"ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, "საოკუპაციო შენატანის“ გადახდის ვალდებულება დაეკისროთ.
როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საოკუპაციო შენატანი ლარებში იქნება განსაზღვრული, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ამით ერთი მხრივ, მათი მხრიდან მოხდება იმის აღიარება, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მეორე მხრივ, კი შემოსული თანხები დევნილებს მოხმარდება. ბეჟაშვილმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ეს ინიციატივა არ განიხილონ პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში და აღნიშნა, რომ საჭიროა ერთობლივად, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება.
"არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ვთავაზობთ საკანონმდებლო ინიციატივას. მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, საზოგადოებაში სამართლიან გულისწყრომას და კითხვებს წარმოშობს. ჩვენი ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს, რომლითაც პოლიტიკურ განაცხადს გავაკეთებთ ამ პროცესთან მიმართებით. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას, რომელიც ლარებში იქნება განსაზღვრული, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
გადახდის უზრუნველყოფით გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი. იმავდროულად, ეს შენატანი უნდა გახდეს გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის ვინც მრავალ ათეულ ათასობით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. დევნილთა სამინისტროში შექმნილი იქნება დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად დევნილების საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული. დღევანდელი სტატისტიკით რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 280 000 მოქალაქე უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლო ათ დღეში, დაახლოებით 80000 ადამიანი შემოვიდა, შესაბამისად, ამ შენატანის დაწესებით საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლები იქნება, რომელიც დევნილების საჭიროებებს მოხმარდება. ეს ვალდებულება უკვე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მომსახურების გაწევისას მათ მოსთხოვენ ამ თანხის გადახდის დამადასტურებელო ქვითარი.
ვფიქრობ, ეს ინიციატივა უნდა იყოს საერთო პოლიტიკური, სახალხო ინიციატივა, საზოგადოება მე მგონი აბსოლუტურად ეთანხმება მას და ეს მოდის საზოგადოებიდან, კონკრეტული მოქალაქეების მომართვის საფუძველზე. ჩვენ ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" უნდა მოვუწოდოთ, ეს საკითხი არ განვიხილოთ კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივების და დაპირისპირების ჭრილში. ყველა ვაცნობიერებთ საფრთხეებს, შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ამ მხრივ დავაფიქსირებთ პოზიციას დევნილების მიმართ და ეს იქნება საერთო სახალხო გადაწყვეტილება," -განაცხადა ბეჟაშვილმა.