ავტორი:

რუსეთში ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვაზე ძებნა გამოცხადდა - რუსული მედიის ინფორმაციით, ის შინაპატიმრობიდან გაიქცა

რუსეთში ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვაზე ძებნა გამოცხადდა - რუსული მედიის ინფორმაციით, ის შინაპატიმრობიდან გაიქცა

რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უკრაინაში ომის დაწყება გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტს შინაპატიმრობა აგვისტოში შეეფარდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, "ქალს ბრალდება რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის წაუყენეს და შინაპატიმრობა 9 ოქტომბრამდე უნდა გაგრძელებულიყო."

ოვსიანიკოვას ყოფილი ქმარი ამბობს, რომ ჟურნალისტი გასულ შაბათს ქალიშვილთან ერთად გაიქცა. ქალის ადვოკატი დიმიტრი ზახვატოვი CNN-თან საუბრისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა - "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის წავიდა...", - ამბობს ადვოკატი.

"ოვსიანიკოვა დაემატა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს "ძებნილთა სიას“, - იტყობინება სააგენტო TASS.

მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს სატელევიზიო ეთერში ბანერით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა - "არა ომს. შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

15 ივლისს ჟურნალისტმა კიდევ ერთი, ერთკაციანი აქცია გამართა. მას ხელში ბანერი ეჭირა, რომელზეც ეწერა - "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები. 352 ბავშვი მოკვდა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ შეჩერდეთ?" მაშინ მოსკოვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლო ჟურნალისტს რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მუხლით ედავებოდა, რომელიც საჯარო ღონისძიების გაფრთხილების გარეშე ჩატარებას ზღუდავს.

წყარო