ავტორი:

"ზვავისგან ჩამოტანილი დიდი ქვები ვნახე, წავედი შინ, გამოვიტანე ჩაქუჩი და დავიწყე მასხარაობა" - როგორ შეიქმნა ქვაში ნაკვეთი ქანდაკებების მუზეუმი ყაზბეგში და რას ედავებიან მოქანდაკეს?

"ზვავისგან ჩამოტანილი დიდი ქვები ვნახე, წავედი შინ, გამოვიტანე ჩაქუჩი და დავიწყე მასხარაობა" - როგორ შეიქმნა ქვაში ნაკვეთი ქანდაკებების მუზეუმი ყაზბეგში და რას ედავებიან მოქანდაკეს?

მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს მის სამფლობელოში - ღია ცის ქვეშ მუზეუმში შევხვდი. სტეფანწმინდის ულამაზეს სოფელ სნოს შესასვლელში პირველები ქვაში გაცოცხლებული და ველად მიმობნეული ბუმბერაზი მასპინძლები გეგებებიან. რუსთაველის, ვაჟას, ილიას, აკაკის, ყაზბეგის, თევდორე ბერის, ფარნავაზის, ღვთისმშობლის, მაცხოვრისა და სხვათა ქანდაკებების მნახველი საოცარ სამყაროში ხვდები, მოღაღადე ქვები სათითაოდ გახსენებენ, საიდან მოვდივართ, ვისი გორისანი ვართ და რა გვმართებს მომავალში.

დიდოსტატმა ახლახან მორიგი შედევრი შექმნა - კვარცის ქვისგან მაცხოვრის საოცარი პორტრეტი გამოაქანდაკა. "მორიგი ხეტიალისას“ გადააწყდა და დარიალის ხეობიდან წამოიღო უზარმაზარი ქვის ლოდი, რომელიც მყინვარიდან მდინარეს ჩამოუტანია დაბლა, თერგის ნაპირზე..

,

500 ქანდაკება მაინც მაქვს კიდევ გასაკეთებელი, იმდენი სასიქადულო ქართველი გვყავს... დიდხანს ვეძიე და ჩემი გზა და საკუთარი თავი ვიპოვეო, - ამბობს არაერთი პრემიის ლაურეატი, ხელოვანი მერაბ ფირანიშვილი და სხვა პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ წამოიჭრა.

  • "ჩემში მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა აღმოაჩინა"

"1950 წელს დავიბადე, მე-8 კლასამდე სნოს სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ვლადიკავკაზში გადავედი და იქ დავამთავრე სკოლა. მერე მივედი სამხატვრო აკადემიაში, სადაც იყო მოსამზადებელი კურსები და იქ ჩავირიცხე, ამის შემდეგ იყო სტუდია და ბოლოს ჩავაბარე აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე. თბილისში როცა ჩამოვედი, მხატვრების უბანში მოვხვდი (ანაგის ქუჩაზე, ახლა - შარტავა), სადაც გავიცანი მერაბ ბერძენიშვილი. მან მირჩია, ქანდაკება ამერჩია. მერაბს ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე, დავალება მომცა - აღორძინების ხანის მხატვრების ნამუშევართა ასლები უნდა გამეკეთებინა, კონკრეტულად, ლეონარდო და ვინჩის ნახატების ასლები. მოვინდომე და დავალება უნაკლოდ შევასრულე, ზუსტად გადმოტანა შემეძლო. მან ჩემში უფრო მოქანდაკე აღმოაჩინა - ზოგადად, ფერმწერი სხვანაირად ხატავს და მოქანდაკე - სხვანაირად, მე ქანდაკისებური ნახატები გამომდიოდა და ამიტომ მითხრა, შენ მოქანდაკე უნდა იყოო.

აკადემიაში კარგად ვსწავლობდი და როცა დავამთავრე, რამდენიმე წელი მივდი-მოვდიოდი, ხან თბილისში ვიყავი, ხან - ყაზბეგში, სიახლეს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ძალიან ძნელია, ვიღაცის გავლენის ქვეშ არ მოექცე და საკუთარი სტილი შეიმუშაო. ვინც ვიღაცას ბაძავს, ჩემის გაგებით, იმას არაფერი ფასი არ აქვს. ჩემი გზა უნდა მეპოვა, კაი ხანს ვეძიე და უცებ მოვარდა - ერთ დღესაც, ამ ადგილას ვიყავი, სადაც ახლა ჩემი ქანდაკებებია დაბინავებული, ზვავისგან ჩამოტანილი იყო დიდი ქვები, წავედი სახლში, გამოვიტანე ჩაქუჩი და დავიწყე მასხარაობა. მერე უკვე წამოვიდა აზრი და "ვეფხვი და მოყმე“ გავაკეთე. ზემოთ, წყალი რომ ჩამოდის, იქ იყო მდინარის ჩამოტანილი ქვები, ორი ქვა ერთმანეთზე შევდგი, შევხედე, ვეფხვსა და მოყმეს მივამსგავსე და ნაჯახით გავაკეთე ქანდაკება. ეს იყო 1988 წელს... ვფიქრობდი, ერთ ქანდაკებაზე ხომ არ გავჩერდებოდი და ამის მერე რა უნდა გამეკეთებინა? მერე წამოვიდა ახალი იდეა - ქვებისგან გამოჩენილი ადამიანები გამომეთალა. ახლა უკვე აღარ მაქვს საფიქრალი და თავის სამტვრევი, რა უნდა გავაკეთო, ეს პრობლემა მოიხსნა. იმდენი გამოჩენილი ადამიანი გვყავს, 500 ქანდაკება მაინც უნდა გავაკეთო კიდევ. დღეს მაქვს როგორც დიდი, ისე პატარა ნამუშევრები. დიდები 20-მდეა, პატარები - უამრავი, არც დამითვლია. ზოგი გამოფენაზე მქონდა გატანილი და მთავრობამ შეისყიდა, ზოგი შინ მაქვს, ზოგი გაიყიდა. ახლა ქანდაკებებს აღარ ვყიდი.

თუ ნახეთ, ეკლესიის გვერდზე პატრიარქის წინაპრის - შიოლა ღუდუშაურის ქანდაკება დგას, 22 წლის წინ კონკურსი გამოცხადდა და ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.

  • კვარცის ქვით გამოქანდაკებული მაცხოვარი

ქვები დარიალის ხეობიდან მომაქვს. იქ არის სხვადასხვანაირი ქვები, ძირითადად - გრანიტი. ქანდაკებებს, ძირითადად, გრანიტით ვაკეთებ და მას ცეცხლის აპარატით ვამუშავებ. მაგალითად, რუსთაველი უკრაინული წითელი გრანიტით გავაკეთე - აქ ჩამოიტანეს, ქვის სამხერხაოში, ვერ დახერხეს და მერე მე შევიძინე. დანარჩენები დარიალიდან წამოვიღე, ზოგიერთი ქვა 20 ტონამდე იწონის... ცეცხლის აპარატით ვმუშაობ, ხან "ბალგარკით“. ახლა ფარნავაზ მეფის ქანდაკება გავაკეთე ადეზიტის ქვით, ხელით და ბალგარკით. ამ ზაფხულს ვახტანგ გორგასლისთვის მოვიტანე ქვა, ვერც ის აიღო ცეცხლმა და ისიც ხელით გავაკეთე, "ბალგარკით“ ვჭრი, მერე ჩაქუჩით ვამტვრევ, ბოლოს - დისკით ვასწორებ...

ახლახან კვარცის ქვით მაცხოვარი გამოვაქანდაკე. კვარცის ქვას სჩვევია - ბზარები უჩნდება და დროთა განმავლობაში იშლება. მთელი საქართველოს მთები, ჭალები და ხეობები მაქვს შემოვლილი და ასეთი დიდი ზომის კვარცის ქვა არსად მინახავს. ბავშვობაშიც მიყვარდა წანწალი, ყოველთვის სადღაც დავდიოდი... კვარცის ქვა დარიალის ხეობის დასაწყისში, თერგის პირას ვნახე, მყინვარიდან მდინარეს ჩამოეტანა. 5 მილიარდ ნახევარი წელიწადია, რაც დედამიწა არსებობს, მაშინ წარმოიქმნა ეს კვარცი, მიკვირს და ჩემთვის ვფიქრობ, ამდენ ხანს თუ არ დაიშალა, ახლა რაღა დაშლის-მეთქი, ავდექ და წამოვიღე, თან კვარცის ქანდაკება ჯერ არავის გაუკეთებია (ადვილად იმსხვრევა), მე კი ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სხვას არ გაუკეთებია. ცეცხლის აპარატით დავამუშავე და უცებ გავაკეთე. მერე ქანდაკებაზე ჟანგი წამოვიდა და სისხლივით დააჩნდა - კვარცის შიგნით არის რკინის წვრილი ნამცეცები, რომლებიც არ ჩანს. როცა მუშაობა დავამთავრე და წვიმა წამოვიდა, ის პატარა ნამცეცები დაჟანგდა და მაცხოვრის სახეზე ჩამოიღვენთა, სისხლისფერი მიიღო. ასე გააკეთა ბუნებამ...

  • ხევში გახარებული "ოიშე“

1996 წელს წლის საუკეთესო მხატვრის წოდება მომანიჭეს, მაქვს სერაფიტას პრიზი, ვარ ალექსანდრე ყაზბეგისა და ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატი, "იმედისა“ და პირველი არხის გმირი. ბუნების ქომაგის წოდებაც მაქვს, ოქროს მედალი მომცეს - ხევში, ჩემს სოფელში ვაზი გავახარე. ერთმა მევენახემ თბილისიდან სნოში გაველურებული ვაზის ჯიში ჩამომიტანა, მითხრა, ყინვაგამძლეაო. ხევში ვენახი არაა და ვაზი პირველმა მე გავახარე, გავამრავლე და მერე სხვებმაც გაახარეს, ბევრიც დაუდევრად მოიქცა და გაუფუჭდა. ამ ჯიშისთვის მინდოდა იმ მევენახე კაცის - ალექსანდრეს სახელი დამერქმია. ისე, ვინც ნახულობდა, "ოიშე“-ს (გაკვირვება, მოხეურად) ამბობდა და დღეს ყურძენს ასე შეერქვა.

  • დავა გრძელდება

34 წელია, რაც ამ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მუზეუმში ვმუშაობ. 5 წლის წინ გაიგეს, რომ ვაპირებდი ამ მიწის დამტკიცებას და ხელი შემიშალეს - მე რომ არ დამემტკიცებინა, მუნიციპალიტეტმა ეს მიწის ნაკვეთი მთავრობას გადასცა, სახელმწიფოზე გააფორმეს. მომივიდა პასუხი, მანდ სკვერი გაკეთდა და სახელმწიფო ქონების დამტკიცების უფლება არ გაქვსო. ახლა ადვოკატი მყავს აყვანილი, რომელიც წარადგენს დოკუმენტებს, რომ ამ ადგილას არავითარი სკვერი არაა, რომ ათეული წლებია აქ ვმუშაობ და აქ ცხოვრობენ ჩემი ნამუშევრები. ესაა ამათი დახმარება და აღიარება, ასე დამაფასეს... მალე განახლდება სასამართლოში პროცესი. როგორც ჩანს, ვიღაცამ დაადგა თვალი ამ მიწას და ამიტომ მართმევენ...

იხილეთ ასევე: