ავტორი:

"ყველას სასწრაფოდ დასჭირდა საქართველოში წასვლა? ანუ ყველას ეშინოდა მობილიზაციის?" - რიგები ლარსზე: რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას წერენ რუსები

"ყველას სასწრაფოდ დასჭირდა საქართველოში წასვლა? ანუ ყველას ეშინოდა მობილიზაციის?" - რიგები ლარსზე: რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას წერენ რუსები

მას შემდეგ, რაც ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ქვეყანაში სრული პანიკაა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო ქვეყნის რამდენიმე ქალაქში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მასობრივად დაიწყეს სხვა ქვეყნებში წასასვლელად ბილეთების შეძენა. "როგორ დავტოვოთ რუსეთი?“ - სწორედ ეს არის კითხვა, რომელსაც რუსები ბოლო ორი დღეა, ყველაზე ხშირად სვამენ "გუგლის" საძიებო სისტემაში.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, პუტინის მიმართვის შემდეგ მოსკოვიდან თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა.

"მოსკოვიდან საქართველოში მგზავრები (სომხეთის გავლით) ჩამოჰყავს ერთადერთ ქართულ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" - კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, მასალაზე მუშაობის დაწყებისას [13:30 სთ], მოსკოვი-თბილისის რეისზე 27 სექტემბრის ბილეთები ხელმისაწვდომი იყო, დაახლოებით 45 წუთში კი [14:16 საათზე], 1 ოქტომბრამდე ყველა ბილეთი გაიყიდა" - წერს "რადიო თავისუფლება.

ასევე, გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსეთიდან მომავალი ავტომობილების გრძელი რიგებია გადაღებული. კადრებს თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

"ტელეგრამში" საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსები თვითონვე აქვეყნებენ ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილი ვითარების ამსახველ ფოტოებს. ისინი წერენ, რომ დიდი რიგია და მსგავსი ვითარება აგვისტოშიც იყო, თუმცა აგვისტოს რიგებს ისინი ზაფხულის სეზონის პიკს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ახლა რუსეთიდან წამსვლელთა მიზეზები განსხვავებულია.

ვინც შემოვიდა საქართველოში და საზღვარი გადმოკვეთა, სიხარულით აღნიშნავს ამას.

და რა ხდება? ორიოდე დღის წინ ერთ საათში საზღვარზე თავისუფლად გახვიდოდი. ყველას სასწრაფოდ დასჭირდა საქართველოში წასვლა? ანუ ყველას ეშინოდა მობილიზაციის?

ბოლოს, როდესაც ლარსზე ასეთი რამ ხდებოდა, აგვისტო იყო, სეზონის პიკი, ახლა სხვა მოცემულობაა, - წერენ კომენტარებში.

"ფოტოებზე ხედავთ, ამ წუთებში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსული მხრიდან არსებულ გრძელ საცობს და გადატვირთვულ მაგისტრალს. ათასობით რუსი ცდილობს რუსეთის დატოვებას და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას" - წერია World Military-ის "ფეისბუქ" გვერდზე.

ნახეთ ვიდეო: