ავტორი:

"რუსული ჯარი სულაც არ ყოფილა ისეთი უძლეველი, როგორიც ყველას ეგონა" - რას ფიქრობენ ჩვენში უკრაინის თავდადებასა და შეცვლილ მსოფლიოზე

"რუსული ჯარი სულაც არ ყოფილა ისეთი უძლეველი, როგორიც ყველას ეგონა" - რას ფიქრობენ ჩვენში უკრაინის თავდადებასა და შეცვლილ მსოფლიოზე

უკრაინელებმა მსოფლიო კიდევ ერთხელ მონუსხეს და გააოცეს: მათმა კონტრშეტევამ უამრავ ადამიანს შეუცვალა შეხედულება "უძლეველ" რუსულ არმიაზე. ე.წ. რუსეთუმეებიც კი მოლბნენ და სხვაგვარად აჭიკჭიკდნენ... რამ გამოიწვია მათი უჩვეულო სახეცვლილება? - ვკითხეთ ჩვენს რესპონდენტებს:

ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი:

- შიში - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ჩვენი თანამემამულეების ერთი ნაწილი რუსეთის უპირატესობას აღიარებდა და დღესაც აღიარებს, მაგრამ ჩვენს შორის არის ხალხი, რომელსაც პრორუსული განწყობა აქვს და რუსეთთან უფრო მეტ საერთოს ხედავს, ვიდრე - დასავლეთთან. ეს ხალხი, მიიჩნევს, რომ ჩვენი ხსნა რუსეთშია და არა მგონია, აზრი ასე ადვილად შეიცვალოს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი მცირეა და რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ამ ომში უკრაინა, მისი ქომაგების რიცხვი უფრო მეტად გაიზრდება. უკრაინელების სიმამაცემ მთელი მსოფლიო გააკვირვა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ომში, გადამწყვეტი როლი მაინც უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ შეასრულა, რომელმაც პუტინის რუსეთის აგრესიას მხარი არ დაუჭირა. მათმა უმრავლესობამ უკრაინას უერთგულა და ეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უკრაინის წარმატებისა. მცდარი აღმოჩნდა ვარაუდი, რომ ეთნიკური რუსები პუტინის ჯარს ყვავილებით და ოვაციებით შეხვდებოდნენ. ერთი რამ უტყუარია: უკრაინელები, თავიანთ პრეზიდენტთან ერთად, მზად არიან სამშობლოს დასაცავად და ამ თავგანწირვის გამო, უამრავი მომხრე და გულშემატკივარი გაიჩინეს. ამით აიხსნება სამხედრო დახმარება, რომელიც ამ ქვეყანას დასავლეთმა გაუწია. შედეგად, რა მივიღეთ? - მთელმა მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ რუსული ჯარი სულაც არ ყოფილა ისეთი უძლეველი, როგორიც ყველას ეგონა.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი:

- პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება ბოლო ხანებში ბევრმა შეიცვალა, პირიქით, თუ ადამიანი სწორ აზრზე დგება, ეს მისასალმებელი ამბავია. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მე ყველგან ვამბობდი, რომ ეს არის ვანდალიზმი, რომ ეს სირცხვილი და ბოროტებაა! რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის ამას, მით უკეთესი, რადგან არ შეიძლება აგრესია და ძალადობა გაამართლო. შეუძლებელია, არ აღიარო, რომ უკრაინელები მებრძოლი და თავდადებული ხალხია. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც უკრაინელმა დედამ დაღუპულ შვილზე თქვა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი სამშობლოს თავისუფლებას შეეწირაო... ბევრი ისეთი კადრი ვნახეთ, რომელსაც გულგრილად ვერავინ უყურებდა! ცხადია, როცა ერი ასე ერთიანდება და თავისუფლებისთვის იბრძვის, საყოველთაო პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს. მე უკრაინელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ალბათ, რუსეთიც იძულებული გახდება, თავის დამპყრობლურ პოლიტიკას გადახედოს. ხომ არ შეიძლება, პუტინს სადაც მოუნდება, ბომბი იქ ჩააგდოს და ვინც არ მოეწონება, ყველა დაიჭიროს?! ქუჩაში პატარა ბავშვი რომ გამოვიდა და თქვა, ომი არ გვინდაო, მაშინვე დააკავეს, მაგრამ როცა პუტინის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა, 50 ათასი კაციდან არავინ დაუჭერიათ. არავინ უარყოფს, რომ რუს ხალხს დიდი კულტურა აქვს შექმნილი, რომ ეს ტოლსტოის და დოსტოევსკის ერია, მაგრამ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას რუსების უმეტესობა ვერ ბედავს. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რა თავდადებით იბრძვიან უკრაინელები, რომ მთელი მსოფლიო მათ გვერდით დადგა. 24 თებერვლისგან განსხვავებით, დღეს უკვე ბევრს სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და "მსოფლიოს მეორე არმია" დამარცხდება.

სევდია უგრეხელიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი:

- უნდა გამოგიტყდეთ: თებერვალში, როცა რუსები უკრაინაში შეიჭრნენ, მეც უიმედობა და შიში დამეუფლა. მაშინ ბევრს ეგონა, რომ უკრაინა დიდხანს ვერ გაუძლებდა. შეიძლება, რუსული ჯარის დამარცხება თავიდანვე ბევრს სურდა, მაგრამ ნათქვამია: შიშს დიდი თვალები აქვსო. ლეგენდა "მსოფლიოს მეორე არმიის" შესახებ, დასავლეთშიც სჯეროდათ და ყველას ეგონა, რომ უკრაინა რუსეთის შემოტევებს დიდხანს ვერ გაუძლებდა. მე ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი ვარ, ბევრი ევროპელი მეგობარი მყავს, რომლებსაც რუსეთის მიმართ დიდი შიში და რიდი ჰქონდათ. ევროსაბჭოში რუსულ დელეგაციას ყოველთვის უსმედნენ და ანგარიშს უწევდნენ, მაგრამ ახლა იქ სულ სხვა სიტუაციაა: 24 თებერვალს რუსეთმა ომი დაიწყო და 29-ში უკვე მის გარიცხვაზე დაიწყეს მსჯელობა. ადრე, როცა გამოვდიოდი და ვამბობდი, რუსებს მარტო უკრაინა კი არა, პოლონეთის დაპყრობა და ბერლინის კედლის აღდგენაც სურთ-მეთქი, უკვირდათ და გაოცებით მიყურებდნენ - ეგონათ, რომ ადეკვატური არ ვიყავი. დღეს უკვე მთელი ევროპა და დასავლეთი დარწმუნდა, რომ ეს საფრთხე რეალურია, ამიტომ, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება მარტო საქართველოში კი არა, დასავლეთშიც შეიცვალა. იმ შიშის გამო, რაც რუსული არმიის მიმართ ყველას ჰქონდა, რუსებს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდათ, თუმცა, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ "მსოფლიოს მეორე არმია" მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იმ ფულით, რომლითაც ახალი იარაღი უნდა შეეძინათ, რუსმა მაღალჩინოსნებმა ვილები აიშენეს და ძვირფასი იახტები იყიდეს. რაც მთავარია, დასავლეთის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის დასუსტებისთვის ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე