ნეაპოლელ გულშემატკივარს ფეხბურთის გასაოცარი უნარებით თუ გააკვირვებდა ვინმე, ძნელად დასაჯერებელი იყო. სამართლიანიც არის, როცა "ნაპოლიში“ დიეგო მარადგონა თამაშობდა, რაღამ უნდა გაგაოცოს?! თუმცა...
ხვიჩა კვარაცხელიამ ეს შეძლო. თავიდან მისი გვარ-სახელის დამახსოვრება გაუჭირდათ, ენას იტეხდნენ, მაგრამ "კვარას" თამაშმა გულშემატკივრები აიძულა მისი გვარიც და სახელიც, კარგად, გარკვევით წარმოეთქვათ. ქართველმა "ნაპოლის“ ისტორიის ახალი ფურცლის წერა დაიწყო. მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩაატარა და ასეთ ცეცხლოვანი, ვნებიანი მოძრაობების, დრიბლინგისა და ტექნიკას მონატრებულმა იტალიელმა გულშემატკივარმა ხვიჩა დიეგო მარადონას შეადარა. "კვარადონაც" მარადონასთან კავშირის გამო შეარქვეს.
ბოლო ხანს ნამდვილად გვაკლდა ისეთი ეფექტური ფეხბურთელები, როგორიც კვარაცხელიაა. ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავდა, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახდენდნენ. თუმცა დამოუკდებელი საქართველოს ისტორიაში გვყავდნენ ფეხბურთელები, ვინც ევროპულ გრანდებში თამაშობდნენ და გამორჩეული ლიდერები იყვნენ. ისინი უცხო ქვეყნებში გულშემატკივრებმა ისე შეიყვარეს, როგორც დღეს ხვიჩა...
ხისტი ფეხბურთი, ფიზიკურად ძლიერი მცველები, "ხულიგნური" ხასიათითა და აგრესიული მანერებით, უკიდურესად კონკურენტული გარემო, სადაც გადარჩენა ურთულესია. ეს ის დროა, როდესაც მანჩესტერული "იუნაიტედი“ ბრწყინავდა, ამავე ქალაქის "სიტი“, ზუსტად რომ, გადარჩენისთვის იბრძოდა.
ახლა "ქალაქელები“ თუ შესაშური სტაბილურობით გამოირჩევიან, იმჟამად მათი თამაშის ხარისხი გულშემატკივრისთვის ნამდვილად კოშმარი იყო. უამრავი იმედგაცრუება, დაბალი დონის გამოსვლა, წაგება, ფრე, კიდევ ბევრი წაგება და იშვიათად მოგებაც. ზუსტად იმ დროს, როცა საკუთარი კლუბის რწმენა დაკარგეს ფანებმა, გამოჩდა ერთი ქართველი ბიჭი, რომელმაც ისევ უკან დააბრუნა გულშემატკივრები.
თუკი ღმერთს ვინმესთვის უბოძია უსაზღვრო ნიჭი, ერთ-ერთი გიორგი ქინქლაძე იყო. ფანტასტიკური დრიბლინგისა და ფინტების ოსტატი, გამორჩეულად ლამაზი ფეხბურთის თამაშის უნარით, სწრაფი, უკომპრომისო, ნამდვილი შემოქმედი... ქინქლაძე "სიტის“ ფანებმა ფანატიკურად შეიყვარეს. თუმცა ის უყვარდათ არა მხოლოდ გასაოცარი თამაშის გამო, არამედ სამაგალითო ერთგულებისთვისაც, რომელიც გიომ გამოავლინა.
სამწუხაროდ, მხოლოდ "ქინქის“ გასაოცარი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა, იმისთვის, რომ "სიტი“ პრემიერ ლიგაში დარჩენილიყო. კლუბი "ჩემპიონშიფში" გავარდა. ასეთ დროს, ნიჭიერი ფეხბურთელები, აუცილებლად გადადიან სხვა კლუბებში, რათა კარიერული ზრდა განაგრძონ, შემოსავალი გაიუმჯობესონ და თავისი პოპულარობა გაზარდონ.
მაგრამ გიომ "სიტიში“ დარჩენა არჩია.
"ქალაქელები“ შოკში არიან, არ იციან მადლობა რით გადაუხადონ ქართველ ფენომენს. იწყებენ წერილის წერას, უნდათ დაწერონ ქართულად. ვერ პოულობენ თარჯიმანს და ბოლოს ისევ ინგლისურად წერენ:
"ძვირფასო გიო, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც შენზე გიჟდება. ჩვენ, გულშემატკივრები მანჩესტერიდან გთხოვთ, რომ ჩვენთან კიდევ ერთ წელიწადს დარჩე. ჩვენ გვესმის, რომ რთული წელი გვქოდა. მაგრამ ახლა საჭესთან კარგი მწვრთნელია, ჩვენ გვაქვს ფული, შემოსავალი. ვიმედოვნებთ, რომ ბნელი გვირაბის შემდეგ, ლურჯი ცა გამოჩნდება. ეს სეზონი ჩვენთვის უარესად ჩავარდებოდა, რომ არა შენ. შენ მოგვეცი ბრძოლის ძალა. უკანასკნელ 30 წელიწადში შენ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ხარ. გთხოვთ, კიდევ ერთი სეზონი დარჩი ჩვენთან! თუ შემდეგ სეზონში ჩვენ ვერ გავიუმჯობესებთ მდგომარეობას, შენ მხოლოდ 24 წლის იქნები და ჩვენიდან წასვლის კურთხევას მიიღებ. გიო, ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა "სიტის“ ფანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის, ვინც კი ამას ხელს მოაწერს, მნიშვნელოვანია“.
გახსენდებათ, რომელიმე ფეხბურთელი, ვისაც ასე მოწიწებით მიმართავდნენ? ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ქინქლაძის მასშტაბი და გავლენა ჯერ კიდევ შეუფასებელია. იმჟამად არ იყო ამ მასშტაბის საინფორმაციო კომუნიკაციები, რაც დღეს, არ არსებობდა სოციალური ქსელები... ქინქლაძის ამბები სამშობლოსა და დანარჩენ მსოფლიომდე ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევდა.
ბრიტანელები საქართველო - უელსის თამაშს უყურებდნენ. გაოცებულები დარჩნენ ჩვენი ფეხბურთელების სისწრაფით, ტექნიკით, თავდადებული თამაშით. ფრენსის ლი, რომელიც იმჟამად "სიტის“ პრეზიდენტი იყო, "ქინქის" თამაშით მოინუსხა და გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ ფასად მოიყვანდა ვუნდერკინდს გუნდში.
"სიტიმდე“ ქინქლაძეს რამდენიმე შესაძლებლობა მიეცა, რომ დიდ ფეხბურთში თავი გამოეჩინა, თუმცა ეს არა და არ გამოსდიოდა. ჯერ გერმანიაში, შემდეგ არგენტინაში. გერმანულ "საარბრიუკენში“ 11 მატჩი ჩაატარა. არგენტინულ "ნოკაში“ ადგილობრივ პირობებთან შეგუება გაუჭირდა. მცირე ხანი ესპანეთში გაატარა, მაგრამ "სიტის“ ინტერესი არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე რეალისტური აღმოჩნდა. ფრენსისმა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი ფული, 2 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
სხვათა შორის, მის ამ გადაწყვეტილებას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. გიოს კლუბში მიპატიჟებით ზოგიერთი თანამშრომელი არ აღფრთოვანდა. ქართველის გამოცდილება მიმზედეველად არ ჩანდა.
"სიტის“ ფეხბურთელად გაფორმების შემდეგ, რამდენიმე დღეში შესაძლოა "ქინქის" ინგლისური კარიერა ისე დასრულებულიყო, რომ დაწყებაც ვერ მოესწრო. ტრანსფერის აღსანიშნავად გიო და მისი მეგობრები ადგილობრივ ღამის კლუბს ეწვივნენ. კლუბში სხვა კამპანიასთან დაპირისპირება მოუხდათ. საქმე იმდენად გართულდა, რომ ცეცხლსასროლ იარაღებამდე მივიდა. საბედნიეროდ, მხარეები გაშველდნენ.
ქინქლაძეს თავდაპირველად ადაპტაცია ისევ გაუჭირდა - ცივი კლიმატი და უცხო ენა საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. ეპოქაში, სადაც ინტერნეტი ჯერ ის იყო ფეხს იდგამდა, რთული იყო ახალი ენის შესწავლა. თუმცა მანჩესტერში გიოს დედაც გადაბარგდა და ნელ-ნელა პრობლემებიც მოგვარდა.
როგორც ზემოთ გითხარით, 90-იანების პრემიერ ლიგა ტაქტიკური სიახლეებით, ექსცენტრიული ფეხბურთელებით არ გამოირჩეოდა. მოედანზე იყო ფიზიკური ძალის დემონსტრირება, ხისტი, აგრესიული თამაშის სტილი. დროსთან ერთად ინგლისურმა პუბლიკამ "ქინქის" დაფასება დაიწყო. მისი სახით პრემიერ ლიგამ იხილა ინოვაციური, არასტანდარტული სტილი. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებიც კი მოწიწებითა და პატივისცემით ლაპარაკობდნენ გიოზე.
"ქალაქელები" ცდილობდნენ თამაში გიორგის გარშემო აეწყოთ. თუმცა ამ გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა - ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ქინქლაძე ვარჯიშებზე საკმარისად არ იხარჯება. არ მუშაობს დაცვაში, ერიდება შეტაკებებს.

Happy Birthday to City legend, Georgi Kinkladze 🥳

All the best, Kinky 💙

🔷 #ManCity | https://t.co/axa0klD5re pic.twitter.com/BAxsTDvQW2
— Manchester City (@ManCity) July 6, 2021

თავად "ქინქიმაც" აღიარა, რომ თავის დროზე ბევრ დეტალს ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრობდა, რომ მხოლოდ ტალანტის ხარჯზეც შეძლებდა მაღალ დონეზე თამაშს.
მთავარი პრობლემა, რომელსაც "სიტის“ მენეჯმენტი წააწყდა, იყო იმ დროისთვის კლასიკური სქემა 4-4-2, სადაც ქინქლაძისთვის ადგილი რთულად თუ გამოინახებოდა. "სიტის" მთავარი მწვრთნელი ალან ბოლლი შეპყრობილი იყო ქინქლაძით და უამრავ ტაქტიკურ ექსპერიმენტს ატარებდა. ცდილობდა გიოსთვის უკეთსი და შესაფერისი ადგილი გამოეძებნა, ასევე ძალებს არ ზოგავდა, რომ ქინქლაძისა და გუნდელებს შორის კომუნიკაციის ბარიერა არ ყოფილიყო.
"იგრძნობოდა, რომ მოედანზე სივრცის, მის გარეთ კი კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, ეს ნაწილობრივ იმის ბრალი იყო, რომ ენის ბარიერს ვერ ლახავდა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ არ იცოდა, როგორ უნდა ებრძოლა ბურთისთვის ინგლისურ სტილში.
ის ნამდვილად ტალანტი იყო, დაუჯერებელი ნიჭის პატრონი. მე ვიცოდი, რომ თუ ბურთს სწორად მიიტანდნენ გიომდე, ის გაბრწყინდებოდა.
გახსოვთ პირველი თამაშები? ერთი-ორი გენიალური შეხება. მე მჯეროდა, რომ ის ჩვენ გუნდს უხელმძღვანელებდა", - იხსენებს ბოლლი.
თუმცა რამდენადაც იმ თაობის ფეხბურთელები არ გამოირჩეოდნენ ტაქტიკური მოქნილობით, ბოლლის ყველა ექსპერიმენტი კრახისთვის იყო განწირული.
გიორგი - იმ ფეხბურთლებს მიეკუთვნებოდა, რომელთა დიდებულება არ განისაზღვრება ციფრებითა და ტიტულებით. მისი დიდებულება გულშემატკივრის გახარებაში იყო. მას შეეძლო ფანების გულებში ნაპერწკლები ცეცხლად გადაექცია.
ერთხელ მოსკოვში ლიამ გალაგერი კონცერტს მართავდა. კონცერტამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიგო, რომ მისი გამოვლის საყურებლად გიორგი ქინქლაძე ჩამოსულა. გაგიჟებულა გალაგერი. მიუტოვებია მოთელვის ეტაპი, ორგანიზატორებს კონცერტის დაწყება ერთი საათით გვიან გადაადებინა. მირჩევნია გიოსთან გავატარო დრო და "სიტის“ ლამაზი დღეები გავიხსენოო და წასულა...
მთლიანობაში გიომ "სიტიში“ 3 სეზონი ითამაშა. ერთ-ერთი პრემიერ ლიგაში მოუწია. 107 მატჩში 16 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გოლები "მიდლსბროსთან“ და "საუთჰემპტონთან“.

Georgi Kinkladze vs Middlesbrough, 1995. pic.twitter.com/k5LWlRTb2v
— 90s Football (@90sfootball) September 16, 2017

1998 წელს "სიტი“ ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა. მწვრთნელი ჯო როილი გახდა, რომელიც ყოველთვის ბეჯითი შრომის მომხრე იყო. მან გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იყო, გიო კარგ ფულად გაეყიდა და შემადგენლობა გაეფართოვებინა. ჰოლანდიურმა "აიაქსმა“ "სიტის“ 5 მილიონი ფუნტი გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ როილის მიდგომამ გაამართლა. "სიტი“ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და ფეხი საბოლოოდ იქ მოიკიდა.
"აიაქსმა“ უკვე შეათანხმა ტრანსფერის ყველა დეტალი, ბოლო თამაშის შემდეგ მე უბრალოდ ფანებთან მივედი. ყველაფრისთვის მადლობა ვუთხარი. არ მინდოდა წასვლა, ვტიროდი. ერთს დავამატებ, ახლაც კი, რომ აღმოვჩნდე იმავე სიტუაციაში, როცა "სიტის“ უჭირდა, მე კი "ბარსელონა“ მეძახდა, მე ისევ "სიტიში“ დარჩენას ვამჯობინებდი", - ყვება გიო.
საინტერესოა, ახლა რომ აღმოჩენილიყო გიო "სიტიში“, იმ მწვრთნელის ხელში, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ტალანტები და განავითაროს ისინი, ანუ ხოსეპ გვარდიოლასთან, რა სიმაღლეების დაპყრობას შეძლებდა...
"სიტის“ შემდეგ ვარსკვლავმა ჩაქრობა დაიწყო. "აიაქსის“ შემდეგ იყო "დერბი“, "ანორთოსისი“, ყაზანის "რუბინი“. ამ პერიოდში "ქინქიმ" საკლუბო დონეზე მხოლოდ 11 გოლის გატანა მოახერხა.
ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ გიომ ტალანტი სრულფასოვნად ვერ გამოავლინა, მეტიც, გამოავლინა მხოლოდ მცირე ნაწილი. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველი ფეხბურთელი იყო, ვინც უცხო ქვეყანაში ასეთი აჟიოტაჟი და სიყვარული გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავდა ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებმაც უცხოეთში თავი გამოიჩინეს, მაგრამ დღემდე ამბობენ, რომ ტალანტი და ფეხბურთისადმი დამოკიდებულება, რომელიც ქინქლაძეს ჰქონდა, სხვას არავის ჰქონია.