ავტორი:

"ომში წასვლას ციხეში ჯდომა გვირჩევნია! საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას და გავიგეთ, რომ ლარსზე რიგებია" - რას ჰყვებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველები?

"ომში წასვლას ციხეში ჯდომა გვირჩევნია! საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას და გავიგეთ, რომ ლარსზე რიგებია" - რას ჰყვებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველები?

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, გაწვევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარეზერვო ძალას შეადგენენ. რუსეთი უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას აპირებს. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 000 რეზერვისტს, იქვე დასძინა, თუ დაგვჭირდა, ჯარში 25 მილიონი კაცის წაყვანა შემიძლიაო. მობილიზაციისათვის თავის არიდება პატიმრობით ისჯება.

მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს რუსეთის ქალაქებში აქციები და ხალხის პროტესტი მოყვა. რამდენიმე დღეა აქციები იმართება მოსკოვში და სხვა ქალაქებში, მაგრამ ადგილობრივი სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აპატიმრებენ.

პუტინი რომ მობილიზაციას გამოაცხადებდა, ამის მოლოდინი რუსეთში იყო და რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეთა ნაწილმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი და მასობრივად დაიწყო ქვეყნის დატოვება. დიდი მოთხოვნის გამო ძალიან გაიზარდა ბილეთების ფასებიც.

როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რუსეთიდან ერევანში ფრენის ღირებულებამ 1400 დოლარს გადააჭარბა და ფაქტობრივად ბილეთები არ არის. მოსკოვიდან გადაჯდომით ბათუმში რომ ჩაფრინდეს ადამიანი, 1700 დოლარზე მეტი დაუჯდება. უსაშველო რიგებია ლარსის გამშვებ პუნქტთან, სადაც მანქანების კოლონები დგას.

რუსეთში მცხოვრები ქართველი ლიანა ნ:

- წლებია აქ ვცხოვრობ და აქ ვმუშაობ. რუსეთის მოქალაქეობა მაქვს. ძალიან რთული ვითარებაა, მართალია მოსკოვის ქუჩებში თითქოს არაფერი ხდება და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია, მაგრამ ძალიან გაჭირდა ცხოვრება. ეკონომიურად ყველას უჭირს. ყველაფერი გაძვირებულია, ხალხს ფული არ აქვს. მაღაზიებში ვერაფერს ყიდულობენ მოხუცები და გრამებით მიაქვთ საჭმელები. ახლა მობილიზაციის საკითხმა საგონებელში ჩააგდო მოსახლეობა. ბევრი ადამიანი მართალია ღიად არ აფიქსირებს თავის პროტესტს, რადგან ეშინია, მაგრამ ბოლო დღეებში ხალხი ქუჩაში მასიურად გამოვიდა და ქალაქის ცენტრში სისტემატურად აკავებენ ამ ადამიანებს.

ისინი აპროტესტებენ მობილიზაციის გამოცხადებას, წამებში ხდება მათი დაკავება, იქვე ჩასაფრებულები არიან სპეცრაზმელები და მათ იჭერენ. ჩვენ თუ გადავაწყდებით ხოლმე სოციალურ ქსელში რაიმე ინფორმაციას, თორემ ტელევიზორს აქ ვერ უყურებ. მსგავს ინფორმაციას აქ ვერ მოისმენ. პროპაგანდისტული მანქანა ისევ მოქმედებს. ტელევიზიით გამოყავთ ისეთი ადამიანები, ვინც იწონებს პუტინის ნაბიჯებს და ამბობს, რომ ის სწორად იქცევა და თავის ხალხს იცავს. ხმამაღლა ვინც გააპროტესტებს რამეს, ის აუცილებლად მოხვდება დროებითი დაკავების იზოლატორში, მათ ძირითადად აჯარიმებენ და მერე უშვებენ.

პირად საუბარში ბევრი ქალი ამბობს, მირჩევნია ჩემი შვილი დეზერტირობისთვის დაიჭირონ და ციხეში იჯდეს, ვიდრე იქ საომრად წავიდესო. მეც გაურკვეველ სიტუაციაში ვარ. ჩემი ბავშვები ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან და მათ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ ალბათ ჩემს ქმარსაც გამოიძახებენ, თუმცა ის არ აპირებს წასვლას საომრად. მართლა ჯობია ციხეში ჩაჯდეს, ვიდრე ამ ომში ჩაერთოს. ჩვენც ვაპირებთ საქართველოში წასვლას, რადგან ვხედავთ ყოველდღე უფრო რთულდება აქ ცხოვრება. რამდენიმე მაღაზია მაქვს და ფაქტობრივად ვაჭრობა არ არის. მხოლოდ საჭმლის ფულს თუ ახერხებ ადამიანი. ბევრი ჩემი ახლობელი დაბრუნდა საქართველოში, ბევრი ამერიკაში წავიდა, უკვე აქ ცხოვრების პერსპექტივას ვერ ვხედავ. სანამ მასიურად დაიწყება მობილიზაცია, მანამდე ალბათ ჩვენ წავალთ აქედან.

დიანა კილასონია:

- მგონი აქ ხალხი გამოფხიზლდა და პროტესტი მასშტაბურია. თუ ადრე დაჭერის ეშინოდათ, ახლა აღარ ეშინიათ და ქუჩაში აქციებზე გადიან. მესიჯებს აგზავნიან ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებში აანონსებენ შეკრების ადგილებს და ხალხი აპროტესტებს მობილიზაციას. მე სადაც ვმუშაობ იქ ბევრი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცია, მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, წლებია აქ ცხოვრობენ, ეს ბიჭები ძირითადად ტაქსაობენ და გუშინ ისინიც ამბობდნენ, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედანო.

  • ამ ზაფხულს ერთი ჩემი ახლობელი გადაიყვანა ლარსის საზღვარზე რუსმა მამაკაცმა და მას დავუკავშირდით, რომ გაგვეგო ახლა რამდენად ადვილად შეძლებს ხალხის გადაყვანას. მან თქვა, რომ გადავსებულია ლარსი და ხალხი უზარმაზარ რიგებში დგას.

აქაც გართულდა ვითარება, რუსი მესაზღვრეები გადამსვლელებს თხოვენ დასაბუთებას, თუ რის გამო მიდიან ისინი საქართველოში, რამდენიმეს ჩემს თვალწინ უარი უთხრესო. არის მოლოდინი, რომ ორ დღეში გამკაცრდება კიდევ და უკვე გადასვლა პრობლემა იქნება. გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მიმართულებით. ორი კვირის ბილეთები უკვე გაყიდულია მოსკოვიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის თვითმფრინავებზე და პრაქტიკულად ბილეთის ყიდვა შეუძლებელია.. კანონით მობილიზაციას არ ექვემდებარებიან: მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებული არიან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომელთა რაოდენობა 4,2 მლნ-ია. სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები.

მობილიზაციას ექვემდებარებიან: მოქალაქეები, რომლებიც მსახურობდნენ ჯარში. ისინი, რომლებსაც აქვთ საჭირო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. გაწვეულები გაივლიან სამხედრო წვრთნას ან გადამზადებას. პროცედურა ასეთია, რუსეთის მოქალაქეებს ჯარში გაწვევის დოკუმენტი ჩაწერის ადგილას მისდით იურიდიულ მისამართზე, ან დამსაქმებელთან, რადგან ის კანონით ვალდებულია უწყება ადრესატს გადასცეს. თუ მიაგნეს და უწყება ადრესატს ჩაბარდა, ის პირი ვალდებულია გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ისიც ცნობილია, 2 ქალაქში - ტოლიატისა და ნიჟნი ნოვგოროდში სამხედრო კომისარიატებში ხანძარი გაჩნდა. 24 თებერვლის შემდეგ, ცეცხლი უკვე ათზე მეტ კომისარიატს წაეკიდა. იურისტები ამბობენ, რომ ყველაზე მარტივი გზა დამალვაა. თუ უწყებას სანამ პირი არ ჩაიბარებს, ჯარშიც ვერ წაგიყვანენ. საიმედოდ დამალვა მხოლოდ ემიგრაციაში წასვლაა და ამიტომ ტოვებს ასე მასიურად რუსეთს ახალგაზრდები.

- დავითი 36 წლის:

- პროფესიით იურისტი ვარ, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ. ჯარიც დამთავრებული მაქვს და მომივა ალბათ კომისარიატიდან მოწვევა. ჯერ არ მომსვლია, ჩემს მშობლებთან, მოსკოვში ვარ ჩაწერილი. მე და ჩემი მეუღლე შვილთან ერთად სხვა ქალაქში ვცხოვრობთ. ჩემი ბევრი სამეგობრო წავიდა ემიგრაციაში. ძირითადად ამერიკაში წავიდნენ ამ ომის შემდეგ. მეც უკვე ვფიქრობ აქედან წასვლას, რადგან აქ დარჩენის პერსპექტივას ვერ ვხედავ. რაც დრო გადის, უფრო რთულდება ყველაფერი. მეც მყავს საქართველოში ნათესავები, რადგან ჩემი მშობლები ქართველები არიან, მაგრამ მე ბავშვობის შემდეგ იქ ჩასვლა ვერ მოვახერხე. ომი რომ დაიწყო მას შემდეგ მეც ვფიქრობდი გადავსულიყავი საქართველოში, მაგრამ ისევ შევჩერდი.

ახლა ალბათ მეც მომიწევს გზების პოვნა, რადგან იარაღის აღებას არ ვაპირებ. დედაჩემი ძალიან შეშინებულია და ყოველდღე მირეკავს. მამა ავად არის, ისიც განიცდის. ჩემი ახლობლის შვილი დაიღუპა ამ ომში, ის უკრაინელი იყო და თავის მიწას იცავდა, ჩვენ ვის უნდა ვეომოთ? არა, არ ვაპირებ ამ ომში მონაწილეობას. ისიც ცნობილია, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები და გამკაცრდა სასჯელები. დეზერტირობა, ასევე მობილიზაციისათვის თავის არიდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 15 წლამდე.

დაუმორჩილებლობა და ბრძოლაზე უარის თქმა 2-3 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელი იზრდება და 3-დან 10 წლამდე პატიმრობაა. ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარება თუ ღალატის ნიშნების არარსებობა აღმოჩნდა 3-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მაროდიორობა - სხვისი ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევა და (ან) მითვისება დამნაშავე პირის მიერ - ისჯება 6 წლამდე პატიმრობით. თუ მაროდიორობა ჩადენილია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არასაშიში ძალადობის გამოყენებით ან ასეთი ძალადობის მუქარით, პატიმრობის მაქსიმალური ვადა იზრდება 10 წლამდე, ძალადობის ან მკვლელობის შემთხვევაში კი პატიმრობის ვადა 12-დან 15 წლით განისაზღვრება.

ნახეთ ასევე: