მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს. უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან - ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ნიკა მელია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.
"წელიწადი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია. რისთვის და რატომ დაიჭირა რუსულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი? საზღვრის კვეთისთვის რომ არ დაუჭერიათ, ეს ბავშვმაც იცის. არც პიჯაკებისთვის და კაჩინსკის საფლავზე დასადები გვირგვინის ყიდვისთვის, არც პრეზიდენტის დისკრეციული უფლების - შეწყალების გამოყენებისთვის, არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი შეცდომებისთვის თუ გადაცდომებისთვის ჰყავთ ციხეში გამოკეტილი. ის დაიჭირეს გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამბედაობისთვის, დაბრუნებულიყო ქართველი ხალხის მონაპოვარის, ამ სახელმწიფოს დასაცავად, რომელსაც ათი წელია ასე მონდომებით ანგრევს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.
რუსულმა ოცნებამ მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს. ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.
ამისთვის ისჯება იგი უსამშობლოების მიერ! ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა.." ქართული ოცნების ხელისუფლება" კი პუტინის მეციხოვნეები არიან.
მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს.
უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან - ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა.
მისი თავისუფლების გზა ქვეყნის თავისუფლებასა და რუსეთისგან, რუსული ხელისუფლებისგან განთავისუფლებაზე გადის“- წერს ნიკა მელია.
ნახეთ ასევე: