ავტორი:

"ძნელია, როცა ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება" - მელია ბანკის ძარცვაზე

"ძნელია, როცა ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება" - მელია ბანკის ძარცვაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"ახლა ყველას საზრუნავიც და საფიქრალიც, ცხადია მძევლების უსაფრთხოებაა. მითუმეტეს, რომ ისინი უჩვეულო სიტუაციაში იმყოფებიან - ძნელია, როდესაც ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება" - წერს მელია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ატირებული მძევლის ხმა ისმის, რომელსაც შენობის გარე პერიმეტრიდან პოლიციელი ამშვიდებს და სთხოვს, რომ დამშვიდდეს.

"ქალბატონო, თქვენ გაჩერდით ახლა, დაწყნარდით, ძალიან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით-მეთქი. ეს ქალბატონი გააჩერეთ რა, ეს არის ყველაზე ცუდი", - ამბობს პოლიციელი. პარალელურად კი ვიდეოში ისმის ქალის ტირილის ხმა და ის შველას ითხოვს.

ცნობისთვის, ქუთაისში, სადაც "საქართველოს ბანკის" შენობაში მძარცველს მძევლები ჰყავს აყვანილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩავიდა.

შსს-სს ბოლო ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით, 5 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვდა. ცოტა ხნის წინ მან თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა და აღნიშნა, რომ მილიონნახევარი სურს.

ნახეთ ასევე: