ავტორი:

"ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, აგენტებიც მოდიან და კეთილგანწყობილი ადამიანებიც, ვერ გაარკვევ, ვინ ვინაა" - ტური გიდთან ერთად, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, აგენტებიც მოდიან და კეთილგანწყობილი ადამიანებიც, ვერ გაარკვევ, ვინ ვინაა" - ტური გიდთან ერთად, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

თამარ ორაგველიძე მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი და ასოცირებული პროფესორია, კითხულობს ლექციებს, აქვს მუზეუმში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება და 4 წელია, რაც დამოუკიდებელი გიდია. "მეოთხე თაობით აჭარაში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ამიტომ თავს უპირველესად აჭარლად მოვიაზრებ. ფესვებით გურული ვარ, გურიაში დღემდე მაქვს ოჯახი და ოჯახის წევრთა საფლავები, ქმარ-შვილი კი იმერელი მყავს. იმერეთმა მხოლოდ 10 წლის მერე აღიარა, რომ ძალიან კარგი ხაჭაპური გამომდის. დედა მეგრელი მყავდა... მოკლედ, საქართველოს ყველა კუთხესთან მაქვს ნათესაური თუ ემოციური ბმა - ერთი ციცქნა საქართველო ჩემში დუღს და ამით ვამაყობ", - ამბობს ambebi.ge-თან ინტერვიუში:

- სხვადასხვა ტიპის ტურისტი რომ არსებობს, ეს ყველამ ვიცით. არის კეთილგანწყობილი ტურისტი, იშვიათად, აგრესიულიც. ჯამში სასიამოვნოა ყველა ტურისტთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ ეს გამოცდილებაა. ყველაზე ცუდი გამოცდილებაც კარგ გაკვეთილად შეიძლება აქციო. ეს არის პროფესია, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, დაღლა აქ არ არსებობს, არ შეიძლება შენი ქვეყნის რეკლამირებით, მასზე მოყოლით ადამიანი დაიღალო, ფიზიკურ დაღლას არ ვგულისხმობ.

- არსებობს ისტორია შავით თეთრზე და არსებობს პროპაგანდა. ხანდახან მათი შეჯახება ხდება ხოლმე და ვიღებთ გაუგებრობას ან პროვოკაციულ კითხვებს...

- ნამდვილად ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, აგენტებიც მოდიან და კეთილგანწყობილნიც, ვერ გაარკვევ, ვინ ვინაა. არის შემთხვევები, როდესაც პროვოკაციულ კითხვას გისვამენ, მაგრამ არ მახსენდება, ეს ტურისთვის არასასურველად დასრულებულიყოს. ეს არ ნიშნავს ენის შერბილებას ან ისტორიის გამოტოვებას... მაგალითად, გეკითხებიან, სადაა "იუჟნაია ოსეტია?" - ჩვენ ასეთი ადმინისტრაციული ერთეული არა გვაქვს, ჩვენ ვიცით, რა არის შიდა ქართლი, - ვპასუხობ მათ და ღიმილით დავძენ, - როცა ჩვენთან ბავშვი იბადება, იმანაც იცის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რომ ეს ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს და წინ მნიშვნელოვანი ამბები გველოდება - მეთქი. აგრესიულ, სიძულვილის ენას არ ვიყენებ, არ ვარღვევ გიდის ეთიკის ნორმებს, მაგრამ ეს არ გვზღუდავს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია.

ახალმა თაობამ არ იცის რეალური ისტორია და მაგალითად, ბათუმში ყოფნისას ამბობენ, რომ აქვთ მსგავსი კურორტი "სოჩა". ჩვენ არ ვამწვავებთ სიტუაციას, მაგრამ ვეუბნებით, რომ ეს ქართული ტერიტორიაა და სახელწოდებაც კი ქართული აქვს - სოჭთან არის კავშირში. ვუყვებით ორჯონიკიძის ამბებს, ვიხსენებთ როგორ გადასცა სოჭი რუსეთს. ამის მერე რეალურად ინტერესდებიან, გუგლავენ, აინტერესებთ მართლა ასეა? რუსებს კი არა, ფრანგსაც რომ ვეუბნები, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის წიპწით, რომელსაც 3 წლის განმავლობაში 7 ქვეყნის ექსპერტები აკვირდებოდნენ, დადგინდა, რომ საქართველოში ღვინის კულტურას 8-ათასწლოვანი ისტორია აქვს, ისინიც იწყებენ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

ვუამბობთ, მსოფლიო მხოლოდ წითელ, თეთრ და ვარდისფერ ღვინოს იცნობდა, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ არსებობს ქარვისფერი ღვინოც. შემდეგ ვუყვებით ქვევრის კეთების ისტორიას, იმას, რომ ქართველი კაცი ქვევრის კეთების დროს "მრავალჟამიერს" ღიღინებს, რომ ქართველისთვის ღვინო ცოცხალი ორგანიზმია და მისი ესმის. ყველაზე სახალისო ის არის, როცა ტურისტებს ვეუბნებით, ღვინის ქვეყანაში რაღა გასაკვირია, თუ ქართული ნუგბარიც ყურძნის წვენისგან მზადდება. ძალიან აინტერესებთ, როცა ვეუბნებით, რომ დასაქორწინებელ ბიჭზე, რომელიც ჯერ არ არის ოჯახის შექმნისთვის მზად, ვამბობთ, რომ მაჭარია, დასაღვინებელი, უკვე ცხოვრებისეული გამოცდილების მქონეს კი - დაღვინებულს. იცინიან, ღვინის ქვეყანაში ეს გასაკვირი არ არისო. მერე დავძენ, არ გაგიკვირდებათ, თუ უხასიათოზე, უჟმურზე იტყვიან, დაძმარდაო, ხოლო ლამაზ ქალს რომ დაინახავენ, ღვინოსავით მათრობელააო, იტყვიან; რომ რთველიც ჩვენს სახელწოდებაშია, "ქა-რთველი". ვუამბობ ვაზის ოფიციალურად დარეგისტრირებულ თუ არაოფიციალურ ჯიშებზე. ასევე აჭარაში ვაზის გადამალვის, გახიზვნის ისტორიას. როდესაც ქართულ ვაზს ებრძოდნენ, აჭარელმა კაცმა ტყეში გახიზნა ვენახი, რომლის ჯიშად გამოყვანა და ტყიდან დაბრუნება ახლა ხდება და ასე შემდეგ....

- რას აღნიშნავენ ყველაზე ხშირად აქ ყოფნისას?

- ხშირად აღნიშნავენ, რომ მათთან არ არის ახალგაზრდა თაობის ასეთი მჭიდრო კავშირი თავის ფესვებსა და ტრადიციებთან, როგორიც თქვენთანო. ქართულ ცეკვას რომ ნახავენ, მრავალხმიან სიმღერებს რომ მოისმენენ, ამბობენ, ჩვენ ამას ვხედავთ არა მარტო სცენაზე, არამედ ნებისმიერ ქართულ სუფრასთან და ვხედავთ სიყვარულს ამ ყველაფრის მიმართო.

ტურის აუცილებელი ელემენტია გასტრონომია. ამიტომ გიდი ქართულ გასტრონომიას კარგად უნდა იცნობდეს. ქართული სამზარეულო საქართველოს ისტორიაა სუფრით წარმოდგენილი. იგივე ითქმის ქორეოგრაფიაზე, სადაც ილეთ-ილეთ არის მოთხრობილი ჩვენი ქვეყნის ისტორია. როცა მომლოცველობით ტურს ვატარებთ, იქაც არის გასტრონომიული ელემენტები. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ტურში მხოლოდ მართლმადიდებლები დადიან, დიდი და ღრმა პატივისცემა იგრძნობა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთაგან. მე თვითონაც ისეთ ქალაქს წარმოვადგენ, რომელიც მულტიეთნიკური და მულტიკულტურული სიჭრელით გამოირჩევა. რელიგიური ტოლერანტობის ქვეყანა რომ ვართ, ძალიან კარგად ხედავენ. შეიძლება ნებისმიერ ქართულ ოჯახს ესტუმრო და ეს დაინახო. ისევ აჭარის მაგალითზე ვიტყვი. გვყავს ოჯახები, სადაც მინიმუმ 2 რელიგიაა ხშირად წარმოდგენილი - ვგულისხმობ ისლამსა და ქრისტიანობას. ჩვენთან სადღესასწაულო სუფრაზე ერთად ხერხდება სააღდგომო პასკისა და ბაირამის ხალვის დადება.

- აჭარიდან ბრძანდებით და ჩვენი ვირტუალური ტურიც აჭარიდან დავიწყოთ.

- ძალიან საინტერესო და ცრემლებამდე ემოციურია, როდესაც ვუამბობთ, როდესაც მაღალმთიან აჭარაში რელიგია შეიცვალა, ქალები აცხობდნენ მჭადს, რომელსაც შუაში ჯვარს უსვამდნენ, და როცა სპეციალურად მიმაგრებული ადამიანები აძლევდნენ შენიშვნას, რატომ დასვით ჯვარი, თქვენ უკვე ამ რელიგიას არ ემსახურებითო, ისინი პასუხობდნენ, ადვილად რომ გატყდეს ოთხ ნაწილადო.

- აჭარულ ხაჭაპურზე ამბობენ, რომ ნავისა და ზღვაში ჩამავალი მზის სიმბოლოა.

- დიახ, რადგან აქ, ძირითადად, მენავეები იყვნენ. ლაზი მეთევზეების, ლაზური ნავის შესახებაც უთუოდ გსმენიათ. მსუბუქი ლაზური ნავი ხშირად ქარიშხლის დროს გადაბრუნდებოდა ხოლმე, მაგრამ სწორედ სიმსუბუქის წყალობით მარტივად შეიძლებოდა პირვანდელ მდგომარეობას დაჰბრუნებოდა. ამიტომ ქალები თავიანთ მეუღლეებსა და ყველა მეთევზეს მზიან ამინდს უსურვებდნენ. რიტუალური გასტრონომიის ნაწილი იყო, როცა ცომისგან ნავს აკეთებდნენ გულსართად ყველს დებდნენ, ბოლოს კი კვერცხს, სიცოცხლისა და მზიანი ამინდის სიმბოლოს.

მეთევზეების თემა ქორეოგრაფიაშიც აისახა, ამიტომ შესაძლოა გიდს ლაზურ ცეკვებზეც მოუწიოს საუბარმა. ტურისტებისთვის მათთვის სიახლეა, რომ ქართული ცეკვის დროს მამაკაცი ქალს არ ეხება, რაც უნდა მიუახლოვდეს და გაუთამამდეს ცეკვის დროს, რომ აჭარული "განდაგანა" სიყვარულის ისტორიაა, მაგრამ მამაკაცი ქალს მაინც არ ეხება.

- გადავინაცვლოთ სხვა რეგიონებში...

- შავი ზღვის სანაპიროს გავუყვები და აფხაზეთიდან დავიწყებ. ყველაზე ემოციური ის არის, როდესაც ვეუბნები, რომ აფხაზეთს მონათხრობით ვიცნობ. ვუყვები, რომ საქართველოს გენოფონდის ინტელექტუალური ნაწილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, რომ დედები დღემდე შავს ატარებენ და არ ყოფილა ოჯახი, რომელსაც არ დაეკარგოს ამ ომში წევრი ან ნათესავი. აფხაზეთი მთელი საქართველოს ჭრილობაა. იმედიანად ვამთავრებ და აუცილებლად ვეუბნები, რომ აუცილებლად ვიტყვით: "გამარჯობა, აფხაზეთო შენი!"

რაც შეხება სვანეთს, მახსოვს, ერთი სტუმარი მყავდა, ლიეტუველი გოგონა სეულიე, რომელმაც გვითხრა, ჩემი სახელი მზეს ნიშნავსო, და ჩვენ მას შინაურულად ლილეს ვეძახდით. ისიც ვუთხარით, რომ გვაქვს სვანური მზის საგალობელი "ლილე". სვანური კოშკები რომ ნახა, სვანმა მასპინძელმა ერთზე უთხრა, ეს ახალი კოშკია, მე-11 საუკუნის, წამო, უფრო ძველებს გაჩვენებო და გაგიჟდა გოგო, სწორად გავიგეო? მისტიკა რომ არის სვანეთი, ამას სიტყვით კი არ ისმენს ტურისტი შენგან, არამედ ხედავს და გრძნობს, თუკი 2 დღეს მაინც გაატარებს იქ. სვანური კოშკები მისთვის უკვე რაღაც ნაგებობა კი არ არის, საგვარეულო წიგნების შესანახია, მიბარებული განძეულის შესანახი ადგილი. გაოცებული არიან, რომ სვანი ლამარიას მონასტერში გულმხურვალედ ლოცულობს და ამავე დროს ნადირობის ქალღმერთ დალის მიმართავს ნადირობის წინ. ძალიან მოსწონთ სვანური სამზარეულო: კუბდარი, წიწაკით და სვანური მარილით მომზადებული. სვანურ სულგუნზეც ვესაუბრებით და კითხულობენ, რითი განსხვავდება მეგრული სულგუნისგან სვანურიო, და როცა პასუხობენ, სვანმა ძროხამ მოიწველაო, იცინიან. იუმორში ხომ საქართველოს არცერთ კუთხეს არ უჭირს.

- ჩამოვიდეთ სამეგრელოში...

- რთულია დაასახელო რეგიონში მხოლოდ ერთი ღირსშესანიშნაობა, მაგრამ მხოლოდ მარტვილის მონასტრის ნახვის შემდეგ, როდესაც დადიანების ისტორიას უსმენენ, დადიანების საფლავთან მიდიან, ამ სიძველეში ლოცულობენ, დავით აღმაშენებლის სალოცავ ოთახს ნახულობენ, იგებენ, რომ ნაპოლეონის ნიღაბი აქ ინახება, მათთვის იმდენად საინტერესოა, რომ ყველაფერს ბლოკნოტებში ინიშნავენ. თქვენი არ იყოს მეგრულ გასტრონომიაზე აღარ დავიღამებ, მარტო ერთზე შევჩერდები: მეგრელი ხაჭაპურს სულგუნს და კვერცხს ზემოდან აყრის და ამ ყველაფერს ერთად აბრიალებული მზის ფორმა აქვს.

გურიაში გადავალ - მთვარის ფორმა რატომ აქვს გურულ ღვეზელსო, მეკითხებიან. ყველაზე კაშკაშა მთვარე შობის ღამეს არის და იმიტომ. გურულ ღვეზელს მთელი საქართველო 7 იანვარს აცხობს.

იმერეთზე საუბრისას სუფრის მრავალფეროვნებაზე ვუამბობთ, იმასაც ვიხსენებთ, ქუთაისი რომ საქართველოს დედაქალაქი იყო. უკვირთ, როდესაც ვეუბნებით, რომ მხოლოდ გელათში გვყავს 28 მეფე დაკრძალული და გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იმერეთში სულ გარბენით რომ იყო, გელათი, ბაგრატის ტაძარი და მოწამეთა აუცილებლად უნდა ნახო. კიდევ კარგი, რომ არსებობს იმერული სუფრა და იუმორი, რომლის წყალობითაც გუნებას ისხვაფერებენ ტურისტები.

იმერეთში სხვა რომ არაფერი ნახონ, კაცხის სვეტიც ყოფნით საოცრებად. უცხოელი ტურისტებისგან ხშირად გაიგონებთ, თუკი ევროპაში ტაძრებს ადამიანის ხელი ეტყობა, აქ ღვთის ხელი იგრძნობა - კაცხის სვეტი ამის დამადასტურებელიაო.

რაჭაში გადავალ. რა თქმა უნდა, რაჭის ბუნებით მოხიბლული არიან. იციან, რომ ნიკორწმინდა აუცილებლად უნდა მოინახულონ. მნიშვნელოვანია, როცა თუნდაც ერთი სოფლის ხვანჭკარას ისტორიაზე აღმოაჩენენ, რომ თურმე მარტო ღვინო არაა ხვანჭკარა. ან რატომ ჰქვია ხვანჭკარა და რა ღვინოების კუპაჟია. ამჩნევენ, რომ რაჭველი კაცი ტკბილად და მორიდებით გესაუბრება. ლობიანის შესახებ იგებენ, რომ თუ მარხვაა, რაჭულ ლობიანს მთელი საქართველო აცხობს, თუ ხსნილია, ლობიანს ზედ რაჭულ ლორს ათლის რაჭველი კაცი. უკვირთ, როგორ შეიძლება საქართველოს ყველა რეგიონში ცომი ერთი იყოს და სხვადასხვანაირ გასტრონომიულ შედევრს გთავაზობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

- წამოვიდეთ ქართლისკენ.

- შიდა ქართლით და მისი ისტორიით ვიწყებთ.

- სხვათა შორის, არაერთი გიდისგან მსმენია, რომ სტალინის სახლ-მუზეუმით ბევრი ტურისტი ინტერესდება, განსაკუთრებით გერმანელებიო.

- გორში უპირველესად სტალინით ინტერესდებიან. აინტერესებთ სტალინის მენიუ, შვილებთან ურთიერთობა... სხვათა შორის, ბათუმთან კავშირში სტალინზე ვუყვებით, რომ დღეს სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰილტონია", ადრე ციხე იყო, სადაც სტალინი იჯდა. დღემდე ინახება ჩვენთან მუზეუმში კეკეს დაკემსილი ლეიბები. დავუბრუნდეთ გორს, რომელიც ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია როგორც სტალინით, ასევე იაკობ გოგებაშვილით. ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველოში ბავშვები პირველივე გაკვეთილზე სწავლობენ წინადადებას: "აი ია".

რაც შეხება ქვემო ქართლს, თბილისი რომ დედაქალაქია, იციან, რომ ყველა ენაში ასე არ წარმოითქმის და მათთვის ესეც საინტერესოა. ფიროსმანის ამბავიც ჩამოსვლამდე იციან და გვებნებიან, ასეთი სიყვარული იცის ხომ ქართველმა კაცმა, შეიძლება სახლი გაყიდოს და მილიონი ვარდი მიართვას ქალსო. ჩვენ ვეუბნებით, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი გვაქვს - 6 კვადრატულში, იმ კიბის უჯრედში, სადაც ფიროსმანმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

მცხეთა-მთიანეთში მხოლოდ ხინკალზე რომ მოვყვეთ, ეს უკვე საინტერესოა. გეკითხებიან, რას ნიშნავს მრავალნაოჭიანი ხინკალი. ითხოვენ დაგემოვნებას, მასტერკლასს, სურთ თავიანთი ხელით გააკეთონ. ჯვრიდან რომ გადაიხედავენ, მტკვრისა და არაგვის შეერთებას უყურებენ და აღტაცებული არიან.

ყაზბეგზე მხოლოდ ის შეიძლება ვთქვათ, რაც კნუტ ჰამსუნმა თქვა საქართველოში მოგზაურობის დროს: "არსად მინახავს უფრო წითელი ღვინო, უფრო ლამაზი ხალხი და გულწრფელად მჯერა, რომ ყაზბეგის მიდამოებში ღმერთი ბინადრობსო", - მგონი, ამით შეიძლება გადმოსცე მთელი ყაზბეგის ისტორია.

სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტი რომ გამოვყოთ, ისიც კმარა. ბორჯომის მინერალურ წყალს მთელ მსოფლიო იცნობს. ბორჯომი საინტერესოა ასევე ბუნებით, კლიმატით, წყლებით, რომანოვების ცნობილი სასახლით, სადაც საინტერესო ექსპონატებია დაცული...

რაც შეეხება კახეთს, მარტო ის რომ ვუამბოთ, რომ როცა კახელ კაცს ტაძარ-მონასტერი არ დაუტოვეს, მარანში ატარებდა ჯვრისწერისა და ნათლობის რიტუალს, სულგანაბული გვისმენენ. ქეთევან წამებულის ისტორიას რომ ვუყვებით, როგორი პასუხი გასცა მან სასჯელის წინ შაჰს: მე ვარ დედა მეფისა, მეუღლე მეფისა, შვილი მეფისა, თავადაც მიმეფია, ჩემს საქციელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სამაგალითოა ქვეყნისთვისო, ცრემლებს ძლივს იკავებენ. ვუამბობთ, როგორ ითხოვა დედოფალმა, არ გაეშიშვლებინათ სიკვდილის წინ და არ შეუსრულეს. ვუყვები, რომ საუკუნეების შემდეგ მისი ნეშტი დაბრუნდა საქართველოში და ამას ემოციების გარეშე ვერ ისმენენ.

როდესაც ქართული ანბანის შესახებ ვუყვები, ვთქვათ, ჩემს ქალაქში, ბათუმში, ქართული ანბანის კოშკთან, სულგანაბული მისმენენ. ვეუბნები, რომ ქართული ანბანი ქართულ დე-ენ-ემს გამოსახავს. მსოფლიოში თუკი 5 ათასამდე ენა არსებობს, მხოლოდ 14 დამწერლობაა და თავს ვიწონებ, რომ მათ შორის სამივე ქართული ანბანი მოქმედი და მნიშვნელოვანია. ქართველი ქალის და მისადმი დამოკიდებულების შესახებს საუბრისას კი ხშირად ვეუბნები, რომ გურიაში ქალს ცა-თი მიმართავენ, რაც მიუწვდომლის მანიშნებელია. ამაზე გიჟდებიან, კი ყოფილა მეორედ მოსვლის ენა ქართულიო. უკვირთ, როცა ვამბობ, რომ ჩვენთან ქალების 90% ქორწინების შემდეგ გვარს არ იცვლის. რომ თუ კარგი ვარ, მამაჩემის ოჯახის დამსახურება და ღირსებაა, და თუ ცუდი, ისიც გამზრდელი ოჯახის დანაშაულია. ოჯახის სიწმინდის თემაზე გეკითხებიან, პატრიარქატისა და მატრიარქატის თემით ინტერესდებიან. ვეუბნები, რომ კი, ბატონო, ოფიციალურად პატრიარქატია, მაგრამ გენდერზე ჩვენ ჯერ კიდევ როდის დავიწყეთ საუბარი - მე-4 საუკუნეში 16 წლის გოგოსგან ქრისტიანობა მიიღო საქართველომ. მე-16 საუკუნეში ალაპარაკდა ევროპა გენდერზე, ჩვენ მე-12 საუკუნეში ქალი მეფე გვყავდა-მეთქი და იცით, რას მეუბნებიან? - რა ტკბილი იქნება თქვენს ქვეყანაში დაბერება, სიბერის ასაკის და ჭაღარის შიში არ გექნება, ღიმილით დაბერდებიო. ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის სანატრელია, როდესაც ვეუბნები, რომ თაობათა წყვეტა არ გვაქვს ოჯახებში და ხშირად ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ძირითადად, უმცროსი, იღებს ამ ვალდებულებას. რომ შეიძლება გათხოვდე და ოჯახში არა მხოლოდ დედამთილი, დიდი დედამთილიც დაგხვდეს.

- ამ თემებით ევროპული ნაწილიდან ჩამოსული ტურისტები ინტერესდებიან თუ აზიურიდან?

- აზიას არ უკვირს. ყაზახეთსა და უზბეკეთს მსგავსი ოჯახური მოდელი აქვთ, ევროპელებს კი ძალიან უკვირთ ... მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ვეუბნები, რომ მშობლების მიტოვება სირცხვილად ითვლება. მინახავს დაფიქრებული, შეწუხებული მამაკაცები, რომლებსაც უთქვამთ, ჩვენ მხოლოდ შობას თუ მოვინახულებთ დედებსო.

ასევე მეკითხებიან, თქვენ ხელფასებს რომ გადავხედავთ, გვიკვირს, ასეთი მანქანები და სახლები როგორ გაქვთო. ვეუბნები, ეგ მეც ვერ ამომიხსნია, მაგრამ ქართული ბუნებიდან გამომდინარეობს, იმიტომ, რომ თავმომწონეა-მეთქი და ქობულეთის მაგალითი მომყავს. ძველ დროში ამბობდნენ, ჩემი "ვოლგა" შენს "ვოლგაზე" ერთი მტკავლით მეტიაო. ქობულეთელები სახლსაც ასე აშენებენ. პირველმა რომ ააშენა სახლი, მეორემ ერთი მტკავლით მეტი ააშენა, მესამემ - იმაზე ერთი მტკავლით მეტი და ქუჩის ბოლოში სახლი აღარ ეტეოდა-მეთქი. ქართული ბუნების ამ ელემენტებს რომ ვუყვები, მათთვის სახალისოც არის და ადვილად გასაგებიც.