ს მინისტრი იღრიჭება, როცა ეკითხებიან, რატო ვერ დააკავა დღემდე მძარცველი და ეს არის ამის შედეგი, - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მძარცველის შეჭრას.
მისი თქმით, შს მინისტრი დამნაშავეების დევნის ნაცვლად რუსეთის სპეცსამსახურებთან შეხვედრებით და ოპონენტების დევნით არის დაკავებული.
"როცა ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც საღლიცინოდ და მასხრად ასაგდებ თემად აქცია, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა - უპრეცენდენტო ძარცვა, დამნაშავე მიიმალა. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეების დევნით იყოს დაკავებული ქვეყნის შს მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ფარულ შეხვედრებს მართავს FSB-ს წარმომადგენლებთან და შემდეგ ნიშნის მოგებით გვეუბნება, რა მოხდა თუ ვინმეს შევხვდიო.
როცა, ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, სადაც მთელი სახელმწიფო რესურსები მიმართულია ოპოზიციის დევნაზე, თვალთვალზე, ჩაწერაზე, ამაზე იხარჯება მთელი ენერგია, დრო და სახსრები, ვხედავთ დღისით, მზისით ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ არის, რადგან მორიგ ჯერზე გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ გამოუვა ძარცვა და რატომ არ უნდა ჩათვალოს, რომ გამოუვა, როდესაც სხვას გამოუვიდა?!
დღეს სამარცხვინოდ იღრიჭება შს მინისტრი, რომელიც შეხვედრებზე დადის რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან და იღრიჭება, როცა ეკითხებიან, რატო ვერ დააკავა დღემდე მძარცველი და ეს არის ამის შედეგი", - განაცხადა სამადაშვილმა.
შსს-სს ბოლო ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით, 5 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.