ავტორი:

"თავმდაბალი ადამიანი ვარ, მაგრამ არა უთავმოყვარეო... ერთხელ რომ მითხრა სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი, მეორედ აღარც მივედი" - ქართველი მხატვარი, რომლის ნახატები ლუვრის მუზეუმში მოხვდა

"თავმდაბალი ადამიანი ვარ, მაგრამ არა უთავმოყვარეო... ერთხელ რომ მითხრა სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი, მეორედ აღარც მივედი" - ქართველი მხატვარი, რომლის ნახატები ლუვრის მუზეუმში მოხვდა

"რა დასანანია, ლუვრში (ლუვრის მუზეუმი პარიზში) ერთადერთი მხატვარი ვარ, რომელიც არავინ დააფინანსა და სრულად ჩემი ხარჯებით წამოვედი" - ეს სიტყვები სოციალურ ქსელში 28 წლის მხატვარმა ალექანდრე ვაშაყმაძემ გაავრცელა... მხატვარს საფრანგეთში დავუკავშირდით, რომელმაც თავისი წარმატებების შესახებ და სამშობლოში განცდილ უყურადღებობაზეც გვიამბო...

- ჩემი ნახატები, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დაცული - კანადა, იტალია, რუსეთი, აშშ, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონია, ასევე გამოფენები მქონდა ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში... ნამუშევრები გახდა ინსპირაცია ამერიკელი პოეტისთვის, რომელმაც 4 წიგნი მომიძღვნა და ჩემი ნახატებით გააფორმა. ვარ გამარჯვებული სხვადასხვა არტ ფესტივალების, მათ კოლექციებშია ჩემი ნამუშევრები... მაგალითად, ტრილიონიანი ოქროს კომპანიის "ყამანა გოლდის" პირად კოლექციაში ჩემი ორი გამორჩეული ნახატია დაცული... ჩემმა მეუღლემ ჩემგან ფარულად დამარეგისტრირა კონკურსში, რომელიც უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ნახატი იმდენად მოეწონათ, შეიძინეს და თავის დახურულ კოლექციაში განათავსეს...

- ამერიკელი პოეტი როგორ გახდა თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელი?

- ამერიკელმა მოხუცმა პოეტმა, ინტერნეტით აღმოაჩინა საიტი და ჩემი მხატვრობა იმდენად შეუყვარდა, რომ არათუ ოთხი წიგნი მომიძღვნა, ჩემს პიროვნებას იმდენად ჩაეძია, მოინათლა, გაქრისტიანდა და სულ ამბობს, რომ მე და ჩემი მხატვრობის სიღრმემ აიძულა მონათლულიყო...

- ანუ დღესაც მეგობრობთ...

- დიახ, უკვე მესამე წელია ვმეგობრობთ და სულ მეუბნება, რომ ოცნებად აქვს პირადად შემხვდეს, მთელი საქართველო მოიაროს, გაეცნოს და შეიგრძნოს ჩვენი კულტურა... ძალიან ამპარტავნულად გამომივა, მაგრამ მის სიტყვებს ვიმეორებ, უნდა რომ შეიცნოს ის კულტურა, რომელმაც ჩემნაირი მხატვარი შვა.. მეც იმდენად შემაყვარა თავი, რომ მესამე წიგნი, რომელიც მომიძღვნა, მისი პორტრეტი დიდი სიყვარულით დავუხატე და მან გარეკანზე განათავსა. წიგნს კი სახელად, "სულში ჩახედვა" დაარქვა.

ეს პოეტი მარტოხელაა და ძალიან გულჩვილი. შვილი ყავს, რომელიც ცალკე, მისგან ძალიან შორს ცხოვრობს. ვიცი, რომ სულ ენატრება, მაგრამ ხანდახან სულიერ კავშირსაც კი ვერ გრძნობს და პოემების წერაც თავდაპირველად მარტოობამ და საკუთარ თავთან ყოფნამ დააწყებინა. ჩემმა ნახატებმა კი, როგორც თვითონ აღნიშნავს, დიდი სინათლე შეიტანა მის სულში. სულ მიწინასწარმეტყველებს, რომ დრო მოვა და ჩემი ნახატებით მწვერვალებს მივაღწევ. მე დიდად არ მჯერა, მაგრამ ყველაფერი ხდება... ოცნებობს, რომ მთელმა მსოფლიომ განიცადოს ის, რაც თვითონ განიცადა. ჩემი ნახატების აღმოჩენით პირველი წიგნიც შესაფერისად დაასათაურა, "Reaching The Beyond".

- ამდენი წარმატებების პარალელურად, როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა, როცა საქართველოში მხატვრისთვის არანაირი ხელშეწყობა არ არსებობს?

- ერთს ვიტყვი: ჩემი სამყაროს ხედვიდან გამომდინარე, შეფასებული და კარგად გააზრებული მაქვს სიტუაცია, რომ ერთადერთი წარმატება მხატვრისთვის, შესრულებული ნახატია, უფლის რწმენა, მადლიერება, რომ ყველაფერი კარგადაა და უკეთესადაც იქნება... ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ესაა, წარსულის ხსოვნა, აწმყოს მადლიერება და მომავლის რწმენა, რომ უფალს ტყუილად და უბრალოდ არ გადმოვუგდივარ, რომ მადლიერი უნდა ვიყო, იმით რაც მაქვს!

მთავარია სიმშვიდე მქონდეს და ხატვა შევძლო, უფალს ჩემი ხელი უჭირავს და მატარებს, რომ არ გავჩერდე და წინ ვიარო. ვიცი, რომ უცებ არაფერი მოდის, რადგან, უცბად მოსული წარმატება, დიდება ადამიანს ღუპავს და ანადგურებს! მხოლოდ სულგაყიდული და უსინდისო ადამიანების ხვედრია სწრაფი წარმატება. ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ნელ-ნელა ხდება და მე მადლობელი ვარ უფლის.

- როგორც სოციალურ ქსელში წერდით, ცოტა ხნის წინ ლუვრის გამოფენაზე იყავით მიწვეული...

- იმდენად გააზრებული მაქვს, რომ თავისით უნდა მოხდეს ყველაფერი უფლის ხელით, თავს არ ვიტვირთავ წარმატების ძიებით. მხოლოდ ნახატზე მაქვს ყურადღება, ყოველთვის რომ მაქსიმალური დავდო... რაც შეეხება ლუვრს, ესეც თავისით მოხდა. სხვადასხვა პლატფორმებზეა განთავსებული ჩემი ნახატები, ასე მიპოვეს და დამიკავშირდნენ, მე კი, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე... დავიწყე ფულის გროვება, რათა მოცემული შანსი არ გამეშვა, დახმარება ვითხოვე, მაგრამ სამწუხაროდ არსაიდან სპონსორი არ გამოჩნდა. უფლის დახმარებით, ჩემი ხარჯებით და ჩემს მხატვრობაზე შეყვარებული ადამიანების წყალობით, (რომლებმაც საკმაოდ სოლიდურ თანხად, შეიძინეს ნახატები), მოვაგროვე ფული და მოვხვდი გამოფენაზე, რომელმაც, არაჩვეულებრივად ჩაიარა. ბევრი დადებითი ემოცია და გამოცდილება მივიღე, ნახატიც გავყიდე და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წარმატებისკენ.

- სახელმწიფომ არ დაგაფინანსათ?

- 3 წლის წინ, არანაკლებ ფესტივალზე FLORENCE biennal- ზე მიმიწვია პირადად ფესტივალის პრეზიდენტმა. მივედი სამინისტროში და ვთხოვე დაფინანსება, მათგან კი პასუხიც ვერ მივიღე.

თავმდაბალი ადამიანი ვარ, მაგრამ არა უთავმოყვარეო და ამჯერად, რადგან ერთი თვეც არ მქონდა, აღარც მიკითხავს და არ მივსულვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რა პასუხსაც მივიღებდი. თუ ვცდები, მზად ვარ ბოდიშიც მოვიხადო... რაც შეეხება კომპანიებს, კერძო ბიზნესებს მივმართე, მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსება არავინ მოისურვა... ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, მაინც მოვაგროვე ის მცირე თანხა და გავფრინდი...

სხვათა შორის, როდესაც წასვლა გადავწყვიტე, ასეთ მაშტაბებს არ ველოდი. მეგონა რიგითი გამოფენა იყო, მაგრამ როდესაც ადგილზე 2 საათიანი რიგები ვიხილე, მივხვდი, რომ ძალიან მაშტაბურ ღონისძიებასთან მქონდა საქმე. გამოცდილება მივიღე, რომ მომავლისთვის, უფრო ორგანიზებულად მოვემზადო.

შთამბეჭდავი იყო ადამიანების რეაქცია. ერთი გოგო ჩამრჩა გულში, რომელიც ჩემს ერთ-ერთ პორტრეტთან ატირდა და იმეორებდა, ამ ბნელ სამყაროში, მხოლოდ ამ ნახატმა გამიგოო... მისმა სიტყვებმა გული ძალიან ამიჩუყა... სხვა რა გითხრათ, ბევრი ხალხი მოდიოდა, ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად მაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ვინც მოდიოდა, ემოციების გარეშე არ მიდიოდა. მე თვითონაც ავივსე და მონატრებულ, ჩემს სამშობლოში სავსე მოვდივარ...

ალექსანდრე ვაშაყამაძე მეუღლესთან ერთად

- რა თემას ეძღვნებოდა ლუვრში გამოფენილი თქვენი ნამუშევრები?

- ზოგადად, ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანია, ვცდილობ ყველაში და ყველაფერში ნათელი დავინახო, რომელიც შემდეგ ჩემს ტილოებზე აისახება. აქედან გამომდინარე, მრავალფეროვანი იყო ლუვრში გამოფენილი ნახატებიც და მიჭირს დაკონკრეტება... ისიც მიჭირს, რომ ვთქვა ძირითადად პეიზაჟები-თქო, რადგან ყოველი პეიზაჟი განახვავდება ერთმანეთისგან და სხვადასხვა თემატიკისაა...

- მსოფლიოს უდიდესი მხატვრებიდან რომლებმა მოახდინეს თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?

- როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რენესანსის მხატვრებმა, რადგან ჩემი სამყარო მთლიანად შეცვალეს და გამაქრისტიანეს... მათი შემყურე, რომ სრულად ბიბლიის გარშემო თემატიკას ხატავდნენ, დამაწყებინა ფიქრი ქრისტიანობაზე და გამაქრისტიანა.. მე თვითონ იმპრესიონისტი ვარ და შემდგომში იმპრესიონისტებმა მოახდინეს გავლენა, განსაკუთრებით - მუნკი, ვან გოგი და სოროლა მიყვარს...

- საუბრის დასასრულს გვიამბეთ პროფესიულ სასწავლებლებზე, პედაგოგებზე...

- აკადემია ისე დავამთავრე, სულ სამი ნახატი მქონდა, მაგრამ მოვიგონებ ჩემს საყვარელ ლექტორს თამარ მინაშვილს, რომელიც ჩემს შემოქმედებაზე გიჟდებოდა. ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ ჩემთვის მეხატა. სულ მეუბნებოდა, იმხელა ნიჭი მოგცა ღმერთმა, არავის ჩარევას არ საჭიროებსო. სხვა რა გითხრათ, სტუდენტობა, ზოგადად საუკეთესო წლებია.