ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge წერდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში, საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, ეს სენსაციური აღმოჩენაა. მომხდარს უკვე ბრიტანული მაუწყებელი BBC -ი ეხმაურება.
"არქეოლოგებმა საქართველოში 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის ადრეულ სახეობას მიეკუთვნება, რაც, მათი თქმით, ამყარებს მოსაზრებას, რომ ეს რეგიონი უძველესი პრეისტორიული ადამიანის დასახლების ადგილია ევროპაში და შესაძლოა, აფრიკის გარეთაც", - ვკითხულობთ ვებგვერდზე.
ოროზმანის არქეოლოგიის და პალეოანთროპოლოგიის საველე სკოლის გათხრების ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გიორგი ბიძინაშვილი ექსპედიციის შესახებ Newsday-ს ესაუბრა.
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გათხრების დაწყებიდან პირველივე კვირას, ჰომო ერექტუსის კბილი ვიპოვეთ. ეს ამაღელვებელი აღმოჩენა იყო", - ამბობს ის.
იმის გამო, რომ დმანისსა და ოროზმანს შორის 20 კილომეტრია და ისინი ერთი მდინარის ხეობას ეკუთვნიან, ექსპედიციის ხელმძღვანელი ასკვნის, რომ "ამ აღმოჩენის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ამ რეგიონში ადამიანები უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებული და არქეოლოგებს უფრო მეტი ტერიტორია ექნებათ შესასწავლი, ვიდრე ელოდნენ."
მეცნიერი Newsday-ს ოროზმანში განსახლებული ჰომინინების წარმოშობაზეც ესაუბრა:
"ეს ჰომინინები აფრიკიდან არიან, ისინი 1.8 მილიონი წლის წინ გადმოსახლდნენ აქ. დმანისის აღმოჩენამდე, ყველას სჯეროდა, რომ ჰომინინებმა აფრიკა 1 მილიონი წლის წინ დატოვეს, მაგრამ დმანისის და ახლა უკვე ოროზმანის აღმოჩენები ამტკიცებს, რომ ეს უფრო ადრე მოხდა".
ახლა ოროზმანის გათხრებში მონაწილე არქეოლოგებისთვის ადგილზე მუშაობის ბოლო კვირაა, შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნებას და სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა