ავტორი:

"როგორც კი შევიდა, მალევე გაისროლა" - რას ამბობს თვითმხილველი ქუთაისში "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრაზე

"როგორც კი შევიდა, მალევე გაისროლა" - რას ამბობს თვითმხილველი ქუთაისში "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრაზე

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული პირია შეჭრილი. თვითმხილველები მოხმდარის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, იყო გასროლის ხმა.

"საქართველოს ბანკში მივდიოდით თანხის ჩასარიცხად, "ჩექინი" მაქვს ბილეთზე გასაკეთებელი და გვერდით ავიაბილეთებში შევედი, ეს ადამიანი მიდიოდა ჩემს წინ, ჩვეულებრივად ჩაცმული, არაფერი განსაკუთრებული, როგორც კი შევიდა, მალევე გაისროლა.

ამ გასროლის ფონზე მე აღარ შევედი ბანკში. მერე თქვეს, ნიღბიანი არის შესულიო, ავტომატურად უცებ, ვინც შევძელით, გამოვიქეცით.

მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არიან შიგნით ადამიანები, ფილიალი ათ საათზე იხსნება და თანამშრომლები არიან ხოლმე უკვე შიგნით.

  • რამდენიმე ადამიანი თანხის ჩასარიცხად შევიდა ჩემს წინაც. მე როგორც მახსოვს, ჯინსის ქურთუკი აცვია", - ამბობს თვითმხილველი "მთავარ არხთან." ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს-ც. უწყების ცნობით, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს".