რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, მათაც მოუწევთ თუ არა უკრაინის ომში მონაწილეობა... ნაწილის თქმით, მათთვის, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ეს გარდაუვალია, თუმცა სხვები აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომი მათი საქმე არ არის. რაც შეეხება "მოხალისე მეომრების" წასვლას, ეს პირადად მათი გადასაწყვეტია.
ე.წ. ხელმძღვანელობის კატეგორიული უარის მიუხედავად, რომ აფხაზებს უკრაინაში საომრად წასვლა არ მოუწევთ, რუსულ მედიასთან საუბარში აფხაზეთის ე.წ. პირველი პირები ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, აფხაზეთიდან სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის...
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში მობილიზაცია არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ.
"მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი", - განაცხადა მან.
აფხაზების თქმით, არძინბას ამგვარი პოზიცია, ადგილობრივების ერთგვარი წახალისება და იდეურად შემზადებაა, რადგან რუსულ მედიაში უკვე საშემოდგომო გაწვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
ამის ფონზე, რუსული ოპოზიციურ მედია უკვე წერს, რომ კრემლში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის მობილიზაციასაც განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ meduza.io წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ცხინვალის რეგიონმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თავის მოქალაქეებს როგორ მოექცევა, მაგრამ აფხაზეთში არავის აქვს უფლება, თუნდაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის ომში გაუშვას.
"21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს გაწვევა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხება, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან შესაბამისი სამხედრო გამოცდილება აქვსო, მაშინვე მივხვდი, რომ ეს პრობლემა გვერდს ვერ აგვივლიდა. მყავს ნათესავები, რომლებმაც სამხედრო მომზადება რუსეთის ერთ-ერთ ნაწილში მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგაც მსახურობდა რუსეთის ერთ-ერთ ელიტარულ ნაწილში. გასაგებია, რომ მას აუცილებლად მოუწევს ამ ომში მონაწილეობა, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად მივუდგებით, არც მათ უნდა შეეხოს ეს გაწვევა. მათ მხოლოდ სწავლა გაიარეს, იმ ქვეყნის შვილები არ არიან, უკრაინაში კი, აფხაზეთი კი არა, რუსეთი იბრძვის, ასე არაა?!" - წერს ანა საბუა.
ekhokavkaza.com-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, აფხაზები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ამ ომში ისინი არაფერი შუაში არიან.
"აფხაზეთის მოქალაქეები ემორჩილებიან მხოლოდ ადგილობრივ სამხედრო კომისარიატს. ჩვენ ჩვენი კანონები გვაქვს. რუსეთში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და იქ ჩაატარონ მობილიზაცია. სხვა ქვეყნის კანონებს აფხაზეთში არ შეასრულებენ. კიდევ კარგი, გამოვიდა ჩვენი სახალხო კრების სპიკერი ლაშა აშუბა და განმარტა, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება. იმედია, მის სიტყვას ფასი აქვს" - ამბობს გამოცემათან საუბარში ასლან კობახია.
"რადგან ჩვენ არაერთ სხვადასხვა სფეროში და მათ შორის სამხედრო საკითხებში ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული, როგორც მოკავშირეებს, ვფიქრობ, მობილიზაციის ფარგლებში მოგვიწევს რუსეთს მხარი დავუჭიროთ, როგორც მოკავშირემ, თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩვენთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ აქვს დადებული", - მიაჩნია დენის ხარჩილავას.
იხილეთ ასევე: