ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, ბრალდებულ გიორგი კუჭავას მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ იმალება მკვლელობაში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხელში დანა უკავია.
პროკურორის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
ნიკოლოზ სანიკიძემ ასევე განმარტა, ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 5 პირიდან 2-ის მიმართ რატომ მოითხოვეს პატიმრობის ძალაში დარჩენა. როგორც პროკურორი აცხადებს, აღნიშნულმა ბრალდებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.
"ბრალდების მხარის პოზიცია და შუამდგომლობა იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა დარჩენილიყო ძალაში, ისევე, როგორც იმ ორი ბრალდებულის მიმართ, ვისაც ბრალი ჯგუფური ხულიგნობის ჩადენაში ედებათ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. შესაბამისად, ეს შუამდგომლობა სასამართლომ ადეკვატურად შეაფასა და სამივე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით ძალაში დარჩა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, 5 პირს, რომელთაგან 3-ს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებოდა და ორს ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დამაშაულის შეუტყობინებლობაში. ხუთივე ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, შესაბამისად, ამ საფუძველზე ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა დაცვის მხარის პოზიციას მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ გამოყენებულიყო გირაო.
არგუმენტი, რის საფუძველზეც ბრალდების მხარე ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე ბრალდებულთან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ინფორმაცია ნაწილობრივ მიაწოდა, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, სხვა ობიექტური პირების მიერ მოწოდებულ ობიექტურ ინფორმაციასთან",- განაცხადა სანიკიძემ.
მისივე განმარტებით, ფოტომასალა, რომელიც ბრალდებულის ტელეფონიდანაა გადაღებული, სასამართლოზე იქნება გამოკვლეული.
"ფოტომასალა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი კუჭავას ტელეფონიდანაა ამოღებული, სადაც ზუსტად ჩანს, გადაღების დრო, ადგილი და აღბეჭდილია თუ როგორ იმალება მკვლელობაში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელში უჭირავს დანა და აცვია სავარაუდოდ, სისხლიანი ტანსაცმელი, ის ტანსაცმელი, რომლითაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ფოტომასალა სრულიად აღქმადია და როცა ის ბრალდებულს წარედგინა, კითხვები დაესვა, თუ როდის, რა ვითარებაში იქნა ის გადაღებული, მან გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა",- განაცხადა სანიკიძემ.
სხდომათა დარბაზიდან 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი - რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.