თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, ხმაური იყო.
წულუკიანს სტუდენტების ნაწილმა მიმართა, დაინტერესდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით. როგორც მათ აღნიშნეს, „სტუდენტები დღეს იმყოფებიან იმ ფუნდამენტური უფლებების შელახვის წინაშე, რაც საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს ეხება“.
სტუდენტებმა თეა წულუკიანს მიმართეს, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და სტუდენტებს პრობლემაზე ესაუბროს, რაზეც მინისტრმა აღნიშნა: „ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაშინ დავდიოდი, როდესაც შენ იბადებოდი. რატომ ჩხუბობთ? შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებთ“.
მინისტრის აღნიშნულმა განცხადებამ სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია.
მოგვიანებით, „მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოსგან 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიუღიათ საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით.
"დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მთელი 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიგვიღია საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით (არამხოლოდ ქმედითი, მათ ერთი შეხვედრის შემდეგ არც ისურვეს ჩვენთან მშვიდობიანი საუბარი და დაგვტოვეს მხოლოდ ბუნდოვანი პასუხის ამარა) გადავწყვიტეთ შეხვედრაზე გაგვეჟღერებინა ჩვენი მოთხოვნები, რათა სიტყვა მიგვეწვდინა მაღალი თანამდებობის მქონე პირებისადმი ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნახეთ ვიდეო: