ალა პუგაჩოვა მიმართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეიყვანონ იგი "უცხო ქვეყნის აგენტთა" სიაში ისევე, როგორც მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი. რუსული სცენის პრიმადონა ამბობს, რომ, ამ ჟესტით იგი მეუღლეს სოლიდარობას უცხადებს.
"გთხოვთ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში შემიყვანოთ, რადგან მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეუღლეს“, - დაწერა პუგაჩოვამ "ინსტაგრამზე".
პუგაჩოვას თქმით, მისი ქმარი პატრიოტია, რომელსაც სურს აყვავებული სამშობლო, მშვიდობა და თავისუფლება. ამასთანავე, მისი თქმით, გალკინი რუსი ჯარისკაცების ილუზიური მიზნებისთვის შეწირვის წინააღმდეგია.
რუსული სცენის დედოფალმა და მისმა ქმარმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, დაგმეს ოკუპანტი ქვეყნის ქმედებები და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. ამის შემდეგ მათ გარკვეული პერიოდი რუსეთი დატოვეს, თუმცა ისევ უკან დაბრუნდნენ და ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძეს.