ავტორი:

იზიუმში ასობით მოკლული ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს - "რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს, ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს"

იზიუმში ასობით მოკლული ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს - "რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს, ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს"

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 საფლავია. ამის შესახებ Sky News ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს სერგეი ბოლვინოვზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, ყველა საფლავი გაიჭრება, ცხედრებს ამოიღებენ და იდენტიფიცირებისთვის სასამართლო ექსპერტიზაზე გაგზავნიან.

ზოგიერთ საფლავს გვირგვინები აქვს. სამარხების ზემოთ აღმართულ ჯვრებზე ჩანს წარწერები: "APU, 17 ადამიანი, მორგიდან“, "345“, "412“. როგორც Present Time-ი წერს, ფოტოების ავთენტურობა კომისარმა ოლეგ კოტენკომ დაადასტურა და განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ამ საფლავების არსებობის შესახებ იცოდა. კოტენკოს თქმით, ამ ადგილას ასობით საფლავია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?19" data-telegram-post="currenttime/16594" data-width="100%"></script>

მანამდე იზიუმის საკრებულოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკოვმა იზიუმში მინიმუმ ათასი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

"ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა მინიმუმ ათასი ადგილობრივი მოქალაქე. მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა, რადგან დროულად ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. რუსმა დამპყრობლებმა იზიუმში ყველა სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ "მასობრივი სამარხი" იპოვეს.

"ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ იზუმში მომხდარი სისასტიკე ბუჩაში მომხდარ ძალადობას შეადარა.

"რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს, ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს რეალური ანგარიში უნდა მოთხოვოს ამ ომისთვის", - ამბობს ზელენსკი.

ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციის შედეგი უფრო მძიმეა, ვიდრე ადრე გათავისუფლებულ რაიონებში, რადგან გარკვეული ტერიტორია ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.

ეს კი ნიშნავს, რომ მსხვერპლის ნაწილი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია, რაც უფრო ართულებს სასამართლო ექსპერტიზისთვის სიკვდილის დადგენის მიზეზის გამოძიებას.

გარდა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და სიკვდილის მიზეზის გამოძიებას, პოლიციის ოფიცრები აგროვებენ მტკიცებულებებს, რათა მოხერხდეს დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება.

10 სექტემბერს, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინის არმიამ იზიუმი და ათობით სხვა დასახლება გაათავისუფლა. რუსულმა ჯარებმა დატოვეს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბალაკლეასა და იზიუმის რეგიონიდან ჯარების გაყვანა "გადაადგილებით“ ახსნა.

2022 წლის თებერვალ-მარტში ოკუპანტებმა იზიუმი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა თვეების განმავლობაში ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე ცხოვრობდა.

2022 წლის 1-ელ აპრილს იზიუმი სრულად დაიკავეს რუსეთის ჯარებმა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან იზიუმში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მრავალსართულიანი შენობების თითქმის 70% და ქალაქის ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ოკუპაციის პირობებში ქალაქში დარჩა დაახლოებით 10 ათასი მოსახლე - 46 ათასიდან, რომლებიც რუსეთის შემოჭრამდე იზიუმში ცხოვრობდნენ.