ავტორი:

"თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანს, რუსეთმა კი ფეხზე დაიკიდა სომხეთი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ყარაბაღში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?

"თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანს, რუსეთმა კი ფეხზე დაიკიდა სომხეთი" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ყარაბაღში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?

გუშინ ღამით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთმა "სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, რუსეთს მიმართა და "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაცია მოითხოვა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. სომხეთის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე აფასებს და ამ კონფლიქტის პირობებში საქართველოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას:

- ეს კონფლიქტი საერთოდ არ იყო მოულოდნელი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, აზრბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ სწრაფად გააანალიზა უკრაინის ფრონტზე შექმნილი ვითარება და მათ აქვთ წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვს გაუჭირდება რაიმე ფორმით აქტიური როლის თამაში აზერბაიჯანის შესაკავებლად. ეს იყო მომენტი, რომლითაც ისარგებლა აზერბაიჯანმა და დაიწყო ის აგრესიული მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, რომელსაც გუშინდელს აქეთ ვუყურებთ. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ეს შეტაკება კიდევ უფრო გაიშლება, მოხდება მისი შემდგომი განვრცობა, თუმცა ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს იმაზე, რომ ყარაბაღის მეორე ომი არ დასრულებულა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ისტორიაში გადაიშალა ახალი ფურცელი და აზერბაიჯანი საბოლოოდ მიდის იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებისკენ, რასაც ჰქვია სახმელეთო კავშირის დამყარება თურქეთთან.

დღეს აზერბაიჯანს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი კოზირი:

1. მისი მზარდი როლი ევროპისა და ზოგადად, დასავლთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

2. რუსეთის უკიდურესი დასუსტება - ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვს, უბრალოდ, აღარ ჰყოფნის რესურსები უკრაინის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად და ყველა ძალა გადასროლილია სწორედ იქითკენ.

დღეს აზერბაიჯანი ცდილობს, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, მოახდინოს რეგიონში ძალის დემონსტრირება და, საბოლოო ჯამში, სომხეთს თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი.

უარესი სცენარის შემთხვევაში კი ის შეეცდება პირდაპირ დაამყაროს კონტროლი სომხეთის სამხრეთ ნაწილზე, რითიც ის შეძლებს ამ ე.წ. სუნიტის (ზანგეზურის) კორიდორის დაპყრობით, პირდაპირი სახმელეთო ხიდი შექმნას თურქეთის რესპუბლიკასთან. ძირითადი დარტყმის ობიექტი ალბათ სუნიტის მიმართულება იქნება და ამ შემთხვევაში სომხეთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო გაეკეთებინა, თუმცა ალბათ სომხეთშიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ეს ნაბიჯები ზოგადად, სომხეთისთვის რაიმე პოზიტიური შედეგის მომტანი არ იქნება. ამ ეტაპზე რუსეთს, რაც მისთვის შეუძლია გააკეთოს, მაქსიმუმ ისაა, რომ დარჩენილი ნაწილები გადაისროლოს და ჩააყენოს შუაში იმ იმედით, რომ რუსს არ ესვრიან. მაგრამ რომ ესროლონ, აი, იქ უკვე რას გააკეთებს, რთული სათქმელია.

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა

რუსეთს არ აქვს დღეს იმის რესურსი, რომ კავკასიის ფრონტზე ვითარება დაალაგოს. რუსეთის გაუაზრებელმა და გაუთვლელმა ნაბიჯმა უკრაინაში (უკრაინაში შეჭრა და უკრაინის დაპყრობა-განადგურების მცდელობა), საბოლოო ჯამში წარმოშვა უსაფრთხოების ვაკუუმი იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს ე.წ. სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონია ჰქონდა დამყარებული. სომხეთ-აზერბაიჯანის ზონა იყო სწორედ ასეთი რეგიონი. ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ყარაბაღში გამარჯვებამ სომხეთი გადააქცია თავისსავე გამარჯვების მძევლად, მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, რამაც შექმნა ის გეოპოლიტიკური კლიმატი, რამაც ბუნებრივად შეუწყო ხელი აზერბაიჯანისა და თურქეთის უკიდურეს დაახლოებას. დღეს რასაც ვხედავთ, ამ ყველაფრის შედეგია, სამწუხაროდ. სომხეთი არის ძალზე მძიმე მდგომარეობაში, მას საკუთარი ძალებით ნამდვილად გაუჭირდება აზერბაიჯანის მოგერიება, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს. მას ვერც მოკავშირე დაეხმარება.

- ამ დროს ჩვენთან რა ხდება? რა გავლენას იქონიებს ეს კონფლიქტი საქართველოზე და როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი ხელისუფლება?

- ჩვენ ვართ ერთადერთი ფანჯარა ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სომხეთის დეიზოლაციის პროცესს და დავეხმაროთ სომხეთს ვითარების სტაბილიზაციაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ამ ერთადერთ ფანჯარას, ანუ ჩვენ, დასავლეთთან ურთიერთობა საკმაოდ გაფუჭებული გვაქვს. დასავლეთთან აბსოლუტურად გაუაზრებელი პოლიტიკა ვაწარმოეთ მაშინ, როდესაც ჩვენი როლი სომხეთთან მიმართებაში არის ხიდი სომხეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი სომხეთის დეიზოლაციას იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ეს ბევრისთვის არაპოპულარულად ჟღერდეს, მაგრამ სომხეთი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და აზერბაიჯანთან პარტნიორობის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული სომხეთთან გრძელვადიანი, სტაბილური, მშვიდობიანი, პროგრესზე, განვითარებაზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის მშენებლობით. მართალია, აზერბაიჯანთან გვაქვს პარტნიორობა, მაგრამ ამ ეტაპზე რეგიონული ძალთა ბალანსი რომ წარმოვიდგინოთ, რუსეთი არის უკიდურესად დასუსტებული, ამავდროულად, ჩვენთვის ის ეგზისტენციალური საფრთხეა, რაც ჩვენთვის იმ ნაციონალურ ინტერესს წარმოშობს, რომ:

1. რუსეთს ჰყავდეს ნაკლები მოკავშირე რეგიონში და შემოვიდეს მეტი დასავლეთი.

2. ჩვენ კი გვყავს პარტნიორები თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით, მაგრამ თურქულ-აზერბაიჯანული ღერძი იქნება ყოველთვის უფრო მეტად ძლიერი და სუბიექტური, ვიდრე თურქულ-ქართული ან ქართულ-აზერბაიჯანული ღერძი. იმისთვის, რომ რეგიონში გვქონდეს ბალანსი, ჩვენ გვჭირდება შეუქცევადი დემოკრატიზაცია საქართველოში, და სომხეთში, დასავლური ინტეგრაცია საქართველოში და სომხეთში.

ამ ფონზე შესაძლებელი გახდება რაღაც წონასწორობის დაცვა და იმ ძალების საბოლოოდ შეკავება, რომელთაც, რეგიონში ჰეგემონია სურთ. დღეს ჩვენ ვერ ვიყენებთ რეგიონულ პოტენციალს ვიყოთ მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი ძალა რეგიონში, იმიტომ, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, სომხეთი, პრაქტიკულად, არის იმიტირებული საგარეო პოლიტიკის პირობებში, აზერბაიჯანი კი არის თურქეთის მხარეს. ეს პრობლემა არის ისტორიულად, პირველი რესპუბლიკებიდან მოყოლებული, ამიტომაც ჩამოიშალა სამივეს სახელმწიფოებრიობა. დღესაც გვაქვს ეს მოცემულობა და ეს არის ყველაზე მძიმე სურათი. ჩვენს მოცემულობაში დღეს საქართველო უნდა იაზრებდეს იმას, რომ:

1. ჩვენ არ მხარე უნდა ვიყოთ, მაგრამ გვჭირდება მშვიდობა რეგიონში, რისკენაც უნდა მივმართოთ მთელი დიპლომატიური ძალისხმევა.

2. გვჭირდება დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორება მაქსიმალურად მოკლე ვადაში;

3. გვჭირდება დასავლეთსა და სომხეთს შორის ერთგვარი ხიდის როლის მორგება, ეს უნდა იყოს ჩვენი დიპლომატიური როლი;

4. სომხეთთან გვჭირდება ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალთა ბალანსი ალბათ საქართველოს საზიანოდ შეიცვლება. კი, პარტნიორობა პარტნიორობად, მაგრამ პარტნიორობა არის სიმეტრიულიც და ასიმეტრიულიც. ჩვენ აღმოვჩნდებით ასიმეტრიულ როლში აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში. ანუ გვექნება არა დამოუკიდებელი დღის წესრიგის შეთავაზების საშუალება, არამედ ვიქნებით მათ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის მიმღები სახელმწიფო, რაც არ გავწყობს.

- რა როლს თამაშობს და ითამაშებს თურქეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რას იტყვით მის ინტერესებზე?

- თურქეთი ამ კონფლიქტში უკვე თამაშობს დიდ როლს.

1. აზერბაიჯანი არის თურქეთის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საყრდენი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

2. თურქეთი ასევეა დაინტერესებული პირდაპირი სახმელეთო გზით აზერბაიჯანთან, მის რეგიონულ მთავარ მოკავშირესთან.

3. საბოლოო ჯამში, თურქეთი მთლიანობაში ახდენს ამ გზით რუსეთის განდევნას რეგიონის უმნიშვნელოვანესი ნაწილიდან. რომ არა თურქეთთან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ძალიან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, ეს კონფლიქტი არც დაიწყებოდა.

იგივე ყარაბაღის მეორე ომი რომ გავიხსენოთ, აზერბაიჯანულ სამხედრო სარდლობას თურქი გენერლები ეხმარებოდნენ ოპერაციის დაგეგმვაში. ანუ ეს არის ძალიან ხელშესახები დახმარება, არა - უბრალო მხარდაჭერა, არამედ შედეგი ათწლეულების განმავლობაში განვითარებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისა. ეს კონფლიქტი თანაბრად აწყობს როგორც თურქეთს, ისე აზერბაიჯანს, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის აზრბაიჯანული სახელმწიფოს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ მხარემ დაიწყო ეს მოქმედება და არა - თურქულმა მხარემ. თურქეთი არ ტოვებს თავის მოკავშირეს, რუსეთმა კი დატოვა სომხეთი, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. რუსეთმა, ბოდიში გამოთქმისთვის და, ფეხებზე დაიკიდა მოკავშირე. ეს კარგი და მნიშვნელოვანი სიგნალია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვს უსაფრთხოების გარანტად ხედავენ, ეს არის მოსკოვთან კავშირის ფასი. მოსკოვმა ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის სრული იგნორირება მოახდინა და არც კი შეეცადა ვითარების სტაბილიზაციას იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა, აზერბაიჯანისგან მიიღებდა გარკვეულ პრეფერენციებს და თვითონ გახდებოდა აზერბაიჯანში გავლენის გარანტორი. მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია კიდეც, როდესაც რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ ყარაბაღში, მაგრამ უკრაინაში ძალების გადასროლამ გამოიწვია ის, რომ აზერბაიჯანმა სამშვიდობოებს ცხვირწინ ჩამოართვა ყარაბაღიდან სომხეთში გადასასვლელი და რუსები თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

- რას მოიმოქმედებს რუსეთი, რომელსაც ფაშინიანმა დახმარება სთხოვა?

- რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანის დაშოშმინებას, მას არ აქვს იმის შანსები, რისიც თებერვლამდე ჰქონდა - ეთქვა და გაეჩერებინა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი ამას აღარც გააკეთებს, მაგრამ რუსეთი შეეცდება რამენაირად სახე შეინარჩუნოს რეგიონში და აზერბაიჯანული მხარე დააშოშმინოს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რუსეთმა ამ შემთხვევაში ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და საერთოდ არაფერიც არ გააკეთოს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთის საინტეგრაციო პროექტი, მათ შორის "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არის ზუსტად იმავე ღირებულების, რაც ის ქაღალდი, რომელზეც ამ სახელმწიფოებს ხელი აქვთ მოწერილი.