საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე უახლოეს მომავალში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევისთვის მობილიზაციის პუნქტი განთავსდება.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, საგუშაგოზე გაიმართა შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის შს მინისტრს, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსს, რუსეთის ფედერაციის "ეფ-ეს ბეს" რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და რეგიონის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის.
დადასტურებულად უკვე ცნობილია, რომ გადაწყდა რუსეთის დატოვების მსურველებისთვის საქართველოს საზღვარზე ფეხით გადაადგილების უფლების მიცემა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსები ზემო ლარსის საგუშაგოზე საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევდნენ იმ მამაკაცებს, რომლებიც ომში წასვლის პირობებს აკმაყოფილებენ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, "ეფ-ეს-ბეს" გადაეცა სპეციალური სიები და ამ სიაში მყოფ მამაკაცებს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.