ავტორი:

"ეს მარცხის აღიარებაა... მობილიზაციის გამოცხადება ერთია, მისი განხორციელება - სხვა. არც ანტიპუტინისტური მოძრაობის დაწყებაა გამორიცხული" - რა შეიძლება მოჰყვეს ნაწილობრივ მობილიზაციას?

"ეს მარცხის აღიარებაა... მობილიზაციის გამოცხადება ერთია, მისი განხორციელება - სხვა. არც ანტიპუტინისტური მოძრაობის დაწყებაა გამორიცხული" - რა შეიძლება მოჰყვეს ნაწილობრივ მობილიზაციას?

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენი დიდი სამშობლოს ხალხს, ყველას, ვისაც აერთიანებს დიდი ისტორიული რუსეთი. ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ჩვენს ძმებსა და დებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან. ვიცით ზოგიერთი დასავლური ელიტის აგრესიული პოლიტიკის შესახებ. დასავლეთის მიზანი ჩვენი ქვეყნის განადგურებაა. უკვე ღიად ამბობენ, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევა შეძლეს და ახლა ამას რუსეთში გეგმავენ. მათ იარაღად აქციეს ტოტალური რუსოფობია, მათ შორის უკრაინაშიც. იქ რუსეთის მიმართ სიძულვილის კულტივირებით და იქ უკრაინელი ხალხის ქვემეხის საკვებად გადაქცევით. მათ ომი 2014 წელს დაიწყეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პუტინმა.

პუტინის განკარგულების საფუძველზე, რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს. როგორც შოიგუ ამბობს, ნაწილობრივ მობილიზაციაში ჩაერთვებიან სამხედრო გამოცდილების მქონე პირები - "ლაპარაკია დაახლოებით, 300 000 ადამიანზე“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი. მისივე თქმით, რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

ვლადიმერ პუტინის განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აფასებს და პუტინის ამ ნაბიჯს მარცხის აღიარებად მიიჩნევს.

"მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ეს ღონისძიება მას შემდეგ მწიფდებოდა, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და პუტინს ბლიცკრიგის ოპერაცია ჩაეშალა. მაშინ გამოჩნდა, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვება არ შეეძლო, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა რამდენიმე წარმატებული ფართომასშტაბიანი კონტრიერიში მიიტანეს, განსაკუთრებით - ხარკოვის მიმართულებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების გაზრდას, მათ შორის, მიმდინარეობს ახალი ჯარისკაცების მომზადება ნატოს ქვეყნებში, ზოგადად დასავლეთში, ამას ემატება ის, რომ ნატო აგრძელებს უკრაინის არმიის შეიარაღებას (მართალია, არც თუ მაღალი ტემპებით), ყველაფერ ამის ფონზე გამოჩნდა, რომ რუსეთს არ ჰყოფნის პირადი შემადგენლობა, რათა ფრონტის ხაზზე, რომელიც 1000 კმ.-ს აღემატება, არათუ შეტევები გააგრძელოს, არამედ თავდაცვითი ზღუდეები შეინარჩუნოს.

რუსეთში ამაზე დიდხანს მიდიოდა ლაპარაკი და პუტინმა ბოლოს და ბოლოს, გამოაცხადა ეს ნაწილობრივი მობილიზაცია, რაც ითვალისწინებს 300 ათასი რუსეთის რეზერვისტის ომში გაწვევას. გაიწვევენ იმათ, ვინც უკვე იმსახურა სამხედრო სამსახურში, ვისაც აქვს სამხედრო სპეციალობა და ასევე მათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნია.

აქამდე იყო თვითმობილიზაციის მცდელობები, იგივე, რასაც აკეთებდა კადიროვი ჩეჩნეთში - ახდენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მობილიზაციას. მოხდა გამოცდილების გადატანა რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებზე, 1-2 საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფი მაინც რომ დაეკომპლექტებინათ. როგორც ჩანს, ამან არ გაამართლა და ახლა გადაწყვიტეს ნაწილობრივი მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადონ“, - აცხადებს ალადაშვილი.

მისივე მოსაზრებით, საკითხავია, რამდენად გაამართლებს ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ რესურსებს მოითხოვს. რესპონდენტი ეჭვობს, რომ რეზერვისტების ეს კატეგორია საზარბაზნე ხორცად შეიძლება იყოს აღქმული.

"საერთოდ, მობილიზებულ ხალხს ადრე, საბჭოთა პერიოდში, პარტიზანებს უძახდნენ და მაშინაც არ ჰქონდათ მათი დიდი იმედი, იმიტომ, რომ ეს ხალხი იყო შედარებით ასაკოვანი, სამხედრო-სავალდებულო სამსახური ათეული წლების წინ ჰქონდა გავლილი და ამ კატეგორიის საბრძოლო გამოყენება ნაკლებად პროდუქტიული იყო. დაახლოებით იგივე ხდება დღესაც, რადგანაც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შეიარაღება საბჭოთა საწყობებიდან, მაგრამ არ ჰყოფნის პირადი შემადგენლობა, რომელიც შეძლებს ამ ტექნიკასთან მუშაობას. ამას გაწვეული რეზერვისტები წარმატებით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ, რადგან მათ თუ 10-15 წლის წინ იმსახურეს, ომში ნაკლებად გამოდგებიან.

საბოლოოდ, ეს ხალხი, ერთგვარ საზარბაზნე ხორცად შეიძლება იყოს აღქმული. რუსეთს სურს, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ცოცხალი ძალით რაღაცნაირად გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო მოქმედებებში, სადაც ინიციატივას უკვე უკრაინა დაეუფლა. პუტინი ხედავს, რომ ფრონტის ხაზი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე (ხარკოვ-ბელგოროდის) გავიდა, ანუ უკრაინის საპასუხო დარტყმები დღეს უკვე ბელგოროდშიც ხორციელდება, რაც ლოგიკურია - ერთი ესვრის, მეორე პასუხს უბრუნებს. ეს ჯერ დასაწყისია... საბრძოლო ინიციატივა, რასაც უკრაინის არმია ფლობს, განსაკუთრებით ახლა, როცა მან მიაღწია საბრძოლო წარმატებას სამხრეთ მიმართულებაზე, იქნება უდიდესი წარმატება უკრაინისთვის, როგორც სამხედრო და პოლიტიკურ, ისე საინფორმაციო ომში და დიდი მარცხი რუსეთისთვის სამივე მიმართულებაზე. შემდგომ ნაბიჯად შეიძლება იყოს განხილული ორი ძირითადი გადასასვლელის ჩაკეტვა, რაც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ ყირიმი შეიძლება იყოს ბლოკირებული, ანუ ის ჯარები, რომლებიც ზაპოროჟიეში, ხერსონის ოლქში, ასევე - მელიტოპოლთან და ბერდიანსკთან არიან, შეიძლება ალყაში, "ქვაბში" მოექცნენ.

რაც შეეხება ნაწილობრივ მობილიზაციას, ეს მარტივი არ არის და რუსეთის სახელმწიფოსგან დიდ რესურსებს მოითხოვს. რეზერვისტებს ჩაცმა, აღჭურვა, კვება და რაც მთავარია - მომზადება უნდათ. დღეს რუსეთს იმის დრო და რესურსი არ აქვს, ასეული ათასი რეზერვისტი ასე უცებ აღჭურვოს, გამომდინარე იქიდან, ხედავს, რუსეთის არმიის დანაყოფების პირადი შემადგენლობები რა დღეში არიან უკრაინის ფრონტზე, უმეტესობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. ახლა ზამთარი მოდის და მათ თბილი ტანსაცმელიც სჭირდებათ - ეს კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის. მობილიზაციის გამოცხადება ერთია, მისი რეალურად განხორციელება და ხორცის შესხმა - მეორე.

ამას აქვს კიდევ ერთი, სოციალური მხარე - ის ადამიანები, რომლებიც ისედაც არ იყვნენ აღფრთოვანებული პუტინის ხელისუფლებით, მაგრამ შიშით ამაზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ, ახლა ყველა ღონეს იხმარენ, გაექცნენ და დაემალონ მას. არც ანტიპუტინისტური მოძრაობის დაწყებაა გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთში რევოლუციური მოძრაობების დაწყება ნაკლებად მოსალოდნელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წავა ფრონტის ხაზის ბედი - უკრაინამ თუ მოახერხა და როგორც ხარკოვის ოპერაციისას, ისე ჩამოშალა რუსეთის თავდაცვის ზღუდეები სხვა მიმართულებებზე - ხერსონზე, ზაპოროჟიეზე, ეს იქნება უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის, რაც, უნდა თუ არა პუტინს, სოციალური დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს რუსეთში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ანუ დაახლოებით შეიძლება განმეორდეს ის სიტუაცია, რაც მოხდა ერთი საუკუნის წინ, როდესაც პირველ მსოფლიო ომში ჩაბმული მეფის რუსეთის წაგებას ფრონტის ხაზზე, ბოლშევიკების აღზევება დაემთხვა, რასაც შემდგომ რევოლუციები მოჰყვა. რუსეთში დღესაც გამოჩნდა უკვე ამის ნიშნები“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.