ავტორი:

პანიკა რუსეთში: "მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ექიმებთან რიგი დგას, ცდილობენ, ყალბი საბუთები გააკეთონ, ვითომ უცხო ქვეყანაში სჭირდებათ მკურნალობა"

პანიკა რუსეთში: "მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ექიმებთან რიგი დგას, ცდილობენ, ყალბი საბუთები გააკეთონ, ვითომ უცხო ქვეყანაში სჭირდებათ მკურნალობა"

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ეს ქმედება დაუსჯელი არ დარჩება.

მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, აქციის მონაწილეებს და მათ ორგანიზატორებს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლითა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

300 000 რეზერვისტის მობილიზების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რუსული ოპოზიცია თანამოქალაქეებს მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს.

პუტინმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ როდესაც რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა - ეს განცხადება ფანდი არ ყოფილა.

მოსკოვში სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის გამო დაკავებების ჯაჭვი არ უკვირთ, მაგრამ ის, ადგილობრივების თქმით, რაც უკრაინის ომის ფონზე ხდება, თავად პუტინის რეჟიმისთვისაც კი უჩვეულოა.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლადო წითაშვილი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მას შემდეგ რაც პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მის ტელეფონზე ზარი და სმს-ები არ წყდება. ადგილობრივი მეგობრები უყვებიან, რომ ქალაქიდან ქალაქში გასვლის დროსაც კი აჩერებენ, კითხვებს უსვამენ, მათ მონაცემებს ინიშნავენ და აფრთხილებენ, რომ ეფ-ეს-ბეს მიერ ყველაფერი კონტროლდება და ურჩევენ, საქმე არ გაირთულონ, რადგან სამხედრო უწყების მიღების შემდეგ, ადრესატის დამალვა მობილიზაციისთვის თავის არიდებად ჩაითვლება და სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

- ერთმა ბიჭმა, რომელიც ქართული ცეკვის ფანია და დიდი ხანია ვიცნობ, მომწერა, რომ როგორც კი მობილიზაცია გამოცხადდა, ადგილობრივებმა ბილეთების დაჯავშნა დაიწყეს, ამის პარალელურად კი, მათ სახლებში ეფესბეს სამსახურის თანამშრომლები მიადგნენ... ეკითხებოდნენ, მაინცდამაინც დღეს რატომ გადაწყვიტეს სხვა ქვეყანაში წასვლა სასწავლებლად, სამუშაოდ თუ პირადი საკითხებისთვის. ზოგს დოკუმენტებიც კი ჩამოართვეს ახსნა განმარტების გარეშე და უთხრეს, რომ მაშინ დაუბრუნებენ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიანო...

მისივე თქმით, ექიმებთან რიგი დადგა, ცდილობენ, ყალბი საბუთები გააკეთონ, რომ უცხო ქვეყანაში სჭირდებათ მკურნალობა, ან უკვე დაწყებული აქვთ და ახლა მორიგი კურსი უწევთ. ერთი სიტყვით, ძალიან შეშინებული იყო. ჩვენი პრეზიდენტი არაადეკვატური გახდა, არავინ ვიცით, ხვალ რა იქნებაო... მისივე თქმით, აეროპორტის გზაზე დააკავეს ქართველი ოჯახი, რომელთაც ორი ბიჭი ჰყავთ, ორივე მათგანი მანქანაში ჩაუსვამთ. მშობლები, ცხადია, შვილების გარეშე არ წამოვიდნენ და დარჩნენ. არ ვიცი, დაუკავშირდნენ თუ არა ოჯახის წევრები ერთმანეთს...

  • პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. მათი ნაწილი ერთმანეთს თანადგომისკენ მოუწოდებს და წერენ, რომ კიდევ ერთხელ მოიქცნენ მამაცურად, საკუთარი მომავლისთვის ქვეყნიდან კი ნუ გაიქცევიან, შეეცადონ მოსკოვში დაწყებული პროტესტი მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდოს, რასაც პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება.

"არავის გვიკვირს პუტინის ხელისუფლების მიერ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დარბევა, განსხვავებულ აზრთან, თავისუფალ მედიასთან, ბლოგერებთან ბრძოლა. სასწრაფოდ მიიღეს კანონი, რუსი სამხედროების შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელების თაობაზე, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ როგორც კი დემორალიზებულ, კუთხეში მიმწყვდეული არმიის, საწყალი ჯარისკაცების ამსახველ ვიდეოებს გავაზიარებთ, რაც უმეტესად იმას კი არ ემსახურება, რომ ჩვენი სამხედროები გვძულს, სინამდვილეში მათ მდგომარეობას ვაჩვენებთ ყველას, თურმე ამისთვის 15-წლიან პატიმრობაზე გიშვებენ, რაც სიკვდილს ნიშნავს ან სიცოცხლეს ფსიქიატრიულში დაასრულებ..." - წერს ალექსანდრ სრკინიკი.

"კიდევ თუ ვინმე ხართ პუტინის მომხრე, იქნებ ახლა მაინც გაიგოთ პროტესტანტების მიმართვები - პუტინი არის სანგარში, ომი არ გვინდა და ჩვენი შვილების სიცოცხლე გვსურს. ამას ვამბობთ მოსკოვში, პეტერბურგში და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში... ნუ გარბიხართ, მოიკრიბეთ გამბედაობა და შემოგვიერთდით. თუ პატიმრობის გეშინიათ, გაქცეულებსაც უქმნიან პრობლემებს. გავიღვიძოთ, გთხოვთ, გავიღვიძოთ. არც მე მინდა ცოლ-შვილის საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს"- წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ანდრეი მალიკოვი.

"ნაწილობრივი მობილიზაცია, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს - ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს, ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან. ახლა ომი ყველას სახლსა და ყველას ოჯახში მოვიდა“ - აცხადებს ომის მოწინააღმდეგეთა კოალიცია „ვესნა“, რომელიც რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველ დღეებში, რუსულმა პოლიციამ ქუჩებში გამოსული მინიმუმ 16 000 დემონსტრანტი დააკავა.

ნახეთ ასევე: