ავტორი:

მოსკოვიდან სტამბოლის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით ავიაბილეთები აღარ იშოვება - მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ქვეყნიდან გარბიან

მოსკოვიდან სტამბოლის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით ავიაბილეთები აღარ იშოვება - მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ქვეყნიდან გარბიან

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მასობრივად დაიწყეს სხვა ქვეყნებში წასასვლელად ბილეთების შეძენა.

რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ ის არ ურჩევს ნაწილობრივ მობილიზაციას დაქვემდებარებულ ადამიანებს "თურქეთის კურორტებზე წასვლას“. "დაისვენეთ ყირიმისა და კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებზე...“ - ამბობს ის. მისივე თქმით, გამოძახებამდე ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, "მაგრამ ჯობია ეს არ გააკეთონ“.

მობილიზაციას დაქვემდებარებულ პირებს წინასწარ ეცნობებათ და მათ ხელში გადაეცემათ გამოძახების საბუთი. თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ მობილიზაციის ორდერი, დამოუკიდებლად უნდა გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში, გამოძახების მოლოდინის გარეშე.

აქტივისტებმა, რომლებიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან, 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე საკუთარი ქალაქების ცენტრებში უკვე დააანონსეს მასობრივი აქციები. ალექსეი ნავალნის გუნდმა ასევე მოუწოდა რუსებს პროტესტისკენ.

მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რუსებმა დაიწყეს ბილეთების შეძენა სხვა ქვეყნებში გასამგზავრებლად. ჯერ კიდევ, პუტინის მიმართვამდე, 21 სექტემბერს სტამბოლისა და ერევნის რეისებზე თითქმის ყველა ბილეთი გაიყიდა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რუსებმა აქტიურად იყიდეს ბილეთები მოსკოვიდან მინსკის მიმართულებითაც. ამ ფონზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ და სხვა სახის ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას.

"საით გავიქცეთ რუსეთიდან ახლავე" - ასეთი შინაარსის პოსტი "ტელეგრამარხ" "მედუზა live”-ზე გავრცელდა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა. როგორიც რუსული მედია წერს, მოსკოვიდან სტამბულის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, უახლოესი პერიოდისთვის "ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“. როგორც მედია წერს, 23-24 სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ბილეთი და ისიც ბიზნეს-კლასის.