... მხოლოდ ავტომატი, ტყვიები და ხიშტი დანა გვაქვს... სიკვდილს ვუყურებთ თვალებში. არადა, ოჯახები გვყავს", - ამბობს ვიდეოს ავტორი.
ნახეთ ვიდეო:
სხვების თქმით, რაც შეიძლება მეტმა უნდა ჩაწეროს და გაავრცელოს მსგავსი შინაარსი ვიდეო, რათა პროტესტი დაიწყოს და რუსეთის ხელისუფლებამ მიდგომები შეცვალოს.
"რამდენიმე დღეში სიკვდილს 15-წლიანი პატიმრობა გვირჩევნია. ოჯახები გვყავს. იქნებ, რაღაც შეიცვალოს და ეს ხელისუფლება წავიდეს... იპოთეკა ვისაც აქვს, ყველა ვადაზე დახურავს, რადგან ანაზღაურება ძალიან მაღალი უთხრეს და ამიტომაც წავიდა ხალხი. სინამდვილეში, მშივრებს სიკვდილი ელოდებათ. არ მოტყუვდეთ!" - ამბობენ ისინი ვიდეომიმართვაში.
მთავარი ფოტო: DMITRY AKHMADULLIN, TASS