თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება: დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მძარცველმა დაკავების პროცესში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
"ღონისძიების ფარგლებში, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს მაღალპროფესიონალურად ღონისძიება, შეძლეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მას მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით, ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ დაკავებული „დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი არ არის“.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმატებით დასრულებული ოპერაციისთვის.
"პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობენ კარგად, თავდამსხმელი არის დაკავებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ღონისძიება. მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით და დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ნახეთ ასევე: